"ნეტავ, საერთოდ არ გამეცნო... განადგურებული ვარ, უცებ ასეთი უბედურება დატრიალდა" - კვირის პალიტრა

"ნეტავ, საერთოდ არ გამეცნო... განადგურებული ვარ, უცებ ასეთი უბედურება დატრიალდა"

კორონავირუსით ორი ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა.

ახალშობილები გადარჩნენ, თუმცა, დედები ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.

სამწუხაროდ, ყოველდღე იზრდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი. არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ ვერაგ დაავადებას, 14 100-ს გადააჭარბა უკვე გარდაცვლილთა რაოდენობამ, ამ სტატისტიკის უკან, უამრავი მგლოვიარე ოჯახი დგას. ასეთ დროს ძნელია რამე სანუგეშო უთხრა მათი ოჯახის წევრებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს.

ოფიციალური ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან, ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამურმა რაოდენობამ თითქმის 8 000-ს მიაღწია. 2020 წელს მხოლოდ 1 ინფიცირებული ორსული იყო გარდაცვლილი, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა - 16 ორსული გარდაიცვალა, მათგან, დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

ეს ახალი წელიც მძიმე სტატისტიკით დაიწყო. ამ დღეებში ორი ორსული ქალი გარდაცვალა. ორივე ბათუმელია. ისინი რამდენიმე დღე ებრძოდნენ ამ ვერაგ დაავადებას. ექიმებმა მართალია ორივე ახალშობილი გადაარჩინეს, მაგრამ დედების გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათი შვილები სამწუხარაოდ დედების გარეშე გაიზრდებიან...

10 იანვარს, თბილისიდან ბათუმში გადაასვენეს 35 წლის გიული ბაჟუნაიშვილის ცხედარი. ის 23 დეკემბრიდან ებრძოდა კოვიდს. ჯერ ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდა, 29 დეკემბერს კი რეანიმობილით თბილისში იმ იმედით გადაიყვანეს, რომ გაადარჩენდნენ, მაგრამ უშედეგოდ...

"გიული ორი შვილის დედა იყო, სიხარულით ელოდა მესამეს დაბადებას. მეორე ბავშვზე საკეისრო კვეთა გაიკეთა, ამიტომ მესამეც ამ გზით უნდა გაეჩინა. პალატაში რომ შემოიყვანეს, საშინლად ახველებდა, სხვა ისეთი არაფერი ეტყობოდა. არც მაღალი სიცხეები ჰქონია, თვითონაც შემართებით იყო. "კატე კვლევა" რომ ჩაუტარეს ფილტვების დაზიანება აღმოჩნდა და სამშობიაროს ექიმებმა თბილისში გადაყვანა ურჩიეს. თვითონ თავს ცუდად ნამდვილად არ გრძნობდა, სიკვდილზე ფიქრი ხომ წარმოუდგენელია. ძალიან მხნედ იყო, თვითონ ჩაილაგა ჩანთაში თავისი ნივთები და თავისი ფეხით, დახმარების გარეშე გავიდა პალატიდან, მერე რა მოხდა და ასე რატომ დამძიმდა მისი მდგომარეობა, არ ვიცი. კლინიკიდან გადაყვანის შემდეგაც ვწერდი მესიჯებს. მომწერა, კარგად ვარო, ბოლოს ასეთი მესიჯი მივიღე, კარგად ვარ, რომ ვწევარ, წოლისგან ცოტა წელი დამიბუჟდაო. ამის მერეც ვუგზავნიდი მესიჯებს, დავრეკე კიდეც მის ნომერზე, მაგრამ არ მიპასუხა. ახალი წელიც მივულოცე მესიჯით, არც ამაზე გაუცია პასუხი, თურმე რეანიმაციაში გადაუყვანიათ.

ძალიან მეტკინა გული მისი გარდაცვალების გამო. როგორი სიხარულით ელოდებოდა პატარას დაბადებას. გააჩინა კიდეც თავისი ანდრია, ალბათ როგორ ხარობდა შვილის დაბადებით. ისეთი კარგი ბუნების გოგო იყო, ნეტავ, საერთოდ არ გამეცნო. თვითონ დედისერთა იყო, ამიტომ ბევრ შვილზე ოცნებობდა. ადრე რუსეთში ცხოვრობდა, იქ ყოფნის დროს, ჯერ კიდევ მოზარდს დედა გარდაეცვალა. მერე სქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად, აქ დაოჯახდა, ზრდიდა შვილებს. ამბობდა, მე არ მყავს დედმამისშვილები და მინდა, ჩემს შვილებს ჰყავდეთო. მისი უფროსი ვაჟი 13 წლის არის, გოგონა - ორწლინახევრის და დარჩა ახალშობილი ანდრია, რომელთან მოსიყვარულებაც ვერ მოსწრო. წარმოუდგენელი მდგომარეობაა, შიშით გვიწევს ცხოვრება. როგორც ვიცი, აცრილი არ იყო", - გვითხრა ახალგაზრდა ქალმა, რომელთან ერთადაც მან ბათუმის კლინიკაში რამდენიმე დღე გაატარა.

ძალიან განიცდიან მომხდარს გარდაცვლილის ახლობლები და მასზე წარსულში საუბარი ყველას უჭირს.

მარი ბაჟუნაიშვილი:

- ძალიან მიმძიმს გიულიზე საუბარი. ახლა მოვედი სამძიმრიდან და განადგურებული ვარ. ყველანაირად დადებითი ადამიანი იყო, უზომოდ თბილი, ყურადღებიანი, როგორც ოჯახის, ისე სანათესაოს, საახლობლოს, სამეზობლოს მიმართ. გამორჩეული გოგო, ორ შვილს ზრდიდა და მესამეს დაბადებას ელოდებოდა. 35 წლის იყო. შვილებზე საოცრად მზრუნველი, მოსიყვარულე დედა. გაგვანადგურა მისმა გარდაცვალებამ. მოსკოვში გაიზარდა, იქ ცხოვრობდა, აქ ჩამოსვლის მერე დაოჯახდა და შესანიშნავი ოჯახი ჰქონდათ.

განადგურებულია მისი მეუღლე, როგორ ვანუგეშოთ. შვილის დაბადებას ელოდებოდნენ და უცებ ასეთი უბედურება დატრიალდა. მეცხრე თვეში იყო. დედის მდგომარეობა რომ დამძიმდა, ბავშვი საკეისრო კვეთით ამოიყვანეს... ყველანაირად კარგი რომ იყო, ამიტომ დაგვიგლიჯა ყველას ასე გულები. ვერ აღგიწერთ, ახლა რა ხდება ჩვენს სულში".

მეორე გარდაცვლილი, ბათუმში მცხოვრები 31 წლის ნანა ხელაძეა, 1 მარტს 32 წლის გახდებოდა. ნანას ბათუმში ხვალ დაკრძალავენ. ორი ქალიშვილის დედა იყო, მესამე გოგონას ელოდებოდა. კლინიკაში 23 დღე იწვა, ჯერ ბათუმში, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს. მესამე ქალიშვილი, ახალშობილი რამდენიმე დღის არის, მაგრამ დედა ექიმებმა ვერ გადაურჩინეს.

"ნანა საოცრად კარგი გოგო იყო, ყველაზე გადაყოლილი და მზრუნველი, მადლიანი ადამიანი. ყველას გვერდში ედგა, ყველა გაჭირვებულს პატივს სცემდა, ბედნიერი ოჯახი ჰქონდა. 6 წლის, 3 წლის და დღეების დარჩა მესამე შვილი. 23 დღე იბრძოდა თავისი სიცოცხლისთვის. ნეტა ამხელა სიყვარული არ დაეთესა, გული მეწვის, ისე მტკივა. რატომ მიგვატოვე ნანა, რატომ დატოვე შენი შვილები უდედოდ? ახლა უნდა დაეწყო ცხოვრება და უნდა გაეხარა თავის ლამაზ გოგონებთან, მეუღლესთან ერთად. სული მეწვის, ძვლები მტკივა, ვერ ვიჯერებ, რომ ნანა ჩვენ გვერდით არ არის და რომ არ იქნება, ამის გაფიქრებაც არ მინდა.

მართლა ცეცხლი მეკიდება, სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ მჯეროდა, რომ თავისი შვილების გამო იბრძოლებდა ბოლომდე, ღმერთს მის გამოჯანმრთელებას ვევედრებოდით, მაგრამ ახლა ამხელა ტკივილის წინაშე დავდექით...

რა დღეში ჩაგვაგდო ამ ვერაგმა დაავადებამ. დიდი და მოუშუშებელი ტკივილია. ხვალ გავაცილებთ უკანასკნელ გზაზე და დავემშვიდობებით",- გვითხრა ნანა ხელაძის მეგობარმა.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას.

(სპეციალურად საიტისთვის)