ამერიკული ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა
ვებსტერის უნივერსიტეტის ქართული ფილიალი სტუდენტების პირველ ნაკადს 2022 სასწავლო წელს მიიღებს. უნივერსიტეტი განახორციელებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებს. შედეგად კი სტუდენტები ამერიკულ განათლებასა და ამერიკულ დიპლომს ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღებენ. ვებსტერის ქართული ფილიალი ღიაა უცხოეული სტუდენტებისთვისაც.
ვებსტერის უნივერსიტეტის პარტნიორის მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, 2 წლის განმავლობაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ამერიკულ მხარესთან ერთად და შედეგად დღეს ვებსტერის ქართული ფილიალი უკვე ოფიციალურად ავტორიზებულია და სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზადაა.
„ინფრასტრუქტურის მომზადების პარალელურად, ვმუშაობდით საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევასა და შემუშავებაზე. პროგრამები თავად ამერიკული უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის ფაქტი, რომ ეს არ არის ვებსტერის გარკვეული პროგრამები, რომლებიც სხვა უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება. ეს თავად ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალია, ისეთივე, როგორიც ევროპის არაერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს. შერჩეულმა პროგრამებმა ავტორიზაციაც გაიარა, რაც ნიშნავს, რომ ის ქართული კანონმდებლობის შესაბამისად იწყებს ფუნქციონირებას,“ - აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.
პროგრამები, რომლის განხორციელებას ფილიალი საქართველოში გეგმავს შემდეგია: საბაკალავრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტი, მასკომუნიკაციები. სამაგისტრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება. მომდევნო წლიდან კი აღნიშნულ ჩამონათვალს მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაც დაემატება. აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.
ვებსტერი ერთსაუკუნოვანი უნივერსიტეტია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებულია. ის ფუნქციონირებს როგორც ამერიკაში, ისე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ფილიალები არსებობს ჰოლნდიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, საბერძნეთში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, ტაილანდსა და სხვა 50-მდე ქვეყანაში.
ვებსტერის უნივერსიტეტი 1915 წელს დაარსდა. დამფუძნებლების მიზანი იყო, რომ უმაღლესი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და უნივერსიტეტმა ამ მიზანს მართლაც მიაღწია. მან მალევე მოიპოვა მოწინავე პოზიცია ამერიკის განათლების სფეროში. ეს არის უნივერსიტეტი, რომლის პოპულარობაც მალევე გასცდა საზღვრებს და დღეს ის 148 ეროვნების წარმომადგენელ სტუდენტებს აერთიანებს. ვებსტერი სხვა უნივერსიტეტებისგან პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებითა და სტუდენტებზე მორგებული გარემოთი გამოირჩევა.
უნივერსიტეტის რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს სასაწავლო პროგრამებს. მათ შორისაა: ხელოვნება და მეცნიერება, სახვითი ხელოვნება, ბიზნესი და ტექნოლოგიები.
კურსდამთავრებულების საშუალო ანაზღაურება 45 300 აშშ დოლარია.
ვებსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას და ხარისხს სხვადასხვა სარეიტინგო სისტემებში მისი ლიდერობა ასახავს: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times და სხვა.
ვებსტერის ქართულ ფილიალში სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდები საფუძველზე ჩაირიცხებიან. ჩარიცხულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ერთი ან რამდენიმე სემესტრი ვებსტერის უნივერსიტეტის მათთვის სასურველ კამპუსში გაატარონ, მსოფლიოს 50-მდე ლოკაციაზე და ყველა იმ სერვისით ისარგებლონ, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს. სწავლის ღირებულება ქართულ ფილიალში მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე ამერიკასა და ევროპაში. პარალელურად, სტუდენტებს ამერიკის მხრიდან 1000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მიღება შეეძლებათ.
თებერვლიდან, ვებსტერი საქართველოში საინფორმაციო შეხვედრებსა და ღია კარის დღეების ორგანიზებას იწყებს. დაინტერესებულ კანდიდატთა წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე