ვინ არის ყაზახეთის ინფორმაციის ახალი მინისტრი უმაროვი, რომლის დანიშვნამ რუსეთში ბევრი გააღიზიანა - კვირის პალიტრა

ვინ არის ყაზახეთის ინფორმაციის ახალი მინისტრი უმაროვი, რომლის დანიშვნამ რუსეთში ბევრი გააღიზიანა

რუსულ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში აურზაური გამოიწვია ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად ქვეყნის ინფორმაციისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრად ასკარ უმაროვი დაინიშნა.

თითქოსდა ჩვეულებრივი მოვლენაა - პრეზიდენტმა, კატასტროფული კრიზისული სიტუაციის მეტ-ნაკლებად განმუხტვის შემდეგ, მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ასკარ უმაროვი „გამოუსწორებელ რუსოფობად“, „რუსთმოძულედ“ არის მიჩნეული, რუსი პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები მასთან ურთიერთობაზე უარს აცხადებენ და საერთოდ, იგი თურმე რუსეთში ოფიციალურად პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული. და ეს ხდება იმ ფონზე, როცა თვით პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, რომელმაც რუსეთის „მტერი“ მინისტრად დანიშნა, მადლობას უხდის რუსეთს და კრემლის მიერ გაწეულ დახმარებას („ოდკბ“-ის ჯარების ყაზახეთში შეყვანას) თითქმის ქვეყნის გადარჩენად თვლის.

დიახ, ასკარ კუანიშევიჩ უმაროვთან დაკავშირებით მართლაც პარადოქსული სიტუაციაა შექმნილი. რუსული მასმედია სავსეა მისი ნეგატიური გამონათქვამებით რუსეთის შესახებ - „რუსების დიასპორა ჩვენ თავს მოგვახვიეს“, „რუსები ჩვენ ცნობიერების დეკოლონიზაციის საშუალებას არ გვაძლევენ“, „არ ილაპარაკოთ რუსულად“, „როცა თქვენ, რუსები, არყით გამოთვრებით და გაუგებარ გამარჯვების დღეს ზეიმობთ, ჩვენ გავიხსენებთ ჩვენს პაპებს, რომლებიც უცხო ომიდან სამშობლოში ვერ დაბრუნდნენ“ და ა.შ. შესაძლოა მას ბევრი ციტატა შეცდომით მიეწერება, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ მინისტრს არცთუ იშვიათად პროთურქული განწყობების მქონე ყაზახ ნაციონალისტადაც მოიხსენიებენ.

ახალი მინისტრის ბიოგრაფიიდან...

ასკარ უმაროვის პოლიტიკური პორტრეტის უკეთ გასაცნობად, ალბათ, მისი ბიოგრაფიის დეტალებსაც უნდა ჩავწვდეთ: იგი 1976 წელს საბჭოთა ალმა-ატაში (დღეს - ალმათი) დაბადებულა. უკვე 1990-იან წლებში „თურანის“ უნივერსიტეტი დაუმთავრებია სპეციალობით „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები“, თუმცა პროფესიული თვალსაზრისით არსად არ უმუშავია. იგი უფრო მეტად ჟურნალისტია, ვიდრე ეკომონისტი. - საკმაოდ გრძელი გზა გაიარა ალმათის გაზეთ „კვირის ამბების“ რიგითი კორესპონდენტიდან ყაზახეთის მთავარი მაცნის - სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „ყაზინფორმის“ გენერალურ დირექტორამდე (2017 წლიდან), შემდეგ კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობის ჩათვლით. სხვათა შორის, როგორც ამბობენ, ასკარ უმაროვს „ყაზინფორმის“ გენდირექტორობის დროს გამოუქვეყნებია ყაზახეთის რუკა, რომელზეც რუსეთის (ასევე უზბეკეთის და სხვა მეზობლების) დღევანდელი ტერიტორიები ყაზახეთის ისტორიულ მიწა-წყლად არის მიჩნეული. უმაროვი სწორედ ამის გამო გამოუცხადებიათ „პერსონა ნონ-გრატად“ რუსეთში.

ასკარ, ბაიკონურზე არ გამოჩნდე, თორემ ინანებ...

რუსი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების უმრავლესობა, ოფიციალური პირების ჩათვლით, ასკარ უმაროვის მინისტრად დანიშვნას რუსეთის შეურაცხყოფად მიიჩნევს: ახალი მინისტრი საკმაოდ არასასიამოვნო ეპითეტებით შეამკეს რუსეთის ფედერალური სტრუქტურის „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა (თბილისელი ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილმა), რომლის განცხადებით, იგი უარს ამბობს ყაზახ კოლეგასთან ურთიერთობაზე. „როსკოსმოსის“ გენდირექტორმა დიმიტრი როგოზინმა კი ასკარ უმაროვს ურჩია, ბაიკონურის კოსმოდრომზე არ მოხვიდე, თორემ ინანებო....

უმაროვის წინააღმდეგ მსგავსი ნეგატიური განცხადებები გააკეთეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა სერგეი ცეკოვმა, სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა და სხვებმა.

პრეზიდენტის „უცნაური“ გადაწყვეტილება

რუსულ მასმედიაში პრეზიდენტ თოყაევის გადაწყვეტილებას „უცნაურს“ უწოდებენ: „მირზა (ბატონო) ყასიმ-ჟომართ, რატომ დანიშნე ასეთი კაცი მინისტრად? ეს ხომ უმადურობის გამოვლენაა“. გაისმის კითხვები: განა არ იცოდა ყაზახეთის პრეზიდენტმა ახალი მინისტრის კანდიდატურის ვინაობა? განა არ მოახსენეს პრეზიდენტს ასკარ უმაროვის საჯარო გამოსვლების თავისებურებისა და მისი პოლიტიკური მრწამსის თაობაზე? განა სწორად იქცევა ასეთი მინისტრის დანიშვნით იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც რუსეთმა ორიოდე დღის წინ კატასტროფისაგან გადაარჩინა?

ჯერ-ჯერობით ამ კითხვებზე ყაზახეთის ოფიციალური პირებისაგან რაიმე პასუხი და კომენტარი არ ჩანს.

ყაზახეთის მასმედიაში ყოფილი კოლეგისა და ახლა უკვე ქვეყნის საინფორმაციო პოლიტიკის ხელმძღვანელის მიმართ ნეგატიური გამონათქვამებისაგან ჟურნალისტებიც თავს იკავებენ (გასაგები მიზეზების გამო), თუმცა ზოგიერთი თავის პოზიციას მაინც ახმოვანებს, მაგალითად, ჟურნალისტი აიგულ ომაროვა ასკარ უმაროვს „პანთურქისტად“ თვლის და აცხადებს, რომ „ყაზახეთში ბევრი გამოცდილი ადამიანია ინფორმაციის სფეროში, რომელთა შერჩევა მინისტრობის კანდიდატად შეიძლებოდა“.

და მაინც, რატომ მოიქცა ასე „უცნაურად“ ყაზახეთის პრეზიდენტი?

როგორც პოლიტოლოგი კონსტანტინე კალაჩევი თვლის, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ხლა ცდილობს თავის ირგვლივ სხვადასხვა ძალების კოალიცია შექმნას. მას ძალიან ეშინია, რომ ვინმემ „ოდკბ“-ის სამხედრო ძალების მიწვევის გამო არ უსაყვედუროს და არავინ თქვას, რომ მისი ლეგიტიმაცია „ეჭვის ქვეშაა“, ანუ „პუტინის მიერ ხელდასმულ კაცად“ არ შერაცხონ. ანუ ნაციონალისტებმა კრიტიკა არ დაუწყონ. სწორედ ამას ემსახურება „ნაციონალისტ“ ასკარ უმაროვის დანიშვნა ინფორმაციის მინისტრად - მან თავიდან უნდა ააცილოს პრეზიდენტს კრიტიკა, უახლოეს პერიოდში მაინც.

მეორე მხრივ, სიბრიყვე იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი უარს იტყვის მრავალვექტორულ პოლიტიკაზე და მხოლოდ რუსეთზე იქნება ორინეტირებული: „აი, თქვენ ფიქრობდით, რომ მე რუსეთს ქვეშ დავუწვებოდი... არაფერი მაგის მსგავსი არ მოხდება, მე უპირველესად ყაზახეთზე ვფიქრობ“ - ეს სავარაუდო ფრაზა სამომავლოდ ყასიმ-ჟომართ თოყაევის სარეზერვო ნიშნის მოგებად შეძლება ჩავთვალოთ. საერთოდ კი, არავინ იცის, თუ რა იქნება ახლო პერსპექტივაში: შესაძლოა პრეზიდენტმა თავისი მინისტრი როგორც დანიშნა, ისე მოხსნას“.

პოლიტოლოგი ანდრეი გროზინის აზრით, „დიახ, ყაზახეთის სუვერენული უფლებაა მინისტრად ვინც სურს, ის ჰყავდეს. სხვა საქმეა, როცა მინისტრობის კანდიდატებს თავში ისეთი აზრები უტრიალებთ, რომლებიც მეზობლების წინააღმდეგ არის მიმართული. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისინი თავიანთ აზრებს საჯაროდ ახმოვანებენ - ცოტა ხნის წინათ, როცა ასკარ უმაროვი „ყაზინფორმის“ ხელმძღვანელი იყო, მისი თანხმობით გამოქვეყნდა „დიდი ყაზახეთის“ რუკა, რომლის მიხედვით ორენბურგისა და ომსკის ოლქები ყაზახეთის საზღვრებშია მოქცეული“.

მინისტრის მონანიება: „მე ის კაცი აღარა ვარ...“

ბუნებრივია, ასკარ უმაროვისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა რუსულ და ნაწილობრივ ყაზახურ მასმედიაში გამოქვეყნებული უსიამოვნო შეფასებები. თავის მხრივ, იგი შეეცადა საკუთარი თავის პოლიტიკურ რეაბილიტაციას და განცხადება (თხოვნა) გამოაქვეყნა - „ნუ მოახდენთ ჩემი სახის დემონიზაციას, მე ის კაცი არ ვარ, ვინც რუსეთის წინააღმდეგ გამოდის, მე ყველა დროს რუს პარტნიორებთან ნაყოფიერად ვთანამშრომლობდი, ომის ვეტერანებსაც პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობასო“.

მნისტრმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ შემუშავდება ყაზახური და რუსული მასობრივი ინფორმაციათა საშუალებების ერთობლივი მუშაობის პროექტები, რაც ორივე მხარეს სარგებლობას მოუტანსო. აქვე ვიტყვით, რომ ასკარ უმაროვს თავის განცხადებაში არ უარყვია რუსების მიერ გამოთქმული საყვედურების მიზეზი - ის კონკრეტული ანტირუსული გამონათქვამები, რომლებიც მას მიეწერება.

რუსეთი - ყაზახეთს: „დანიშვნა თქვენი საქმეა, მაგრამ...

“უმაროვთან დაკავშირებულ დიპლომატიურ ინციდენტზე კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც გააკეთა: „მინისტრის დანიშვნა ყახაზეთის საშინაო საქმეა, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ჩინოვნიკის ნაციონალისტური განცხადებები, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეების სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან, ჩვენ გვჯერა, რომ ყაზახეთის ხელმძღვანელობა გააღრმავებს რუსეთთან ყოველმხრივ მეგობრულ ურთიერთობას და თითოეული მოქალაქის უფლებას დაიცავს“. როგორც ვხედავთ, მოსკოვმა პრეზიდენტ თოყაევს მიანიშნა, რომ „თქვენი საქმეა ვისაც დანიშნავთ, მაგრამ ამიერიდან ანტირუსული არაფერი გავიგონო თქვენგანო“.

ამასობაში კი რუსმა „კვალისმაძიებლებმა“ პრეზიდენტის გარემოცვაში კიდევ ერთი „რუსოფობი აღმოაჩინეს - სახელმწიფო მდივანი კარინ ერლან ტინინბაული. რუსული მედია წერს, რომ მას ახლო კავშირები აქვს თურქული „ბოზყურთის“ („რუხი მგლების“) ყაზახურ დაჯგუფებასთან. გრდა ამისა, მისი მეგობარია ყაზახეთის ელჩი უკრაინაში დარხან კალეტაევი, რომელიც რუსოფობული სოციალური ქსელის ერთ-ერთი დამაარსებელია.

დასკვნის მაგიერ...

მოკლედ, ყაზახეთში პოსტკრიზული სიტუაციისათვის დამახასიათებელი მეტამორფოზ-ტრანსფორმაციის პროცესები მიმდინარეობს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ასეთ დროს მსგავს პროცესებს მტკივნეული ხასიათი აქვს. ყაზახური ელიტისათვის ძნელია შეგუება იმ აზრთან, რომ ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინათ მეტ-ნაკლებად „წარმატებულად“ ითვლებოდა მტკიცე სახელისუფლო სტრუქტურებით და ერთგვარ ეტალონადაც კი იყო წარმოდგენილი, დღეს ღრმა კრიზისშია ჩავარდნილი და მართვის ის პრინციპი, რაც ადრე პოზიტიურად მიიჩნეოდა (ე.წ. „ხელისუფლების ტრანზიტი“), თურმე სიცოცხლისუნარიანი არ აღმოჩნდა. იმედია, საქართველოს პარტნიორი ყაზახეთის ხელისუფლებისათვის მწარე გამოცდილება გაკვეთილი იქნება, ახალი მთავრობა არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს გაითვალისწინებს და წარმატებას მიაღწევს.

სიმონ კილაძე

მომზადებულია რუსული და ყაზახური მასმედიის მასალების მიხედვით