ყაზახეთის “ცხელი იანვარი”: როგორ შეცვლის ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ნაზარბაევის იძულებით “პენსიაზე გაშვება”?
ყაზახეთის “ცხელი იანვარი”: როგორ შეცვლის ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ნაზარბაევის იძულებით “პენსიაზე გაშვება”?
ყაზახეთში სახელმწიფო გადატრიალება რეალურად 2022 წლის 5 იანვარს მოხდა, მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა თოყაევმა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და ქვეყნის ყოფილ დედაქალაქ ალმათში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, განაცხადა: "ამიერიდან მე ვარ ყაზახეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი". ასე დასრულდა ნაზარბაევის ერთპიროვნული მმართველობის ოცდაათწლიანი ისტორია. მხოლოდ ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოს შეეძლო ცვლილების შეტანა 2017 წელს მიღებულ კანონში, რომლის მიხედვითაც ყაზახეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ უვადოდ დაინიშნა პირველი პრეზიდენტი (ანუ ნაზარბაევი).
პრეზიდენტ თოყაევის ბიოგრაფიის “საბჭოთა პერიოდის” შესახებ უკვე იცით, ახლა ვნახოთ, თუ როგორ განვითარდა, ჩემი აზრით, კა-გე-ბესთან დაახლოებული საბჭოთა დიპლომატის კარიერა სამშობლოში, ყაზახეთში დაბრუნების შემდეგ.
ბატონი თოყაევი 1992 წელს დაინიშნა ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. ერთი წლის შემდეგ იგი უკვე პირველი მოადგილეა, ხოლო 1994 წელს, პრეზიდენტ ნაზარბაევის განკარგულებით, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
1999 წლის მარტში გახდა ყაზახეთის ჯერ ვიცე-პრემიერი, ხოლო 1999 წლის ოქტომბერში დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. ჩემი აზრით, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი დაახლოება რუს კოლეგასთან, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინთან. პრეზიდენტმა ნაზარბაევმა თავისი პროტეჟე 2002 წლის იანვარში კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა და თოყაევს ეს პოსტი 2007 წლის დასაწყისამდე ეკავა, შემდეგ კი, 2019 წლის 20 მარტამდე, თოყაევი ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოს სენატის თავმჯდომარეა. საკამათო არ უნდა იყოს, რომ ნაზარბაევმა პრეზიდენტის პოსტი თოყაევს, როგორც ერთგულ კადრს, ჩააბარა. ასევე, ნათელია, რომ ნაზარბაევის მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკიდან თოყაევს რუსეთის მიმართულება ებარა. ყაზახეთის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში თოყაევს ძალზე შეზღუდული გავლენა ჰქონდა: საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე დეპუტატის კვოტა და ეკონომიკური პროფილის სამინისტროებში მინისტრის მოადგილის კანდიდატურების დამოუკიდებელი დანიშვნა. ე.წ. ძალოვან სამინისტროებს კი სიცოცხლის ბოლომდე ყაზახეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ოთხმოცი წლის ნაზარბაევი უშუალოდ აკონტროლებდა. “ძალთა ბალანსისთვის” ნაზარბაევმა მეორე პროტეჟე - კარიმ მასიმოვი “დააქვეითა”: 2016 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა და მთელი “ძალოვანი ბლოკის” კონტროლი დაავალა. გარდა ამისა, ნაზარბაევის ოჯახური კლანი აკონტროლებდა ყაზახეთის მთელ ეკონომიკას, თავად ნაზარბაევი კი კულისებიდან მართავდა “სახანოს”.
სულ სამი წელი დასჭირდა თოყაევს სპეცოპერაცია “თხევადი გაზის” ანუ სახელმწიფო გადატრიალებისა და ნაზარბაევის პოლიტიკიდან გაძევების გეგმის მოსამზადებლად და ჩასატარებლად. რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობის გარეშე ეს ოპერაცია ვერ განხორციელდებოდა.
ნაზარბაევის და მისი გარემოცვის, უპირველესად კი - ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის - კარიმ მასიმოვის პროფესიულ სისუსტედ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მათ სახელმწიფო გადატრიალების პრევენცია ვერ მოახერხეს.
ახლა კი თავად მასიმოვია “სახელმწიფოს მოღალატედ” შერაცხული. გუშინ ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე შემდეგი ინფორმაცია გამოქვეყნდა:
”ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების კომიტეტი აგრძელებს წინასასამართლო გამოძიებას სახელმწიფო ღალატის ფაქტზე, ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, კ. მასიმოვის მიმართ.
აღნიშნულ საქმის ფარგლებში დამატებით დაიწყო წინასასამართლო გამოძიება ძალაუფლების ძალადობრივი მიტაცებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისკენ მიმართული ქმედებების ფაქტებზე.
ამ დანაშაულების ჩადენაში, ეჭვმიტანილი კ.მასიმოვის გარდა, დაკავებულია თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე - სპეცდანიშნულების სამსახურის უფროსი ა. სადიკულოვი და თავმჯდომარის მოადგილე დ. იერგოჟინი. გამოძიება გრძელდება”.

ვინაა კარიმ მასიმოვი და რატომ არის ის დღეს რუსეთისთვის მთავარი საფრთხე? მასიმოვი 1965 წელს ცელინოგრადში დაიბადა. 1988 წელს მოსკოვში დაამთავრა პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი (არაბული ენის სპეციალობით). 1988-1989 წლებში სწავლობდა ჩინურს პეკინის ენის ინსტიტუტში, ხოლო 1991 წელს დაამთავრა უჰანის სამართლის უნივერსიტეტი, სწავლობდა ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტშიც. ამის შემდეგ იწყება მასიმოვის ძალზე წარმატებული კარიერა: ის 1991 წელს დანიშნეს ყაზახეთის შრომის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსად; 1992-1995 წლებში მუშაობდა ყაზახეთის კომერციულ სტრუქტურებში ჩინეთსა და ჰონგ კონგში;
1995-1997 წლებში იყო „ალმათის სავაჭრო და ფინანსური ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე; 1996 წელს აირჩიეს “თურანბანკის” გამგეობის თავმჯდომარედ,
ხოლო 1997-2000 წლებში - ყაზახეთის სახალხო შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ; 2000-2001 წლებში მუშაობდა ყაზახეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრად; 2001-2003 წლებში ყაზახეთის ვიცე-პრემიერია,
ხოლო 2003-2006 წლებში - ყაზახეთის პრეზიდენტის თანაშემწე, 2006-2007 წლებში - ყაზახეთის ვიცე-პრემიერი (ერთდროულად, 2006 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე იყო ეკონომიკისა და ბიუჯეტის დაგეგმვის მინისტრი);
2007-2012 და 2014-2016 წლებში ორჯერ იყო ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი; 2012-2014 წლებში იყო ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2022). სამხედრო წოდება: გენერალ-ლეიტენანტი. ასე დაწვრილებით იმიტომ გაგაცანით მასიმოვის ბიოგრაფია, რომ დავრწმუნდეთ: მასიმოვის კარიერა ნაზარბაევის ხელშეწყობით ვითარდებოდა და მისი დაპატიმრება სწორედ ნაზარბაევის მტრებს აძლევდა ხელს.
ჯერჯერობით უცნობია სამი ფაქტის თანმიმდევრობა - ყაზახეთში “კოლექტიური ძალების” შეყვანის, მასიმოვის დაპატიმრება და ნაზარბაევის პოსტიდან გადაყენების ზუსტი დრო. ჩემი აზრით, თოყაევი მასიმოვის დაპატიმრებასა და ნაზარბაევის გადაყენებას გარედან რუსეთის სამხედრო დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა.
მინდა, რომ მტერ-მოყვარემ სწორად გაიგოს: საქართველოსთვის ყაზახეთი ყოველთვის იყო და არის მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც კარგი სავაჭრო და ადამიანური კონტაქტები გვაქვს. ამ ქვეყანაში მიმდინარე შიდამოვლენები, ბუნებრივია, მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ყაზახეთის საგარეო-პოლიტიკური ვექტორის სტაბილურობა. ამ მოვლენებამდე ნაზარბაევმა შეძლო მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის დამკვიდრება და მეტ-ნაკლებად დაბალანსებული ურთიერთობების აწყობა: რუსეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროკავშირსა და აშშ-სთან. ნაზარბაევმა (სხვათა შორის, როგორც ლუკაშენკომ) დიდი სიმტკიცე გამოავლინა, არ დაემორჩილა პუტინის “ჰიბრიდული ზემოქმედების” მრავალფეროვან მეთოდებს და არ აღიარა სეპარატისტული აფხაზეთისა და ცხინვალის “დამოუკიდებლობა”. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ამავე დროს, ნაზარბაევის პიროვნული ავტორიტეტი არ აძლევდა პუტინს იმის საშუალებას, რომ ბოლომდე დაემორჩილებინა “საბჭოთა შუა აზია”.
ეს არ არის პირველი შემთხვევა ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე, როდესაც რუსეთი თავად ქმნის სერიოზულ შიდაპოლიტიკურ კრიზისს რომელიმე ქვეყანაში, შემდეგ კი თავადვე, “სამშვიდობო ძალების” დახმარებით “აწესრიგებს” სიტუაციას. გავიხსენოთ 2005 წელი, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახდინეს უზბეკეთში, ფერგანასა და ანდიჟანში, “ფასების ზრდის გამო”, მოულოდნელი “პროტესტებითა” და “სახელმწიფო გადატრიალების” პროვოცირება და აიძულეს მაშინდელი უზბეკეთის პრეზიდენტი ქვეყანა სუუამ-ის გაერთიანებიდან გამოეყვანა და კვლავ “ოდეკაბეში” დაებრუნებინა. ამის შემდეგ იყო: ყირგიზეთი (რომელიც რამდენჯერმე “დააბზრიალა” რუსეთმა ერთ წრეზე, სანამ მოსკოვისთვის მისაღები ხელისუფლება არ მოიყვანა), ტაჯიკეთი, თურქმენეთი და ახლა - ყაზახეთი.
ახლა ყველაზე მთავარია გავარკვიოთ, თუ რა ცვლილებებს გეგმავს პრეზიდენტი თოყაევი, უპირველესად, საგარეო პოლიტიკაში.
(მეორე ნაწილის დასასრული)