"კვლავ გაგრძელდება ის "ორღობის ჭორაობის" ტიპის პოლიტიკა, რომელიც დღემდე გვაქვს ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"კვლავ გაგრძელდება ის "ორღობის ჭორაობის" ტიპის პოლიტიკა, რომელიც დღემდე გვაქვს ქვეყანაში"

"შესაძლოა ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, ქვეყანაში კი პოლიტიკური ძალა აღარ იყოს"

"ახალ წელს პრეზიდენტის სადღეგრძელოთი, ვეტოს მოლოდინში შევხდით... თუმცა ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები მაფიქრებინებს, რომ კვლავ გაგრძელდება ის "ორღობის ჭორაობის" ტიპის პოლიტიკა, რომელიც დღემდე გვაქვს ქვეყანაში" - ასეთია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის პოსტსაახალწლო განწყობილება. მისი მოლოდინი ვეტოსთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას უკავშირდებოდა.გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"2022 წელი რეგიონში მძიმე ამბით დაიწყო. პირდაპირ გეტყვით - ყაზახეთის მოვლენების შესახებ ჩემი მოლოდინი არასახარბიელოა. სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანესი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის ეს არ არის დემოკრატიული პოტენციალის მქონე მოძრაობა და რევოლუცია. ცენტრალურ აზიაში ასეთი, დემოკრატიული ცვლილების პოტენციალის მქონე ძალები ან უბრალოდ არ არიან, ან უკიდურესად მცირე და ფრაგმენტირებულნი არიან..."

"ქართველების მთავარი შეცდომა ის არის, რომ სულ ვფიქრობთ, აი, ახლა ეს რომ მოხდა, რუსეთი ამას როგორ გამოიყენებს. მოვლენების განვითარების მიხედვით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, დასავლეთს, სამწუხაროდ, ყაზახეთში "სიტყვა არ ეთქმის". იქ არც დასავლეთის და არც რუსეთის სიტყვას არა აქვს დიდი მნიშვნელობა - აქ გაცილებით საინტერესოა ჩინეთის ფაქტორი...."

"ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილის შეცდომა იცით, რა არის?.. იმაზე ფიქრი, რომ რაც უფრო ცუდად იქნება საქმე, უკეთესია. რაც უფრო ცუდად იქნება ხალხი, რაც ძლიერად მოუჭერენ ხალხს მარწუხებს, მით უფრო ფეთქებადსაშიში გახდება სიტუაცია. მერე მართლა შეიძლება აქ ისეთი ამბავი დატრიალდეს, რომ ვეღარც ოპოზიციამ გააკონტროლოს სიტუაცია და, ღმერთმა უწყის, ვის ხელში აღმოჩნდება მაშინ ძალაუფლება...."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 13 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე