"დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" დაბრუნდება, საქართველო ნატოს წევრი არ გახდება" - რას აცხადებს მაქსიმ შევჩენკო - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" დაბრუნდება, საქართველო ნატოს წევრი არ გახდება" - რას აცხადებს მაქსიმ შევჩენკო

რუსეთის რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ (Эхо Москвы) გადაცემის - „განსაკუთრებული აზრის“ (Особое мнение) წამყვანი მაქსიმ კურნიკოვი ესაუბრა სტუდიაში მიწვეულ პუბლიცისტ მაქსიმ შევჩენკოს. საუბრის დროს მათ განიხილეს ყაზახეთთან დაკავშირებული სიტუაცია, ჩეჩნებისა და ინგუშების ურთიერთობის პრობლემები, რუსეთ-აშშ-ნატოს მოლაპარაკების შედეგები და ამ კონტექსტში - საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების პერსპექტივები.

seva-1642142210.png
მაქსიმ შევჩენკო და მაქსიმ კურნიკოვი „ეხო მოსკვის" სტუდიაში

გთავაზობთ ამონარიდს მაქსიმ კურნიკოვისა და მაქსიმ შევჩენკოს საუბრიდან:

"მაქსიმ კურნიკოვი: - რატომ უარყოფთ თქვენ, ვლადიმერ პუტინთან ერთად, უკრაინისა და საქართველოს სუბიექტობას? რატომ არ შეუძლია ორივე ქვეყანას, რომ გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს - იყოს თუ არა ნატოს წევრი? რატომ უნდა ვუკრძალავდეთ ან უფლებას ვაძლევდეთ მათ?

მაქსიმ შევჩენკო: - მე არავის არაფერს ვუკრძალავ. არავის უარს არ ვეუბნები სუბიექტობაში - გახდეს თუ არა ნატოს წევრი. მაგრამ თუ შენ ასეთ გლობალურ თამაშში ერთვები, მაშინ იმასაც უნდა აცნობიერებდე, რომ შენი მოქმედება, უბრალოდ, ტროლეიბუსში ასვლა და ჩამოსვლა არ არის. საქართველო კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნად ითვლება. აზერბაიჯანისა და სომხეთისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, საქართველო კავკასიური ბოთლის ყელს წარმოადგენს, სადაც ცენტრალური აზიის მთელი სიმდიდრე ისხმება, კასპიის ზღვის გავლით. იქიდან წამოსული ტვირთები გვერდს ვერ აუქცევენ შავი ზღვის ნაპირზე არსებულ საქართველოს ფოთის ნავსადგურს. მილსადენები, მათ შორის - "ბაქო-ჯეიჰანი", საქართველოს ტერიტორიაზე გადიან. ანუ საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო პუნქტია, რომლის მეშვეობით ცენტრალური აზია (თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი...), მთელი თავისი სიმდიდრით, უკვე მცირე აზიას უკავშირდება, ხმელთაშუაზღვისპირეთს, ევროპას. ამიტომაც საქართველო სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოს წარმოადგენს. საქართველო პატარაა, მაგრამ, იმავდროულად, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. საქართველო უზომოდ მიყვარს, მაგრამ მისი როლი და ბედი ისეთია, რომ მის ირგვლივ ყოველთვის ირევიან იმპერიები, რომლებიც ამ ქვეყანას სხვადასხვა მხრიდან უყურებენ. რას ნიშნავს საქართველოს ნატოში გაწევრება? ეს იქნება მისი დაქვემდებარება თურქეთისადმი, მაგალითად.

მაქსიმ კურნიკოვი: - რატომ?

მაქსიმ შევჩენკო: - იმიტომ, რომ [თურქეთი] საქართველოს მეზობელ, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს წარმოადგენს. აბა, დამისახელე...

მაქსიმ კურნიკოვი: - მე უკვე მზად მაქვს პასუხი: რუსეთი.

მაქსიმ შევჩენკო: - მე მხედველობაში მაქვს ნატოს წევრი სახელმწიფო. საქართველოში ნატოს სტრუქტურას თურქეთი შექმნის - აეროდრომებს ააშენებს და ასე შემდეგ. სხვათა შორის, თურქეთს და თურქ ხალხს პატივს ვცემ, რეჯეფ ერდოღანს კი დიდ პოლიტიკურ მოღვაწედ ვთვლი. მაგრამ საქართველო, დიდი ალბათობით, მზად არის ამაზე წავიდეს.

მაქსიმ კურნიკოვი: - საეჭვოა, რომ ყველაფერი ასე იქნება აწყობილი...

მაქსიმ შევჩენკო: - სხვანაირად არ იქნება. ამერიკელები, ბუნებრივია, კოორდინატორების როლში გამოვლენ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ თურქეთს და ამერიკას - სანამ თურქეთში რეჯეფ ერდოღანი ცოცხალია, ეს ურთიერთობა არ გაუმჯობესდება ან თუ მას ოპოზიციონერები - რესპუბლიკელები (მხედველობაშია თურქეთის სახალხო-რესპუბლიკური პარტია, მუსტაფა ქემალის მიერ დაარსებული - ს.კ.) შეცვლიან.

მაქსიმ კურნიკოვი: - მაგრამ რატომ არ უნდა იყოს [ნატოს წევრობა] თვით საქართველოს არჩევანი? ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, რატომ უნდა გადაწყდეს საქართველოს ბედი ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის მოლაპარაკებით?

მაქსიმ შევჩენკო: - მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს თვით საქართველოს არჩევანი. სამწუხაროდ, მსოფლიო დიდი მტაცებლების ნებაზეა მოწყობილი. ავიღოთ უკრაინა. თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოსო. მაშინ უკრაინას მინსკის შეთანხმებების აღიარება მოუწევს. მე არა მგონია, რომ დნეპრის მარცხენა ნაპირზე, მდინარის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის მოსახლეობა ხმას ნატოს წევრობას მისცემს. ასევე, არ მჯერა, რომ ხარკოველებს პირდაპირ ნატოში ყოფნა სურთ. არაფერს ვამბობ ოდესელებზე...

მაქსიმ კურნიკოვი: - მაგრამ რუსეთის პოზიცია...

მაქსიმ შევჩენკო: - რუსეთის პოზიცია ძალიან მარტივია: უკრაინამ მინსკის შეთანხმების პირობები უნდა შეასრულოს. ეს ერთადერთი პრეტენზიაა, რომელსაც რუსეთი კიევს უყენებს, მათ შორის - დასავლეთსაც. თუ მინსკის შეთანხმების პრინციპები დაცული იქნება, უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაბრუნდება, არც საქართველო არ გახდება ნატოს წევრი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

ასევე დაგაინტერესებთ: სანამ სომხები ყაზახებს „აშოშმინებენ“, აზერბაიჯანელებმა ისინი უპილოტოებიდან ისევ ზუსტად დაბომბეს...