სანამ სომხები ყაზახებს „აშოშმინებენ“, აზერბაიჯანელებმა ისინი უპილოტოებიდან ისევ ზუსტად დაბომბეს... - კვირის პალიტრა

სანამ სომხები ყაზახებს „აშოშმინებენ“, აზერბაიჯანელებმა ისინი უპილოტოებიდან ისევ ზუსტად დაბომბეს...

ოფიციალურად სწორედ სომხეთი გახდა მთავარი ინიციატორი ყაზახეთში „ო-დე-კა-ბეს“ ჯარების გადასროლისა, რადგან ახალი წლიდან სწორედ სომხეთის ჯერი დადგა ამ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების“ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა.

ოფიციალური ერევანი მანამდე, 2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღის ომის დროს, უშედეგოდ ცდილობდა „ო-დე-კა-ბეს“ ჯარების მიწვევას მთიან ყარაბაღში თუ არა, თავად სომხეთის ტერიტორიაზე მაინც, დახმარების აღმოსაჩენად, მაგრამ მაშინ კრემლის სრულიად მორჩილმა „ო-დე-კა-ბემ“ ეს არ გააკეთა და სომხები შეტევაზე გადასულ აზერბაიჯანელებს მარტო შეატოვა.

ეხლა, როდესაც თავად მოსკოვს სასწრაფოდ დასჭირდა ყაზახეთის საშინაო საქმეებში ჩარევა, ასიოდე სომეხი სამხედრო ბელარუს, ყირგიზ და ტაჯიკ „მშვიდობისმყოფელებთან“ ერთად რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადაისროლა ალმათში, რათა „ო-დე-კა-ბეს“ წევრების ერთიანობა და სიმრავლე ეჩვენებინა მსოფლიოსთვის.

2-1642051707.jpg
სომეხი „მშვიდობისმყოფელები“ ალმათში მასმედიის წინაშე „პოზირებენ“

მაგრამ სანამ სომეხი სამხედროები ალმათში იარაღით ხელში „პოზიორებენ“ რუსი ჟურნალისტების ფოტოვიდეო ობიექტივების წინ, მათ სამშობლოში კვლავ განმეორდა ყარაბაღის ბოლო ომის „წყევლა“ - აზერბაიჯანულმა უპილოტო „ბაირაკტარმა“ უზუსტესი საჰაერო დარტყმებით ორი სომხური სათვალთვალო პუნქტი გაანადგურა სომხეთ-აზერბაიჯანის ახლადაღდგენილ საზღვარზე, ქელბაჯარის რაიონში.

მანამდე ამ საჰაერო დარტყმას საცეცხლე დუელი უძღოდა წინ, რომლის დროსაც სომხების ცეცხლს ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა და ბაქომ შურისძიება დაიქადნა.

აზერბაიჯანელების საპასუხო დარტყმამ არ დაიგვიანა და ის ბევრად უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა სომხური მხარისთვის - „ბაირაკტარის“ მოულოდნელ ღამისეულ შეტევას არანაკლებ სამი სომეხი სამხედრო ემსხვერპლა (რაც უკვე აღიარა თავად სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ), არანაკლებ რვა კი - დაიჭრა. აზერბაიჯანის მხარე აფეთქებულ სომხურ საბრძოლო ტექნიკაზეც ლაპარაკობს...

ახალი წლის წინ თითქოს სომხურ-აზერბაიჯანულმა დაპირისპირებამ მოიკლო, როდესაც მხარეები „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის პერსპექტივაზე შეთანხმდნენ, რისთვისაც მოსკოვი ერევანზე განსაკუთრებულ პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს.

მაგრამ გავიდა რამდენიმე დღე და მორიგი სისხლიანი სასაზღვრო კონფლიქტი მოხდა სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის.

ეხლა სომხების მიერ შურისძიების დრო დგება და ოფიციალური ერევანი თუ ასეთ რთულ ნაბიჯს გადადგამს, თუნდაც საკუთარი მოსახლეობის გულის მოსაფხანად, ამ ჩვენ ორ მეზობელ ქვეყანას შორის სასაზღვრო ბრძოლების დაწყება გარდაუვალი გახდება, მაგრამ ეს იქნებ შედიოდეს კიდეც სომხეთის ინტერესში, რომ როგორმე „ო-დე-კა-ბე“ შეიტყუოს თავის ტერიტორიაზე იმ მოტივით, რომ მისი წევრი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას მეზობელი აზერბაიჯანი ემუქრება და ამასთან, თავად სომხეთმა გააგზავნა სამხედროები, როდესაც თანაწევრი ყაზახეთის „დახმარების“ აუცილებლობა დადგა...