"საჩხერის დარბაზში ვარჯიშისას დღემდე განსაკუთრებული ემოციით ვივსები" - კვირის პალიტრა

"საჩხერის დარბაზში ვარჯიშისას დღემდე განსაკუთრებული ემოციით ვივსები"

გასულ წელსაც ყველაფერი მოიგო: ოქროს მედლები ოლიმპიადაზე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, დაამყარა უამრავი რეკორდი, გახდა პლანეტის საუკეთესო ძალოსანი, საქართველოს წლის სპორტსმენი. თუმცა დიდი შესავალი არც არის საჭირო - უბრალოდ, წაიკითხეთ ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან:

- ახალი წლის დადგომას წელსაც მშობლიურ საჩხერეში, ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდი. ადგილი, სადაც გავიზარდე, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი ძალოსნობაში (ჩემი პირველი მწვრთნელი მამა იყო), გამორჩეულად ძვირფასია. საჩხერის დარბაზში ვარჯიშისას დღემდე განსაკუთრებული ემოციით ვივსები. უფლის წყალობით, ბოლო წლებში ისეთი შედეგები მაქვს, უმადური უნდა ვიყო, გასული წელი მადლიერებით არ გავაცილო ხოლმე. ასე იყო ამჯერადაც. ახალი წლის შემოსვლას კი მთელი ოჯახი დიდი სიხარულით და იმედით ვხვდებით.

- ყოველი წლის ბოლოს ასეთივე განწყობას გისურვებ! და მაინც, რა შეიძლება იყოს განსაკუთრებული საჩუქარი პლანეტის უძლიერესი მამაკაცისთვის, რომელსაც ერთი ოცნებაც კი აღარ დარჩა "ასაწევი"?

- მადლობა უფალს იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს, რაც მომიგია... ყველაზე დიდი სიმდიდრე და ბედნიერება ის არის, ოჯახის ყველა წევრი ჯანმრთელად რომ მყავს ბებია-ბაბუების ჩათვლით! საჩუქარი? რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემი გამარჯვებებია, ის სიყვარული, რასაც გულშემატკივრისგან ვგრძნობ.

- სეოკის გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო სპორტსმენებად "ტოკიო-2020"-ის ჩემპიონები - ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე დასახელდნენ: საერთაშორისო მასშტაბის აღიარება უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე შენთვის თუ საქართველოში საუკეთესოდ დასახელება?

- რამდენიმეჯერ მაღიარეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად. ხმის მიცემაში ყველა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ და ძალიან სასიამოვნოა, როცა ვხედავ, რომ არა მარტო საქართველოში მაფასებენ. თუმცა სამშობლოში საუკეთესოდ დასახელება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- მთლად სერიოზულად ნუ მიპასუხებ, მაგრამ... ყველა ტურნირსა თუ გამოკითხვაში პირველი ხარ და "წლის სპორტსმენის" წოდების ბექაურთან გაყოფამ უჩვეულო მდგომარეობაში ხომ არ ჩაგაგდო?

- 2019 წელს "წლის სპორტსმენებად" ერთდროულად დაგვასახელეს მსოფლიოს ექვსი ჩემპიონი. ასე რომ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მეტისმეტ თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა. ისიც მიხარია, რომ ასევე დამსახურებულად გამოარჩიეს ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ლაშას წარმატებას ვუსურვებ, ეს აღიარება კიდევ მეტ სტიმულს მისცემს. სამშობლოში დაფასება ყოველთვის არის დამატებითი მოტივაცია, რათა თავდაუზოგავი შრომა არ შეწყვიტო.

- კიდევ ერთმა ლაშამ, შავდათუაშვილმა მითხრა: ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც ვარჯიშის გაცდენის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევსო! ამდენი ტიტულის მოპოვების შემდეგ რთულია ყოველდღე ერთნაირი მონდომებით ივარჯიშო. "სიზარმაცეს" როგორ ებრძვი?

- 17 დეკემბრის შემდეგ (მსოფლიო ჩემპიონი სწორედ ამ დღეს გახდა. - რ.შ.) ბოლო დღეებამდე აღარ მივარჯიშია და აშკარად ვგრძნობდი, როგორ კარგავდა ფორმას ყოველდღიურ ვარჯიშს მიჩვეული ორგანიზმი. მიხარია, რომ უკვე დავუბრუნდი დარბაზს. ძალოსნობაში ტრავმა განსაკუთრებით ხშირია.

ასაკის მატებასთან ერთად, მეც მეტი სიფრთხილე მმართებს, თუმცა ჯერ არც მოტივაციის ნაკლებობას ვუჩივი, არც თავის დაზოგვას ვაპირებ - მინდა ყველა ტურნირში მაღალი შედეგი მქონდეს! რაც შეეხება შავდათუაშვილს, ლაშა უდიდესი სპორტსმენია, საოცრად მშრომელი ბიჭი, რომელიც წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს და მიაღწია კიდეც უნიკალურ შედეგებს. სხვათა შორის, ლაშასთან ამ თემაზეც მისაუბრია და იმის მიუხედავად, რომ სიზარმაცეს ვერავინ დაგვწამებს, ზოგჯერ ჩვენც გავიფიქრებთ ხოლმე, მზადებას რამე ხომ არ დავაკელით?! წელიწადში 10-11 თვე შტანგასთან ჭიდილი იოლი არ არის, ვარჯიში მეც დამზარებია, მაგრამ როცა იცი, ამ შრომით რამხელა სიხარული მოგაქვს გულშემატკივრისთვის, თავს მოდუნების უფლებას აღარ აძლევ.

- თეორიულად ყველამ ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ხუთჯერ მოგებას რვა ტიტული სჯობს, ორ ოლიმპიურ ოქროს უმაღლესი სინჯის ოთხი მედალი და ა.შ., მაგრამ პრაქტიკაში როგორაა: სად პოულობს მოტივაციას ყველაფრის მომგები სპორტსმენი?

- ალბათ, მთავარი ის არის, რომ კმაყოფილების გრძნობა არასდროს დამრჩენია. როცა აეროპორტში მომლოდინე უამრავ გულშემატკივარს ხედავ, ხვდები, რომ კიდევ ბევრჯერ გინდა განიცადო იგივე სიხარული. მინდა რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო.

- ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე... შესაძლებელია შევადაროთ ემოციები პირველი ოქროს მოგებისას და ოლიმპიადაზე მეორედ გამარჯვების შემდეგ?

- 2016 წელს ჯერ კიდევ გამოუცდელი სპორტსმენი ვიყავი. უკვე მქონდა მოგებული ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები, მაგრამ ოლიმპიადაზე პირველად მოვხვდი და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, გამარჯვება რამხელა პასუხისმგებლობას დამაკისრებდა. ტოკიოში კი გაცილებით გამოცდილი ჩავედი, თანაც ჩემგან მხოლოდ ჩემპიონობას და რეკორდს ელოდნენ და გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ოლიმპიადის გამართვას ხუთი წელი ველოდით, ყოველდღე ვიტესტებოდით, ბევრს ვნერვიულობდით და რა გასაკვირია, რომ ამდენი წვალების შემდეგ ორმაგად ვიყავი მონდომებული.

- ერთხელ თქვი, ფიცხი ხასიათი მაქვსო. არადა, გარეგნულად არაფერი გეტყობა. პირიქით, მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული ჩანხარ. რას შეუძლია ლაშა ტალახაძის მდგომარეობიდან გამოყვანა?

- ხშირად არა, მაგრამ ხანდახან წამიერად "ავენთები" ხოლმე, ან ცოტას წავიბუზღუნებ და მალევე ვმშვიდდები. რამდენჯერმე მკითხეს, ტაშკენტში, 267 კილოგრამის აწევის შემდეგ, მსაჯებს რას უყვიროდიო? დარწმუნებული ვიყავი, რომ წონა წესების დაცვით დავძლიე. ფიცარნაგიდან ჩასვლის შემდეგ ჟიურის წევრებს ხელით ვანიშნე, გადაამოწმეთ-მეთქი, მაგრამ მალევე დავინახე, რომ გიორგი ასანიძეს ბარათიც არ გამოართვეს: საეჭვო და გადასამოწმებელი არაფერი იყო!

- როცა სარეკორდო წონა - 225 კილოგრამი აიტაცე, წამიერად თითქოს გაგიჭირდა წამოდგომა... გვეხამუშა, რადგან ასეთ რაღაცებს მიუჩვეველი ვართ შენგან!

- მაქსიმალურ წონას ვეჭიდებოდი და ასეთ დროს უმცირესი შეცდომის დაშვებაც არ შეიძლება. შტანგის აწევისას არსებობს ე.წ. მკვდარი წერტილი, როცა სპორტსმენი "იჭედება" და წამოდგომას ვერ ახერხებს. თუ იმ მომენტში მოძრაობას გავაგრძელებდი, წამოდგომა გამიჭირდებოდა, ამიტომაც, წამით ჩავჯექი და სარეკორდო წონის რკინა მეორე ცდით დავიმორჩილე.

- ცნობილია, რომ სიმძიმის აწევა გაცილებით რთულია, ვიდრე უკვე აწეულის ჰაერში დაფიქსირება. რას გრძნობს ძალოსანი იმ 2-3 წამის განმავლობაში, როცა თავს ზემოთ 267-კილოგრამიანი შტანგა უჭირავს?

- როცა შტანგა უკვე თავს ზემოთ არის, მის წონას ვეღარ გრძნობ... თუ ასწიე, რაც უნდა მძიმე იყოს, დააფიქსირებ კიდეც რამდენიმე წამით.

- რაზე ფიქრობს ძალოსანი ფიცარნაგზე დაბიჯებიდან შტანგასთან მისვლამდე? თუ ამ დროს ავტომატურად ასრულებ მოძრაობებს?

- სხვები რაზე ფიქრობენ, არ ვიცი. მე კი მაქსიმალურად მობილიზებული ვარ -ზუსტად უნდა შევასრულო ყველა მოძრაობა, მწვრთნელის არც ერთი მითითება არ უნდა გამომრჩეს, რათა შტანგის სიმძიმის გამო კი არა, ჩემი შეცდომით არ გავაწბილო ათასობით გულშემატკივარი.

- რა რეაქცია გაქვს, როცა გესმის, რომ შესაძლოა ძალოსნობა 2028 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან ამოიღონ?

- ვერ წარმომიდგენია იმ მიზეზების გამო, რასაც ასახელებენ, ძალოსნობა ოლიმპიადის მიღმა დარჩეს. ვფიქრობ, გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ გაფრთხილებაა.

- რაც შეეხება პარიზის ოლიმპიადას, 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ძალოსნობის წონითი კატეგორიების რაოდენობის შეკვეცა იგეგმება. მძიმე წონად +102 კგ განისაზღვრება, რაც ნიშნავს, რომ +109-ში შენი დამყარებული რეკორდები ისტორიის კუთვნილება გახდება.

- როცა წონითი კატეგორია უქმდება, ახალ კატეგორიაში თავიდან იწყება სარეკორდო მაჩვენებლების დაფიქსირება. სიმართლე გითხრათ, ასეთ რაღაცებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არც აქვს - რეკორდებს თითქმის ყველა ტურნირზე ვამყარებ და მომავალში კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებლებს დავაფიქსირებ.

- ტარანენკოს გვარი სულ გვესმოდა (1988 წელს კანბერაში ლეონიდ ტარანენკომ აკვრაში 266 კგ დასძლია, რაც წლების განმავლობაში მიიჩნეოდა სარეკორდო მაჩვენებლად. - რ.შ.). ბელარუსი ძალოსნის გვარი და რეკორდი შენთვისაც იყო ერთგვარი "წითელი ნაჭერი", მოტივაცია, რათა ეს წონაც დაგეძლია და კიდევ უფრო მაღლა აგეწია თამასა?

- კონკრეტული გვარები და სპორტსმენები საზომად არასდროს მყოლია - ყველა ტურნირზე ვცდილობ უმაღლესი მაჩვენებლები დავძლიო. კანბერაში ტარანენკომ ორჭიდის ჯამში 476 კგ ასწია. ეს წონა ჯერ კიდევ პატაიაში, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავაუმჯობესე, ტაშკენტში კი უშუალოდ აკვრაშიც დავძლიე 267 კგ!

- კრიტიკა მოჰყვა წარმატებული სპორტსმენების განცხადებას სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით. კიდევ ხომ არ გსურს რაიმეს თქმა?

- "კრისტალბეთი" ჩემი სპონსორია, მაგრამ არასდროს მომიწოდებია ვინმესთვის, აზარტული თამაშები ითამაშეთ-მეთქი, მით უმეტეს, არც სპონსორს მოუთხოვია სათამაშო ბიზნესის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება. იმ პრესკონფერენციის დროს ჯერ არც ვიცოდით დეტალურად, რა სახის ცვლილებები იგეგმებოდა. ვინც თამაშობს, მათ ვურჩევ ხოლმე აზარტულ თამაშებს თავი დაანებონ და რა მოწოდებაზეა ლაპარაკი?! პრესკონფერენციაზე მხოლოდ ის აღვნიშნე, რომ ჩემგან განსხვავებით, არიან სპორტსმენები, რომლებიც მხოლოდ სათამაშო ბიზნესის კომპანიების სპონსორობაზე არიან დამოკიდებული. სწორედ ამ ხალხის სათქმელი ვთქვი - ძალიან ცუდი იქნება, თუ რომელიმე სპორტსმენი დაფინანსების გარეშე დარჩება-მეთქი. სამწუხაროდ, ბევრმა ისე გაიგო, თითქოს ვინმეს კაზინოში ან ტოტალიზატორში თამაშისკენ ვუბიძგებდეთ...

- ვიცი, რომ ჯერჯერობით ამის არც სურვილი გაქვს და არც დრო, მაგრამ... ოდესმე პოლიტიკაში ჩართვა თუ შემოუთავაზებიათ შენთვის?

- ამ ეტაპზე ნამდვილად არა მაქვს პოლიტიკოსობის სურვილი. სპორტში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება სხვა საქმიანობისთვის არ მემეტება! თუ ვინმეს დავჭირდები, თუ ქვეყანას გამოადგება რამეში, რატომაც არა?! მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ ჩემს თავს ისევ სპორტში ვხედავ. როცა ამის დრო მოვა, მაქსიმალურად დავუდგები გვერდით საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს, მით უმეტეს, რომ მყავს მწვრთნელები, რომელთაგანაც ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვსწავლობ.

- არა მარტო მწვრთნელებისგან, ვიცი, რომ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგანაც. რას ეტყვი კათოლიკოს-პატრიარქს, რას უსურვებ შენს სამშობლოს შობის დღესასწაულზე, 2022 წლის პირველ დღეებში?

- უწმინდესის ყურადღებას სულ ვგრძნობ, ტურნირებზე გამგზავრების წინაც არაერთხელ დავულოცივარ. მინდა ჩემთვის და ყველა მორწმუნისთვის უძვირფასეს ადამიანს მეც მივულოცო დაბადების დღე და ჯანმრთელობა ვუსურვო. ჩვენს ხელში დიდი გამძლეობა სჭირდება... ჩემს სამშობლოს კი მშვიდობიან და წარმატებულ წელს ვუსურვებ. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ძალიან მინდა ორმაგად დაუბრუნდეთ ის სიყვარული და პატივისცემა, რასაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატავენ.