"დაახლოებით სამი წლის მოსავალი დავკარგეთ, ამიტომ ყველას ვთხოვთ, ცოდნის გაღრმავებაზე იფიქრონ" - კვირის პალიტრა

"დაახლოებით სამი წლის მოსავალი დავკარგეთ, ამიტომ ყველას ვთხოვთ, ცოდნის გაღრმავებაზე იფიქრონ"

"მოსავლის აღებიდან 48 საათის შემდეგ ფერმერი ჩვენთან უნდა მოვიდეს, რომ ნედლეულის ხარისხი შევამოწმოთ. შედეგის მიხედვით ჩავიბარებთ ან ვერ ჩავიბარებთ, ანდა გადავამუშავებთ და უკან გავატანთ. ჩვენი საწარმოს მთავარი გადამმუშავებელი ხაზი ითვალისწინებს რეცხვას, შრობასა და კალიბრაციას. მერე, საჭიროების შემთხვევაში, იწყება სწორად გამომშრალი კაკლის ტეხვა"

საქართველოში კაკლის გადამმუშავებელი მაღალი წარმადობის საწარმოს შექმნა და ამოქმედება პანდემიის პერიოდს უკავშირდება. მარტყოფში საწარმოს ანა ქევხიშვილი ხელმძღვანელობს. ამ საქმისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროექტში ჩაერთნენ და შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლეს, საწარმოო ხაზი კი ფრანგული კომპანიისაა. საწარმოს ხელმძღვანელი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია. სტუდენტობიდან სხვადასხვა სფეროში იყო ჩართული, შემდეგ პროფესიით არაერთ სამსახურში საქმიანობდა, მათ შორის - ერთ-ერთ დიდ ღვინის მწარმოებელ კომპანიაში ევროპისა და აზიის ბაზრების ექსპორტს კურირებდა. ამბობს, რომ კარგი გამოცდილება დააგროვა, შემდეგ კი მეუღლესთან ერთად შეუდგა საქმიანობას.

- კახეთში ექვსი წლის წინ კაკლის ბაღი გავაშენეთ. ბაზარზე ნედლეულის მზარდმა რაოდენობამ მისი გადამუშავებისა და მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოების აუცილებლობა წარმოშვა და ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა დავინახეთ. ჩვენი ოჯახის ძირითადი საქმიანობა ფერადი ლითონის ჯართის გადამუშავება და ექსპორტია. საერთაშორისო ბაზრებზე ამ სფეროში საქართველოს ჩვენი კომპანიის სახელით იცნობენ და ექსპორტის გამოცდილება ამ სფეროშიც დაგვეხმარება.

ყოველთვის გვქონდა სხვადასხვა ხილის ბაღი, მივდევდით მევენახეობას. 2015 წელს კი, როდესაც საქართველოში ახალი კულტურების - კაკლისა და ნუშის გაშენება დაიწყო, ჩვენც გავაშენეთ, თუმცა კაკლის მოვლის გამოცდილება არ გვქონდა და სათანადო შედეგი ვერ მივიღეთ. მერე ბაზარი შევისწავლეთ და ჩავთვალეთ, რომ კაკლით დაინტერესება ღირდა.

- ეს საქმე პანდემიის პერიოდში დაიწყეთ?

- დიახ, 2020 წლის მარტში, პანდემიის დასაწყისში, სარისკო პერიოდში ჩავერთეთ პროგრამაში, დავწერეთ საგრანტო პროექტი გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მოსაპოვებლად. ჩვენი პროექტით დაინტერესდნენ, რადგან კაკლის ბაღი უკვე ბევრია, საწარმო კი პროდუქტს ჩაიბარებდა და გადაამუშავებდა. თხილი და ნუში იოლი დასამუშავებელია, ისინი კაკალზე ადრე მოდის და გამოშრობას ბუნებრივ პირობებში ასწრებს: აივანზე გაშლიან, მერე სახლში შეინახავენ და გასაყიდად ხელსაყრელ დროს დაელოდებიან, კაკალს კი ასე ვერ შეინახავ.

- რთული არ იყო ამ საკითხზე ფერმერებთან ურთიერთობა?

- კაკალი მაღალცხიმიანი პროდუქტია, რაც მის მალფუჭებადობას იწვევს და ამიტომ გადამმუშავებელმა საწარმომ დროულად უნდა ჩაიბაროს. სხვანაირად საერთაშორისო ბაზარზე მისი გატანა თითქმის შეუძლებელია, ასე ევროკავშირის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ამიტომ ჩვენ საერთაშორისო ბაზრის ტექნოლოგიურ სტანდარტს ვირჩევთ.

nigozi-1642161687.jpg

- როგორია მითითება?

- მითითება ასეთია: მოსავლის აღებიდან 48 საათის შემდეგ ფერმერი ჩვენთან უნდა მოვიდეს, რომ ნედლეულის ხარისხი შევამოწმოთ. შედეგის მიხედვით ჩავიბარებთ ან ვერ ჩავიბარებთ, ანდა გადავამუშავებთ და უკან გავატანთ. ჩვენი საწარმოს მთავარი გადამმუშავებელი ხაზი ითვალისწინებს რეცხვას, შრობასა და კალიბრაციას. მერე, საჭიროების შემთხვევაში, იწყება სწორად გამომშრალი კაკლის ტეხვა. ნაჭუჭიან კაკალს ზომის მიხედვით ვასაწყობებთ. შენახვისას ნაჭუჭიანი კაკალი უსაფრთხოა.

- გატეხილს დიდი რაოდენობით არ ინახავთ?

- ჩვენი ქარხნისა და დანადგარის წარმადობიდან გამომდინარე, რომელიც უშუალოდ კაკალს ამტვრევს, ვცდილობთ, შეკვეთის დღეს გავტეხოთ და სულ ახალი დამტვრეული გავცეთ. მიაქვთ საკონდიტროებს, რესტორნებს, ჰიპერმარკეტებს... ბაზარზე იმპორტული ნიგვზის დიდი კონკურენციაა. ჭარბობს უკრაინული და ჩინური. იმედი გვაქვს, ქართველი მომხმარებელი ქართულ პროდუქტს აირჩევს.

- მთელი საქართველოდან იღებთ პროდუქტს?

- ვთანამშრომლობთ კომერციულ ბაღებთან. ენდემური ჯიშები, ძველი კაკლის ხეები რომ აქვთ ეზოებში, მათ პროდუქტს არ ვიღებთ. სქელნაჭუჭა კაკლის დამუშავების საშუალება არ გვაქვს. ვმუშაობთ ჩანდლერის ჯიშის კაკალზე, ფრანგულ, ესპანურ ჯიშებზე, რომლებიც თხელი ნაჭუჭითაა ცნობილი. დანადგარები, რომლებიც ჩვენც გვაქვს, მუშაობს ასევე საფრანგეთში. მსოფლიოს წამყვან კომპანიებში სწორედ ამ ხაზით ამუშავებენ კაკალს. ეს არის ერთ-ერთი პირველი ასეთი ინდუსტრიული საწარმო. მის გამართვაში უცხოელი სპეციალისტები დაგვეხმარნენ და მერეც გვიწევდნენ კონსულტაციას.

nigozi2-1642161688.jpg

- რამდენი კაკლის გადამუშავებაა შესაძლებელი?

- წელიწადში 500 ტონის. წლეულს ნაკლებად ხარისხიანი მოსავალი იყო. კლიმატურმა პირობებმა ხელი შეგვიშალა. ახლა ბაღების შემომატებასაც ველოდებით კახეთიდან, ქვემო და შიდა ქართლიდან. მოსავალი უნდა გასამმაგდეს. ამ საწარმოს მთავარი მიზანი მხოლოდ ჩვენი ბაღის იმედად მუშაობა არ არის, არ გვაქვს ისეთი რაოდენობა, რომ საწარმო აამუშაოს.

nigozi4-1642161890.jpg

- ფერმერთა პროდუქტი ერთმანეთთან ხომ ირევა?

- ერთმანეთთან შერევა გამორიცხულია. ანგარიშსწორებაც მას მერე ხდება, რაც კაკალი გაშრება. ფერმერი, რომლის პროდუქტიც საშრობში მოხვდება, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას სხვა კაკალი არ შეერევა, არ მოაკლდება წონა და გამოვა ზუსტად ის, რაც საჭიროა.

- მთავარი პრობლემა რა არის?

- ის, რომ დღემდე ცოტამ იცის, როგორ უნდა მოუაროს კაკალს, რომ ხარისხიანი მოსავალი მიიღოს. თავიდან ჩვენც დავუშვით მნიშვნელოვანი შეცდომები და დაახლოებით სამი წლის მოსავალი დავკარგეთ, ამიტომ ყველას ვთხოვთ, ცოდნის გაღრმავებაზე იფიქრონ, პროცესში აგრონომები ჩართონ და ფერმერებმა ერთმანეთს გამოცდილებაც გაუზიარონ.