"ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძლიერი სექსუალური მუხტი ერთმანეთის მიმართ, ეს არასდროს განელდება" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძლიერი სექსუალური მუხტი ერთმანეთის მიმართ, ეს არასდროს განელდება"

„ყველა მოძრაობის დროს, ყველა ფიცის გატეხვის დროს და გაღიმებისას მე შენ გიყურებ. ალბათ, ვერ ხვდები რომ მე შენ გეკუთვნი“ - სიყვარულზე დაწერილი სიმღერებითა და რომანტიკით გაჟღენთილი მელოდიებით 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში მსოფლიოს დიდ სცენაზე ინგლისელი კომპოზიტორი და მომღერალი გორდონ მეთიუ სამნერი, იგივე სტინგი გამოჩნდა და ახალგაზრდა ქალბატონებისა და შეყვარებული მოზარდების გულები დაიპყრო.

მომღერლის სცენაზე გამოჩენიდან რამდენიმე თვეში, ხალხი მეთიუ სამნერის ანუ სტინგის მეორე ნახევრით დაინტერესდა, თუ ვის უძღვნიდა ინგლისელი მომღერალი სიმღერებს და ვისზე ფიქრობდა ის, ამ ლამაზი სიტყვებისა და მელოდიების შექმნის დროს. მალევე კი უცხოურ მედიასაშუალებებში სტინგსა და ტრუდი სტაილერზე დაიწერა. დღეს მათი ქორწინება 28-ე წელს ითვლის, მომღერალი კვლავ დიდი ემოციებითა და ენთუზიაზმით ჰყვება წლების წინ დაწყებულ სიყვარულის ისტორიას.

„რაღაც ვიცი ქორწინების შესახებ, რადგან უკვე 27 წელია, ტრუდისა და მე ოჯახი გვაქვს. როდესაც მეკითხებიან, ამდენ ხანს როგორ გავძელით, ვპასუხობ ხოლმე, რომ ეს რაღაც სასწაულია. მე და ტრუდი მეგობრები ვართ, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და მოგვწონს კიდეც ერთად ყოფნა, სიყვარულის აღმოჩენაში სწორედ ეს დაგვეხმარა. სიყვარული ლტოლვისა და ვნების გარდა, მოწონებაა. შენ უნდა მოგწონდეს პარტნიორთან დროის გატარება და არასდროს დაკარგო მეგობრობა მის მიმართ“, - თქვა სტინგმა ქორწინების 27 წლის იუბილეზე.

მათი ამბავი სასტუმრო "გალაში", “Ischia Global Festival”-ზე დაიწყო, როდესაც გარუჯული ვარსკვლავი, თავის გუნდთან ერთად, ფესტივალზე სიმღერას ასრულებდა. ლამაზი საღამოს შემდეგ სტინგსა და მის ბენდს დიდი ვახშამი ელოდა, სასტუმროს მოსაცდელში კი ტრუდი გამოჩნდა. სტინგი ყოველდღიური სამოსით იყო წარმოდგენილი, ტრუდის კი თეთრ-შავ ფერში გაწყობილი კაბა ეცვა. წყვილი ერთ მაგიდასთან, ერთმანეთთან ახლოს მოხვდა, ვახშამი დაიწყო და მაშინ მომღერალმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ტრუდი გაიცნო. ალბათ, სწორედ ასე, არც ისე გამორჩეულად უნდა დაწყებულიყო ამ ორის სიყვარულის ისტორია, ისინი ხომ ერთმანეთის დანახვისთანავე მიხვდნენ, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო!

"იმ მომენტში, როდესაც მას პირველად შევეჩეხე თვალებით, მივხვდი ვინ იდგა ჩემ წინ. განცდა მქონდა, რომ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვიცნობდით", - თქვა სტინგმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ერთი ნახვით შეყვარება იყო, თუმცა სტინგსა და ტრუდის პარტნიორები ჰყავდათ და მეტიც, იმ საღამოს არც სტინგი და არც სტაილერი საღამოზე მარტო არ იყო მისული.

„თავიდან ურთიერთობა რთული აღმოჩნდა, არც ერთი ჩვენგანის გეგმაში არ შედიოდა ახალი ადამიანის გაცნობა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას შეცვლიდა“, - თქვა სტინგმა.

„ეს იყო ყველაზე ნაკლებად იდეალური გაცნობა, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ“, - აღნიშნა ტრუდიმ ინტერვიუში.

იმ, "ნაკლებად იდეალური" გაცნობიდან რამდენიმე წელში, სტინგი და ტრუდი დაოჯახდნენ. წყვილმა 1992 წელს ვილტშირში, ინგლისში დაიწერა ჯვარი და რამდენიმე წელიწადში ქალიშვილი - მიკი, შემდეგ - ელიოტი, ჯეიკი და ჯაკომო შეეძინათ. ოთხი შვილის მამა - სტინგი წლების მერე ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ მამობისთვის მზად არ იყო და ამ პასუხისმგებლობის ეშინოდა კიდეც.

"არ ვაპირებდი, მამა გავმხდარიყავი. ისეთი ჭკვიანი აღმოვჩნდი, რომ წინა ქორწინებაში ორი, ხოლო მეორე ქორწინებაში 4 შვილი მეყოლა და 6-ჯერ გავხდი მამა. ისინი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე "ბედნიერი შემთხვევები" არიან. არც ერთი მშობელი არ არის სრულყოფილი, დარწმუნებული ვარ, მეც არ ვყოფილვარ, თუმცა ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებდი. როდესაც ბავშვები სკოლიდან გამომყავდა, სხვა მშობლები ავტოგრაფს მთხოვდნენ, ეს ცოტა უხერხულიც კი იყო ჩემთვის“, - თქვა სტინგმა ინტერვიუში.

6-გზის მამობის და უამრავი პრობლემისა თუ საქმის მიუხედავად, სტინგსა და ტრუდის არასდროს დაუკარგავთ ერთმანეთის მიმართ ლტოლვა, ვნება და მათ შორის ანთებული ცეცხლი დღემდე გიზგიზებს. სტინგი ჰოლივუდის ცნობილ მომღერლებს შორის ერთ-ერთია, რომელმაც ქორწინების ხანგრძლივად შენარჩუნება შეძლო.

"ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძლიერი სექსუალური მუხტი ერთმანეთის მიმართ, ეს არასდროს განელდება“, - ხშირად უთქვამს სტინგს ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს.

28-წლიანი თანაცხოვრების პარალელურად, წყვილს დღემდე სწამს, რომ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია ძლიერი მეგობრობა, ნდობა, რასაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ და ასე გადააქვთ ყველა სირთულე და პრობლემა.

„მეგობრობა უნდა იყოს ხანგრძლივი ქორწინების ერთ-ერთი მიზეზი“, - თქვა სტაილერმა ერთ-ერთ წიგნში.

„მახსოვს, ჩემს მშობლებს შორის რომანტიკული ურთიერთობა არასდროს შემინიშნავს, ისინი კამათობდნენ, უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ რომანტიკა მათგან შორს იყო. მე და სტინგი შეიძლება ერთმანეთს არ დავეთანხმოთ, მაგრამ კონკრეტულ საკითხებზე სულ ვსაუბრობთ, ვიდრე გამოსავალს არ ვიპოვით“.

"ქორწინება ერთგვარი ხელშეკრულებაა, არც მე და არც ის არ იშლის ნერვებს“, - თქვა სტინგმა ქორწინების ოცდამერვე წლის იუბილის აღნიშვნის დროს.

28 დიდი რიცხვია, თუმცა თუ ერთხელ მაინც მოგიკრავთ თვალი, კონცერტზე როგორ უყურებენ სტინგი და ტრუდი ერთმანეთს და როგორ საუბრობენ ისინი სიყვარულზე, მაშინ მიხვდებით, რომ 28 მათთვის სულაც არაფერია.

(სპეციალურად საიტისთვის)