„არჩევანი გავაკეთე სიკვდილსა და ოპერაციას შორის...ჩემთვის ეს ბოლო შანსია“ - მსოფლიოში პირველად, ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს - კვირის პალიტრა

„არჩევანი გავაკეთე სიკვდილსა და ოპერაციას შორის...ჩემთვის ეს ბოლო შანსია“ - მსოფლიოში პირველად, ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს

ამერიკელმა ქირურგებმა მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტული ოპერაცია ჩაატარეს - 8 იანვარს პაციენტს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. ექიმების მტკიცებით, ეს დევიდ ბენეტის გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო.

ამერიკელი ქირურგების თქმით, პაციენტი ამ დროისთვის კარგადაა, ოპერაცია 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„არჩევანი გავაკეთე სიკვდილსა და ამ ოპერაციას შორის. მესმის, რომ ამის შემდეგ ჩემი ბედი სრულიად გაურკვეველია, თუმცა ჩემთვის ეს ბოლო შანსია“, - განაცხადა 57 წლის პაციენტმა ოპერაციის დაწყებამდე.

როგორც ცნობილია, მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქირურგებმა ოპერაციის ჩასატარებლად ხელისუფლებისგან სპეციალური თანხმობა მიიღეს. მათ მთავრობის წევრებს აუხსნეს, რომ ამ ოპერაციის გარეშე პაციენტი მოკვდებოდა.

ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, თუმცა როგორ ჩაივლის ოპერაციის შემდეგი პერიოდი, ჯერ კიდევ უცნობია, ამიტომ პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

12012022-1509-1641985846.37_REC.png

უამრავი გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ დევიდ ბენეტისთვის ადამიანის გულის გადანერგვა შეუძლებელი იყო - ასეთ გადაწყვეტილებას კი ისინი განსაკუთრებულად რთული შემთხვევების დროს იღებენ. ექიმებმა, ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული გულის გადანერგვის გადაწყვეტილებამდე უამრავი ექსპერიმენტი და კვლევა ჩაატარეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს ოპერაცია კარგ შედეგს გამოიღებს და მომავალში უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენენ.

ვებგვერდ OrganDonor.gov-ის ცნობით, მხოლოდ აშშ-ში დონორის ორგანოს გადანერგვას ამ დროისთვის 100 ათასი ადამიანი ელოდება, ხოლო აქედან ყოველდღე ოპერაციის ჩაუტარებლობის გამო 17-მდე ადამიანი იღუპება.

გენეტიკური მოდიფიკაცია

მეცნიერები უკვე დიდი ხანია, განიხილავენ ადამიანებში ცხოველების ორგანოს გადანერგვას ანუ ქსენოტრანსპლანტაციას, რომელიც ტრანსპლანტაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა. ზოგიერთ ქვეყანაში კი უკვე შეძლეს ადამიანისთვის ღორის გულის მცირე ნაწილების, უფრო კონკრეტულად კი - გულის სარქველის გადანერგვა.

როგორც ცნობილია, 2021 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკში ქირურგებმა განაცხადეს, რომ ურთულესი ოპერაციისას ადამიანს ღორის თირკმელი გადაუნერგეს. იმ პერიოდისთვის ეს ისტორიაში ყველაზე რთული ოპერაცია იყო. ოპერაციის შემდეგ პაციენტს თავის ტვინის სიკვდილი აღენიშნა.

57 წლის ბენეტს იმედი აქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება. ოპერაციამდე 6 კვირის განმავლობაში ის გულის მომაკვდინებელი დაავადების გამო ლოგინს იყო მიჯაჭვული. მას სიცოცხლეს მხოლოდ სამედიცინო აპარატურის წყალობით უნარჩუნებდნენ.

"როცა გონს მოვალ, ძალიან მინდა, ლოგინიდან წამოვდგე“, - თქვა ბენეტმა გასულ კვირას.

სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, გული, რომელიც ოპერაციისას გამოიყენეს გენეტიკურად მოდიფიცირებული იყო. მეცნიერები იძულებული იყვნენ, ორგანოდან გენები მოეშორებიათ, რომლის გამოც შესაძლოა ორგანიზმს ახალი გული არ მიეღო. (წყარო)