"ახლობლები ნიშნისმოგებით მეუბნებოდნენ: ხომ მიეცი ხმა კალაძეს და ხომ შეგრჩა ხელთ გაზრდილი ტარიფებიო"
საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში, წლიური ინფლაცია 13.9 პროცენტი გახდა. იმ პროდუქტებს შორის, რომელთა ფასიც ყველაზე მეტად გაიზარდა, კომუნალური გადასახადებიც მოხვდა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი:
"წინასაარჩევნო დაპირებებს ჩვენთან უხვად გასცემენ, ამიტომ მოსახლეობა არ უნდა მოტყუვდეს და უნდა გაიაზროს, ვის აძლევს ხმას, ამ დაპირებების მიღმა კონკრეტული გეგმა იმალება თუ ცარიელი სიტყვები. ცუდია, რომ ამ დაპირებების შეუსრულებლობას ხალხი იოლად ეგუება და არ აპროტესტებს".
კახა გოგიძე, მსახიობი:
"ჩემი დაკვირვებით, ხალხს უკვე აღარაფრის იმედი აღარა აქვს და ამ გაძვირებებზე რეაქციაც არ ჰქონია. სწორედ ამის ბრალია, რომ ყველაფერი გააძვირეს, შეგვპირდნენ და არ გააკეთეს, რომ ყველაფერი უკუღმა შეგვისრულეს. ხალხმა ორჯერ და სამჯერ მოითმინა და მერე ეს მოთმენა ვალდებულებად ექცა. მე ხომ ვამბობდი, ეს ის შემთხვევა არაა, როცა "ვინც მოითმენს, ის მოიგებს"-მეთქი? პირიქით, მცირედიც უნდა მოითმინო, ორპირობა არც ერთ მთავრობას არ უნდა აპატიო, თორემ ბოლოს ასეთ კატასტროფულ შედეგებამდე მივალთ".
ლევან ბერძენიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი:
"მთავრობა მოიქცევა ისე, რამდენის უფლებასაც ხალხი მისცემს. სამწუხაროდ, ეს მთავრობა ჩვენი ავტოპორტრეტია! როცა უფრო მეტ სიფხიზლეს და გონიერებას გამოვიჩენთ, ისეთ ხალხს ავირჩევთ, ვინც უფრო მეტად დაფიქრდება და თავის ხალხზე უფრო მეტს იზრუნებს. წესით, ვერანაირმა გაყალბებამ ვერ უნდა უშველოს მთავრობას, რომელიც ზამთარში გათბობის გადასახადს გაგიძვირებს. ამ სიტუაციაში ყველა დამნაშავე ვართ და ჩვენს მდგომარეობას ვერავის დავაბრალებთ..."
ნანა ბუთხუზი, მსახიობი:
"...დავანებოთ თავი ფუფუნების საგნებს, ამას წინათ აფთიაქში შევედი და სულ უბრალო წამლებში 90 ლარი დავტოვე, მარკეტში შევდივარ და 50 ლარი ხუთი ლარივითაა - წამებში ქრება. ესეც თქვენი უფასო ფული, რომელსაც გვპირდებოდნენ. როგორც ჩანს "უფასო" გაუფასურებულ ფულს ნიშნავდა..."
ლიზა ვადაჭკორია, ჟურნალისტი:
"კომუნალური გადასახადების გაძვირების შემდეგ, ახლობლები ნიშნისმოგებით მეუბნებოდნენ: ხომ მიეცი ხმა კალაძეს და ხომ შეგრჩა ხელთ გაძვირებული ტრანსპორტი და გაზრდილი ტარიფები - ესეც, შენი არჩევანიო... ეს სიტყვები ერთი მხრივ, მწყინს, მაგრამ იმასაც ვფიქრობ: ოპოზიციური მმართველი რომ მოსულიყო, ამ ყველაფერს გააიაფებდა?.."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 13 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე