"სცენაზე მეტისმეტად მხიარული და უდარდელი ვჩანვარ, მაგრამ სრულიად განსხვავებული ხასიათი მაქვს"
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში "გზა"
ვისაც ბიძინა მახარაძის განუმეორებელი სხარტულები მოუსმენია, ვერც კი იფიქრებს, რომ ის ძალიან დინჯი, სერიოზული ადამიანია და მისი ყოველდღიური ყოფა დიდად არ განსხვავდება სხვა ადამიანების ყოფისაგან.
- ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერათ?
- ამ შეკითხვამ ერთი კარგი სხარტულა გამახსენა: ბიჭი ეკითხება გოგოს: - გოგონი, ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერათ? - არაო, - უპასუხა გოგომ. - მაშინ მეორედაც ჩამოგივლიო, - უპასუხა "მოხერხებულმა" ბიჭმა. რაც შეეხება ამ მოვლენას, ანუ ერთი ნახვით შეყვარებას, მჯერა, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი განწყობით გაიღვიძებ დილიდან, როგორაა შენი სხეული მომართული ფიზიოლოგიურად. შეიძლება მთელი არსებით ეძებდე ადამიანს, რომელიც შეგიყვარდება და შესაძლოა, ასეც მოხდეს. იგივე ადამიანი ერთი კვირით ადრე ან გვიან რომ შეგხვედროდა, შესაძლოა, ეს აღტყინება არც კი გქონოდა. ამიტომ, ეს ძალიან კონკრეტული, სუბიექტური მოვლენაა.
- საინტერესოა, მეუღლეს თუ უკითხავთ თქვენს ახალ სკეტჩებს?
- გენიალური სატირიკოსი ჟვანეცკი ამბობდა: ცოლს ფელეტონი არ უნდა წაუკითხო, რადგან შენ მისთვის იუმორისტი კი არა, ჩვეულებრივი არსება ხარ, რომელსაც ყოველდღე ხედავო. ყოფითი პრობლემები, პოეზია და იუმორი ერთმანეთს ვერ უთავსდება. თანაც, ჩემს მეუღლეს საკმაოდ სერიოზული სამსახური აქვს: სასამართლოში მუშაობს, ყოველდღე სამსახურში მიდის და ძალიან დაკავებულია, ამიტომ იუმორისთვის დრო აღარ რჩება.
- როგორ იქმნება თქვენი სკეტჩები, სად პოულობთ ასეთ ხალისიან, ცოცხალ პერსონაჟებს, რომლითაც მთელ საქართველოს ახალისებთ და აცინებთ?
- ჩემს თითოეულ სკეტჩზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, ადამიანებს ვაკვირდები, მათი მანერები, ლაპარაკი და გამომეტყველება უმნიშვნელოვანესია. დღედაღამ შენს პერსონაჟებს რომ ეძებ, პოულობ კიდეც.
- ამბობენ, რომ სცენის მიღმა ყველა იუმორისტი ზედმეტად სერიოზულია, ამ ტრადიციას არც თქვენ ღალატობთ?
- დიახ, ასეა: სცენაზე მეტისმეტად მხიარული და უდარდელი ვჩანვარ, მაგრამ სრულიად განსხვავებული ხასიათი მაქვს: ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზული და დინჯი ვარ. როცა ხუმრობა შენი პროფესიაა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად: ექიმი, რომელიც მთელი დღე დაძაბულად შრომობს, საღამოს უნდა განიტვირთოს, უნდა იხუმროს. ჩვენც ასე ვართ - იუმორისგან დასვენება აუცილებელია და ეს ჩვენი პროფესიით გამოწვეული მოვლენაა. ამას ისიც ემატება, რომ დედაჩემი ქართლელი იყო, მამით გურული ვარ, მაგრამ ეტყობა, დედის გენეტიკა თავისას შვრება.
- ოჯახში ვინ თმობს პირველად - მეუღლე თუ თქვენ?
- მე საკმაოდ დამთმობი ვარ. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე კახელია, მაგრამ ჩემზე ფიცხია. ვფიქრობ, პირველად მამაკაცმა უნდა დათმოს, რადგან ის ყველაფერს გონებით უნდა წყვეტდეს, ქალი კი უფრო ემოციურია. ქალის სამყარო სხვაა, მამაკაცის - სულ სხვა, ამიტომ მათ შორის მორიგება და შეთანხმება მხოლოდ კომპრომისების გზით შეიძლება, როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის. ამგვარი მიდგომა ამართლებს და ამის დასტურია ის, რომ უკვე 15 წელია, ერთად ვართ. როცა ხასიათზე ვარ, მასზეც ვხუმრობ, მაგალითად: ტელეფონზე რომ დარეკავენ და მკითხავენ, დალი როგორ არისო, ვეხუმრები: ჯაჭვი გაწყვიტა და გეიქცა საცხა-მეთქი. ამასობაში ხუმრობა თვითონაც ისწავლა და ზოგჯერ ისეთ რამეს ამბობს, რომ გემრიელად მეცინება. რა თქმა უნდა, ეს პროფესიულ დონეზე არ გამოსდის, მაგრამ კახელია და კახელების იუმორი განსაკუთრებულია, ისევე, როგორ გურულების. ისე, ბედის მადლობელი ვარ, რომ ჩემი ცოლი გურული არაა, თორემ გურულ ქალებს სასწაული ენა აქვთ - შეუძლიათ ერთი სიტყვით მოგსპონ და გაგანადგურონ (იცინის).
ნანული ზოტიკიშვილი
ჟურნალი "გზა"