"ბიძინა ივანიშვილზე აუგს ვერ მათქმევინებენ, მაგრამ..."
„ბიძინა ივანიშვილზე აუგს ვერ მათქმევინებენ, მაგრამ...“
„ყველა სხვადასხვა გადმოსახედიდან ხედავს ამ ყველაფერს და ზოგიერთს მოსწონს კიდეც. არიან ისეთები, რომლებიც ამ ცხოვრებას აქებენ. იმიტომაც არის ეს ქაოსი და არეულობა. შეცდომები მოუვიდა მთავრობას - ახლანდელსაც, წინასაც და იმის წინასაც...“ - ამბობს საქართველოს დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე. როდესაც მას ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი ვითარების შესახებ საუბარი ვთხოვეთ, ხუმრობით გვითხრა, მთელი ცხოვრება ხელოვნებას ვემსახურე და ახლა ისეთს ნუ მათქმევინებთ, სიკვდილის მერე სადმე გადამაგდონო...
ჯემალ ღაღანიძე:
- ქვეყანაში უკიდურესად რთული სიტუაციაა და ჯერჯერობით ვერც ვხედავ რამე გამოსავალს. არ არსებობს ასე გაგრძელდეს, ყოვლად შეუძლებელია! ქვეყანა იმდენად მორყეულია, აღარ ვიცი, კიდევ რამეს თუ გაუძლებს... ახლა რა არეულობაცაა ქვეყანაში, ასეთი ჯერ არ ყოფილა. 1990-იანებში ხომ იყო ომი და გაჭირვება, მაგრამ მაშინაც კი არ იყო ამდენად რთული სიტუაცია. ახლა სულ უფრო ღიად გამომჟღავნდა ყველაფერი. ერთმანეთის მიმართ საშინელი ზიზღია, რაც ძალიან ცუდია.
- თქვენი აზრით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ცუდად მოექცენ?
- ასე ნომრებით არ ვიცი, ვინ რომელია, რომელია მესამე პრეზიდენტი?
- მიხეილ სააკაშვილი.
- არ ვიცი, რას ნიშნავს, ცუდად მოექცნენ თუ კარგად... მისი ბედი ჩემი გადასაწყვეტი არ არის. დავიბენი და ვეღარც გავიგე, ვინ მართალს ამბობს და ვინ - ტყუილს. ისეთი დრო და ქაოსი დადგა, აღარ ვიცი, რა დასკვნა გამოვიტანო... მიხეილ სააკაშვილი, რასაკვირველია, ბევრ რამეში დამნაშავეა და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, ცოტა მაინც უნდა შეეხოს კანონი. თავისუფლად დადიოდეს და ყველაფერში მართალი ვარო ამბობდეს, ასე არ არის!
- მისი მხარდამჭერები ამბობენ, როგორც ზვიად გამსახურდია გავწირეთ, იგივე შეცდომას ვუშვებთო...
- არა მგონია, ზვიად გამსახურდიას და მიხეილ სააკაშვილის შედარება შეიძლებოდეს. შეცდომები ზვიად გამსახურდიასაც ჰქონდა. დასაწყისი კარგი ჰქონდა, მაგრამ მერე აირია... დროც სულ სხვა იყო და ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ დროც დამნაშავეა, მიხვდით, რასაც ვგულისხმობ?
- ახლა დროა დამნაშავე, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება?
- რა თქმა უნდა, არ უნდა მომხდარიყო, რაც ახლა ქვეყანაში ხდება... თან ყველა სხვადასხვა გადმოსახედიდან ხედავს ამ ყველაფერს და ზოგიერთს მოსწონს კიდეც. არიან ისეთები, რომლებიც ამ ცხოვრებას აქებენ. იმიტომაც არის ეს ქაოსი და არეულობა. შეცდომები მოუვიდა მთავრობას - ახლანდელსაც, წინასაც და იმის წინასაც..
- ახლანდელი მთავრობის მთავარ შეცდომად რას მიიჩნევთ?
- ბიძინა ივანიშვილზე აუგს ვერ მათქმევინებენ... მან ხელოვანებს ნორმალური ცხოვრება შეგვიქმნა, კარგად ვიყავით, ქვეყანაში ამდენი რამ გააკეთა, მაგრამ შეცდომა ყველას აქვს და რასაკვირველია, ქვეყნის მართვის დროს მანაც დაუშვა შეცდომები... დღეს ხომ ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია! ერთიანად ხელის მოსმა და გასუფთავება თუ იყო საჭირო, ბოლომდე უნდა გაესუფთავებინათ, როცა დაიწყეს და არავისზე შეღავათი არ უნდა ყოფილიყო. ამას აპატიეს, იმას და... ვისაც აპატიეს, იმათმა წამოყვეს თავი ნელ-ნელა. ხომ ხედავთ, აგერ, ქვეყანას ორი მთავრობა გამოუვიდა და არ გამოდის ასე ყოფა. ქვეყანა კიდევ უფრო და უფრო უკან მიდის და ამაშია მთელი უბედურება. ახალგაზრდობა თუ ასე პესიმისტურად იქნება, ხელფეხშეკრული ვიქნებით სულ. ახლა მთავარია, ვიაზროვნოთ, თუ როგორ დამშვიდდეს ეს ქვეყანა! უკვე აღარ იცი კაცმა, საით გაიხედო, როგორ გაიხედო, ვის გადაეფარო, ვის არ გადაეფარო, დავიბენით! მოხუცი კი ვარ, მაგრამ ჩემი ხნის ადამიანისთვისაც ასე ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია!
(სპეციალურად საიტისთვის)