"ბიძინა ივანიშვილს უნდოდა დასჯა ხაზარაძის და მისი რეპუტაციის შელახვა და რაღაც დონეზე მიაღწია, რაღაც დონეზე ვერ მიაღწია" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს უნდოდა დასჯა ხაზარაძის და მისი რეპუტაციის შელახვა და რაღაც დონეზე მიაღწია, რაღაც დონეზე ვერ მიაღწია"

ხელისუფლებამ უკან კი არ დაიხია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ყველა, რომ გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება და დღეს უბრალოდ ხელისუფლებას, "ქართულ ოცნებას" არაფერში არ სჭირდებოდა ხაზარაძის და ჯაფარიძის დაჭერა და მიიღეს ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, კონიუნქტურული, ვითარებიდან გამომდინარე , - ასე ეხმაურება "მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის რეპუტაციის შელახვა სურდა და "რაღაც დონეზე მიაღწია“.

"ყველამ იცის ჩემი მამუკა ხაზარაძისადმი დამოკიდებულება, მაგრამ ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ეს იყო რაღაც თითიდან გამოწოვილი, ყურით მოთრეული ამბავი, ეს ბრალდება. ასეთ გადარიცხვებს ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებული ვარ, დღეში ათს აკეთებს და შეგვიძლია დავიბაროთ და ვატაროთ პროკურატურაში.

რა თქმა უნდა, მიზანი იყო აბსოლუტურად სხვა, მიზანი იყო დისკრედიტაცია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და რაღაც დონეზე ამას მიაღწიეს. კარგი იქნება თუ არც პროკურატურა გაასაჩივრებს და არც ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გაასაჩივრებენ და ეს თემა დაიხურება იმიტომ, რომ ისედაც ყველასთვის ნათელია, რა იყო. ბიძინა ივანიშვილს უნდოდა დასჯა ხაზარაძის და მისი რეპუტაციის შელახვა და რაღაც დონეზე მიაღწია, რაღაც დონეზე ვერ მიაღწია. ვამბობთ „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობთ სასამართლოსაც და პროკურატურასაც, ეს მოცემულობა გვაქვს”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ თუ პარლამენტში ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება დაუჭერს თუ არა მხარს, ალეკო ელისაშვილი პასუხობს, რომ „ჩვენ არც ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის დაგვიჭერია მხარი და არც ახლა, რა თქმა უნდა, არ დავუჭერთ მხარს“.

"ინტერპრესნიუსი"