როგორია „პუტინის ხელისუფლების მსოფლიო ატლასი“
გერმანულმა გაზეთმა „ბილდმა“ (Bild) გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით - „პუტინის ხელისუფლების მსოფლიო ატლასი“, რომელშიც რუსეთის საგარეო-პოლიტიკური გავლენები და აგრესიული მოქმედებებია განხილული.
ჟენევასა და ბრიუსელში რუსეთ-აშშ-ნატოს მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინის მომავალზე და აღმოსავლეთ ევროპაში დასავლეთისა და რუსეთის გავლენებზე. სამწუხაროდ, წარმატების იმედი მაინცდამაინც დიდი არ არის: ორივე მხარემ პირველივე მომენტში უარი თქვა, რამე დათმობებზე წასულიყო. მაგრამ ყურადღება ერთ მომენტს უნდა მივაქციოთ: იმის მიუხედავად, რომ კრემლი აცხადებს - ნატო ფართოვდება და რუსეთს ავიწროვებს, მისი გავლენის სფეროებიდან განდევნას ცდილობსო, რეალობა პირიქითაა და, თუ სიტუაციას დაკვირვებით შევხედავთ, სხვა სურათს დავინახავთ.
ევროპაშიც, აფრიკაშიც, აზიაშიც და სამხრეთ ამერიკაშიც - ვლადიმერ პუტინი ყველგან რუსეთის სამხედრო ძლიერების გლობალურ ქსელს ქმნის. ეს ხდება ზოგჯერ რეგულარული ჯარების მეშვეობით, ზოგჯერ კი - დაქირავებულებით - ისინი იმ ქვეყნებში იჭრებიან, სადაც მათი პატრონი ხედავს რუსეთის „ძველი იმპერიული ბრწყინვალების“ აღდგენის შანსს.
ჩვენი ეპოქის დროს, სანამ კრემლის შეფი ახლებურად აწყობს მსოფლიო წესრიგს და უსინდისოდ ეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში ბაშარ ასადის მსგავს დიქტატორებს, დასავლეთი ამ ყველაფერს სრული პასიურობით უყურებს. ამასობაში კი, რუსი ჯარისკაცები და დაქირავებულები დროს არ კარგავენ და დედამიწის ოთხ კონტინეტზე მოქმედებენ, თითქმის, 50 სახელმწიფოში.
ჩვენ, რედაქციის მუშაკები, შევეცადეთ და პუტინის გლობალური სამხედრო კამპანიის ჩვენეული „ბილდ-ატლასი“ შევადგინეთ.
პირველი ქვეყანა - უკრაინა. 2014 წლიდან ყირიმი რუსი ჯარისკაცების მიერ არის ოკუპირებული, რუსეთის სპეცსამსახურები კი უკრაინის აღმოსავლეთ სეპარატისტულ ნაწილში - დონბასში ადგილობრივ სამხედრო ფორმირებებს ხელმძღვანელობენ. ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელი სახალხო რესპუბლიკები“ რეალურად მოსკოვიდან იმართებიან.
მეორე ქვეყანა - მოლდოვა. 1992 წლიდან დაახლოებით, 1500 რუსი ჯარისკაცი მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონს - დნესტრისპირეთს იცავს. მოსკოვი ადგილობრივ, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს კვაზი-სახელმწიფოს შექმნაში ეხმარება.
მესამე ქვეყანა - სერბეთი. ბალკანური სახელმწიფო დამოკიდებულია რუსეთზე, საიდანაც იღებს იარაღს. სერბეთის სამხედრო წრეები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი რუსეთის საშინელ სამხედრო მანქანასთან. მოსკოვი და ბელგრადი ხშირად აწყობენ ერთობლივ სამხედრო მანევრებს.
მეოთხე ქვეყანა - საქართველო. 2008 წლიდან, დაახლოებით, 8 ათას რუს ჯარისკაცს (და მესაზღვრეს, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურის ექვემდებარება), საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი აქვს ოკუპირებული - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები.
მეხუთე ქვეყანა - სომხეთი. საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, ხოლო 2020 წელს მთიანი ყარაბაღისთვის მომხდარი სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემდეგ, რუსი „მშვიდობისმყოფლები“ სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამოჩნდნენ (აქ „ბილდის“ რედაქციის მიერ აშკარა შეცდომაა დაშვებული: მთიანი ყარაბაღი დე-იურედ და დე-ფაქტოდ სომხეთის კი არა, აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის - ს.კ.).
მეექვსე ქვეყანა - ყაზახეთი. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ათასამდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება - „მშვიდობის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის“ მისიით. სავარაუდოდ, „სამშვიდობო მისია“ ერთ თვეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არავის სჯერა, რომ რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაყვანა ამ ვადებში მოხდება.
მეშვიდე ქვეყანა - სირია. 2015 წლიდან პუტინის არმია ამ ქვეყანაში მასირებულ ინტერვენციას ახორციელებს, დიქტატორ ბაშარ ასადის მხარდასაჭერად. ამ დროის განმავლობაში რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებულმა დაბომბვებმა ათასობით მშვიდობიანი სირიელი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. სირიის დიქტატორისადმი გაწეული დახმარების სანაცვლოდ, რუსეთმა ქვეყნის ხმელთაშუაზღვისპირა ნავსადგურით - ტარტუსით უფასოდ სარგებლობის უფლება მიიღო 49 წლით. ამჟამად სირიაში, დაახლოებით, 5 ათასამდე რუსი ჯარისკაცი და დაქირავებული იმყოფება.
მერვე ქვეყანა - ლიბია. რუსი მეომრები ლიბიაში ადგილობრივი საველე მეთაურის, გენერალ ჰალიფ ხაფტარის მოკავშირეების როლში გამოდიან. ვლადიმერ პუტინის კერძო არმია, „ვაგნერის“ სახელწოდებით, მონაწილეობას იღებდა 2019-2020 წლების სამხედრო მოქმედებებში ამ მეამბოხე გენერლის მხარეს, რომელიც ქვეყნის დედაქალქ ტრიპოლში მყოფ ცენტრალურ მთავრობას ეწინააღმდეგება.
მეცხრე ქვეყანა - მალი. ერთი თვის წინ, 2021 წლის დეკემბერში, საფრანგეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა ქალაქ ტიმბუქტუდან უკან დაიხიეს. მოსალოდნელია, რომ ფრანგების მიერ დატოვებულ ტიმბუქტუში რუსეთის ნახევრად სახელმწიფო არმიის - „ვაგნერის“ ქვედანაყოფები შევლენ და ადგილობრივ რეჟიმს მხარს დაუჭერენ, ისლამისტებთან საბრძოლველად.
მეათე ქვეყანა - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. უკვე მრავალი წელია, ადგილობრივი მთავრობა რუს დაქირავებულებს იყენებს ამბოხებულებთან საბრძოლველად. ამ სამსახურისთვის რუსი დაქირავებულები ნატურის სახით იღებენ ოქროს და სხვა ძვირფას ქვებს, ისინი აკონტროლებენ, აგრეთვე, ოქროს ძარღვებსაც (საბადოებს).
მეთერთმეტე ქვეყანა - სუდანი. 2020 წლის ნოემბერში ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას სუდანის სამხედრო ხუნტასთან წითელი ზღვის ნაპირზე რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ.
მეთორმეტე ქვეყანა - ვენესუელა. 2019 წლიდან რუსეთის ჯარები ჯერ დიქტატორ უგო ჩავესის ხელისუფლებას იცავდნენ, ახლა კი - ხელისუფლების შენარჩუნებაში ნიკოლას მადუროს ეხმარებიან. რუსი სამხედრო სპეციალისტები ადგილობრივ სამთავრობო არმიას ოპოზიციურ ამბოხებულებთან ბრძოლაში ეხმარებიან, მაგალითად, სადაზვერვო დრონების მეშვეობით. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ