ბებიაჩემი ამბობდა - საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობდაო, ანუ როგორ აპირებდნენ კომუნისტები ქორწინებისა და პროსტიტუციის ერთბაშად გაუქმებას. - კვირის პალიტრა

ბებიაჩემი ამბობდა - საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობდაო, ანუ როგორ აპირებდნენ კომუნისტები ქორწინებისა და პროსტიტუციის ერთბაშად გაუქმებას.

„მართალია, 1926 წლისთვის სტალინს ძალაუფლება ერთპიროვნულად ჯერ კიდევ არ ეპყრა ხელთ, მაგრამ სწორედ ამ დროიდან იწყება ქორწინებასთან დაკავშირებული ის რეფორმები, რომლებმაც ქვეყანა რევოლუციური ექსპერიმენტებისგან იხსნა და კვლავ ტრადიციული ღირებულებებისკენ შემოაბრუნა“,- თვლის მწერალი დავით ჩიხლაძე.

ვინაიდან თანამედროვე პოლიტიკური სიტუაცია არაფრის მთქმელია დღეს, უმჯობესია გადავხედოთ ისტორიის საინტერესო მოვლენებს. როდესაც მწერალ დავით ჩიხლაძის მასალებიდან ამონარიდებს ვარჩევდი, ბებიაჩემის ნათქვამი გამახსენდა, საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობდაო. თითქოს, ეს დანაშაული იყო ან უფრო მეტ პატიოსნებას ამტკიცებდა, ანაც - ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა, მაგრამ მახსოვს, ბავშვები ვიცინოდით ხოლმე.

მოკლედ, 1917 წელს ლენინს გამოუცია რამდენიმე დეკრეტი - „ქორწინებისთვის სასჯელის გაუქმების“ შესახებ, რომელთა აქტიურ განხორციელებას, თურმე, მაშინვე შეუდგნენ. ლენინსა და ტროცკის მიაჩნდათ, თურმე, რომ ოჯახი სექსუალური ჩაგვრისა და დაკაბალების მთავარი იარაღია და მან, როგორც ბურჟუაზიულმა ინსტიტუტმა, საკუთარი თავი ამოწურა.

საზოგადოებაში აღარ უნდა არსებულიყო სექსუალური ხასიათის აკრძალვები. გამოიტანეს ლოზუნგი - „ძირს სირცხვილი!“ და სხეულის დაფარვა ბურჟუაზიულ გადმონაშთად მიიჩნიეს. 1918 წელს საბჭოთა პეტროგრადში ლესბოსელების მსვლელობაც მოეწყო. შიშველი დემონსტრაცია ჩატარდა წითელ მოედანზე, მოსკოვში. სიმფეროპოლში ვლადიმერ მაიაკოვსკი ორ ქალბატონთან ერთად სეირნობდა, რომელთაც მხოლოდ მხარზე გადაგდებული წითელი ლენტა უფარავდა სხეულს იმავე წარწერით - „ძირს სირცხვილი!“. ვინც სირცხვილის გრძნობას ვერ დასძლევდა, მეშჩანად ( ვიწრო თვალსაწიერის მქონე წვრილმესაკუთრე ადამიანად) მონათლავდნენ...

1918 წლიდან „ქალების სოციალიზაცია“ დაიწყო, რაც 16-დან 25 წლამდე ასაკის ყველა ახალგაზრდა ქალს შეეხებოდა. ამ მისიის აღსრულება სპეციალურად გაცემული მანდატით აღჭურვილ პარტიულ მუშაკებს ევალებოდათ. ამავე წელს შეიქმნა კომკავშირის პირველი წესდება, სადაც ასეთი პუნქტიც შეიტანეს: „ყოველი კომკავშირელი გოგონა ვალდებულია, პირველივე მოთხოვნისთანავე დანებდეს ნებისმიერ კომკავშირელს, ვინც რეგულარულად იხდის საწევრო გადასახადებს და დაკავებულია საზოგადოებრივი საქმიანობით“.

თავისუფალი ქორწინების ასეთ პროპაგანდასთან ერთად გაუპატიურებებმა იმატა. თუმცა 1926 წელს გამოსულმა კანონმა მანამდე არსებულ გაუფორმებელ ქორწინებებს იურიდიული ძალა მიანიჭა და სრულიად გაუთანაბრა რეგისტრირებულ ქორწინებას. სწორედ ამიტომ დაიწყო საბჭოთა კავშირში ოჯახის ტრადიციისაკენ შემობრუნება, ხოლო ლენინისა და ტროცკის მიერ შედგენილი ქორწინების მუხლი სტალინმა, საბოლოოდ, 1929 წელს გააუქმა.

საბჭოთა კავშირში ადრეულ წლებში გამოცემულ წიგნებს შორის ერთ, ძალზე საინტერესო ნაშრომს ვხვდებით - ეს გახლავთ გელმანის „ თანამედროვე ახალგაზრდობის სექსუალური ცხოვრება“, რომელიც 1925 წელს დაიბეჭდა. წიგნი გამოკითხვის ანკეტებს ეყრდნობა და სქესობრივი ცხოვრების შესახებ ახალგაზრდობის შეხედულებებს გვამცნობს. ის, პირველ რიგში, იმით არის საინტერესო, რომ მასში უშუალოდაა ასახული რიგით მოქალაქეთა დამოკიდებულებები მთავარი ცხოვრებისეული საკითხისადმი.

წიგნის პირველივე გვერდებიდანვე ყურადღებას იპყრობს, რომ გამოკითხულ მამაკაცთა - 53, ხოლო ქალების - 31 პროცენტი ღიად აცხადებს, რომ რევოლუციის ორომტრიალსა და ქარცეცხლში სქესობრივი გრძნობა სრულიად დაუქვეითდათ, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ და იმედოვნებენ, რომ სიცოცხლის ხალისს ისევ ბრძოლებში დაიბრუნებენ.

სანამ ისევ ანკეტებს დავუბრუნდებით, საქმის არსში უკეთ გასარკვევად „კომუნისტური პარტიის მანიფესტის“ ის რამდენიმე პასაჟი გავიხსენოთ, საზოგადოებას ყოველთვის შეუმჩნეველი რომ რჩებოდა: „ოჯახის მოსპობა! თვით უკიდურესი რადიკალებიც კი აღშფოთებულნი არიან კომუნისტების ამ საზიზღარი განზრახვის გამო... თქვენ, კომუნისტებს, ხომ ცოლების ერთობის შემოღება გსურთ! ჩვენი ბურჟუები, რომლებიც არ კმაყოფილდებიან იმით, რომ მათ განკარგულებაში არიან მათი მუშების ცოლები და ქალიშვილები, ოფიციალურ პროსტიტუციაზე რომ სულაც არაფერი ვთქვათ, განსაკუთრებულ სიამოვნებას იმაში ჰპოვებენ, რომ ერთმანეთის ცოლები შეაცდინონ ხოლმე...“

გამოკითხულთა მესამედზე მეტს - როგორც კაცებს, ასევე - ქალებს, დაქორწინება საერთოდ არ სურთ, რადგან ეშინიათ, რომ თავისუფლებას დაკარგავენ. დანარჩენები ხელმოკლეობას ან სიყვარულის არარსებობას იმიზეზებენ. ბევრს ქორწინება ობივატელობად - მეწვრილმანე ადამიანთა მყუდრო თავშესაფრად მიაჩნია. ქალების ანკეტებში ასეთი პასუხებიც გვხვდება: „ ეს ხომ მეშჩანური წეს-ჩვეულებაა“. მამაკაცის ანკეტაში კი ასეთი პასუხიც გვხვდება: „თვით კომუნისტებს შორისაც კი ძნელია, ისეთი ქალიშვილი შეგხვდეს, რომელთან ქორწინებაც ობივატელურ ტრადიციებს არ მოიყოლებს თან“.

მაგრამ ნამდვილად მოულოდნელია, რომ ტრადიციულ ღირებულებებთან დაპირისპირებულ გარემოში უმეტესობისთვის აბორტი სრულიად მიუღებელი ყოფილა, მით უფრო - მოცემულ ისტორიულ მონაკვეთში ადამიანებს არანაირი რელიგიური შიში და დოგმა არ აწუხებდათ.

ამ გამოკითხვებში თავისუფლად ფიგურირებენ ჰომოსექსუალებიც. ასეთ მიდრეკილებებს ჯერ კიდევ არ თვლიან არც სისხლის სამართლის დანაშაულად და არც გარყვნილებად, მაგრამ მნიშვნელოვან გადახრად და უკურნებელ დაავადებად კი აღიარებენ. წარმოიდგინეთ, რაოდენ ფართო გაქანებისაა ერთი ახალგაზრდა ჰომოსექსუალი ქალბატონის ფანტაზია, როდესაც ლამის ასი წლის წინათ, 1924 წელს ისეთი დროის დადგომას ნატრობს, როდესაც მეცნიერება სქესის შეცვლას და მის კაცად გადაქცევას შეძლებს.

საბჭოთა წყობილების წლებში განხორციელებული სასიყვარულო ექსპერიმენტების მეშვეობით კომუნისტები კვლავ კერძო მესაკუთრეობას უსწორებდნენ იდეოლოგიურ ანგარიშს. ამ საქმიანობამ დასავლეთშიც ბევრი მოხიბლა, მათ საზოგადოების ასეთი მოწყობა ლამის უმაღლეს იდეალად წარმოსახეს და საკუთარ მთავრობებს გააფთრებით უსაბუთებდნენ, რომ თავისუფალი ურთიერთობები, თურმე, შრომისუნარიანობას ძალზე ამაღლებს და ადამიანებს ნევროზებისა და სხვა სნეულებებისგან იცავს.

მაგრამ რით მთავრდება დასავლელთა დიდი გატაცება? 1943 წელს გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ ამერიკელ კაპიტან რიკენბეკერთან, რომელმაც იმხანად სსრკ-ში იმოგზაურა. რიკენბეკერი ჰყვება, რომ მისი დაკვირვებით საბჭოთა კავშირი უფრო და უფრო მარჯვნივ, ტრადიციული ღირებულებებისკენ იხრება, ხოლო აშშ სულ უფრო მარცხნივ მიექანება. კაპიტანი მოინუსხა საბჭოთა საწარმოებში გამეფებული წესრიგით, მაშინ, როდესაც „ თავისუფლების“ იდეალით აღტკინებულ ამერიკას სამსახურში გამოუცხადებლობისა და გაცდენების გადაუჭრელი პრობლემა სტანჯავდა. კორესპონდენტის შეკითხვაზე - მიაჩნია თუ არა, რომ საბჭოთა კავშირი კაპიტალიზმისკენ მიდის, ხოლო ამერიკა კი - ბოლშევიზმისკენ? - კაპიტანი რიკენბეკერი მოკლედ პასუხობს - „ დიახ, გარკვეულწილად“.