შეძლებს თუ არა "ვერცხლისფერი მელა" პუტინს თამაში მოუგოს? - ვინ არის ვენდი შერმანი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიპლომატი - კვირის პალიტრა

შეძლებს თუ არა "ვერცხლისფერი მელა" პუტინს თამაში მოუგოს? - ვინ არის ვენდი შერმანი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიპლომატი

მსოფლიოს ყურადღება რამდენიმე დღეა, ნატო-რუსეთის მოლაპარაკებებისკენაა მიმართული, სადაც აშშ-ის წარმომადგენლები რუს მაღალჩინოსნებს ხვდებიან. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის წარმომადგენელმა დიპლომატმა - ვენდი შერმანმა ღიად განაცხადა, რომ ნატო არ იტყვის უარს მის პოლიტიკაზე და არც ერთი ქვეყნისთვის არ დახურავს კარს.

"აშშ ყოველთვის მზადაა რუსეთთან ურთიერთობისთვის, თუმცა ზოგიერთი საკითხი ვაშინგტონისთვის მიუღებელია", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ - ვენდი შერმანმა.

“არ დავეთანხმებით იმას, რომ ნატო არ უნდა გაფართოვდეს. ჩვენ არ დავთანხმდებით 1997 წელში დაბრუნებას“, - განაცხადა შერმანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, - "თუმცა არის ბევრი საკითხი, რაზეც ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ“, - დაამატა შერმანმა.

პრესკონფერენციაზე შერმანმა აღნიშნა, რომ აშშ მზადაა რუსეთთან ახალი ურთიერთობისთვის, თუმცა იგი საკითხებს აუცილებლად შეათანხმებს ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან.

ვენდი შერმანი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიპლომატი

ვენდი შერმანს მისი ვერცხლისფერი თმისა და მოლაპარაკების განსაკუთრებულად, მოხერხებულად წარმოების გამო, მეტსახელად „ვერცხლისფერი მელაც“ შეარქვეს. მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ერთ-ერთი, ყველაზე მაღალი თანამდებობა უკავია. გასულ კვირას შერმანი რუს მაღალჩინოსნებს შეხვდა, სადაც უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედრო განათავსა, რამაც დასავლეთის აღშფოთება გამოიწვია. მან რუსეთი გააფრთხილა კიდეც, რომ თავი შეიკავოს და არ შეიჭრას უკრაინის ტერიტორიაზე.

ამერიკელები ცდილობენ, რომ დაძაბული სიტუაცია განმუხტონ და ამისთვის რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე საუკეთესო დიპლომატი ვენდი შერმანი გაუშვეს. ვაშინგტონში იციან, რომ მას შეუძლია მკვეთრი ნაბიჯები გადადგას და, ასევე, ცნობილია მისი მოხერხებულობა.

როგორც ცნობილია, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, იგი ჩრდილო კორეასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, სადაც ფხენიანს ბირთვული იარაღის დამზადების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

shermani2-1642067445.jpeg

2011 წელს შერმანი ირანთან მოლაპარაკებებისას ამერიკელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. საბოლოოდ, მოლაპარაკებებისას, 2015 წელს, ირანსა და დასავლეთის ქვეყნებს, ასევე - აშშ-ს შორის, ბირთვულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

როგორც მაშინ შერმანი ამბობდა, მისი სქესი არ უშლის ხელს მოლაპარაკებების წარმოებაში, თუმცა, როგორც ცნობილია, ისლამურ სახელმწიფოში ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს.

„როცა ირანელების წინ ვიჯექი, მე მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები ვიყავი. რახან ქალი ვარ, შეიძლება ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომელიც არ ჩანს ქალური, მაგრამ როცა მკაცრი ვხდები, ამას დიდი ეფექტი აქვს, რადგან ქალისგან ამას არავინ ელის“, - ამბობდა ის.

72 წლის დიპლომატს საოცარი მოხერხებულობისა და მოლაპარაკების წარმოების განსაკუთრებული ნიჭის გამო მეტსახელად „მელია“ ირანელებმა შეარქვეს.

"ის სწრაფად აზროვნებს და შეუპოვარია“, - ამბობს შერმანზე აშშ-ის ყოფილი ელჩი თურქეთში - ჯეიმს ჯეფრი.

როგორც ცნობილია, შერმანი წარსულში სოციალური მომსახურების სფეროში მუშაობდა და ბალტიმორში ბავშვებს ახალი ოჯახის პოვნაში ეხმარებოდა. სწორედ ასე ბავშვებთან მუშაობითა და მათი დახმარებით გამოიმუშავა შერმანმა განსაკუთრებული დიპლომატიური უნარ-ჩვევები.

1980-იან წლებში, ამ სფეროში მუშაობისას, ის ბავშვებზე ძალადობის უამრავ ფაქტს გაეცნო და საკითხმა ისე შეაწუხა, რომ ბავშვთა დაცვის კომიტეტში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ამ სახელმწიფო კომიტეტის დირექტორიც გახდა და ასე ჩაება პოლიტიკაში.

რამდენიმე წლის შემდეგ ის კლინტონის ადმინისტრაციაში მოხვდა და პირველი ქალი იყო, ვინც პოლიტიკურ საკითხებში მინისტრის მოადგილე გახდა.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, შერმანს რუსეთთან მოლაპარაკებებისას მოუწევს მისი ყველა საფირმო სვლა გამოიყენოს, რათა ევროპასა და მსოფლიოს მორიგი სამხედრო დაპირისპირება აარიდოს.

ის ჟენევაში უკვე შეხვდა რუსეთის ფედერაციის წამომომადგენლებს, მათ შორის - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს. მოლაპარაკებებისას რუსეთმა პირობები წამოაყენა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა პირობა უნდა დადონ, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და არც უკრაინის ტერიტორიაზე შევა.

"ჩვენ არ დავხურავთ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, რადგან ის ყოველთვის იყო ცენტრალური ალიანსისთვის. ნატო მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი ალიანსია და იცავს საკუთარ წევრებს. ნატო არასოდეს გაფართოებულა ძალის გამოყენებით და იძულებით. ყველა ქვეყანას დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვიტოს ალიანსში გაწევრება“, - განაცხადა ვენდი შერმანმა.

"რუსეთს 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვართან, მოსკოვი იყენებს აგრესიულ რიტორიკას და ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ უკრაინა ისწრაფვის კონფლიქტის გაღვივებისკენ და არა რუსეთი - ეს სიცრუეა. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს, მოახდინა უკრაინის ნაწილის ოკუპაცია და მის მიერ შექმნილმა კონფლიქტმა 14 ათას ადამიანზე მეტის სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენ დღეს რუსეთს მკაფიოდ და პირდაპირ განვუცხადეთ, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას ექნება მნიშვნელოვანი ფასი და მძიმე შედეგები, ვიდრე ეს იყო 2014 წელს. ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ კოორდინირებული ეკონომიკური ზომები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემისთვის ძალიან მწვავე იქნება... მოლოდინი გვაქვს, რომ როდესაც აშშ-რუსეთის შეხვედრის, ნატო-რუსეთის შეხვედრის და ეუთო-რუსეთის შეხვედრის შესახებ რუსეთის დელაგაციის წევრები პრეზიდენტ პუტინს მოახსენებენ, ის აირჩევს მშვიდობას და უსაფრთხოებას“, - განაცხადა აშშ-ის სახემწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა.(წყარო)