მიხეილ სააკაშვილის ძმა: "დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკურად დევნილი" - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის ძმა: "დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკურად დევნილი"

"დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკურად დევნილი", - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიორგი სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე გამოტანილ განაჩენს და როგორც მან განმარტა, ნათელი გახდა, რომ საქმე ჰქონდა დევნას იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერებულიყო.

„დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკურად დევნილი. ეს თუნდაც გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე გამოვლინდა, როცა გაიმართა ბატონი ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი. გამოჩნდა, რომ იყო დევნა იქიდან გამომდინარე, რომ სურდათ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერებულიყო.

შემთხვევა გვაქვს, როდესაც ებრძვიან ადამიანს, რომელსაც ქვეყნის განვითარებასა და მშენებლობაში ლომის წვლილი მიუძღვის. ნამდვილად სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანი თითიდან გამოწოვილი მიზეზების მსხვერპლია.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება და მიშას ვიხილავთ თავისუფალს”, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.