"სერგო ზაქარიაძემ და ვაჟა-ფშაველამ, შეიძლება ითქვას, გარკვეული როლი ითამაშეს ჩემს დაოჯახებაშიც" - კვირის პალიტრა

"სერგო ზაქარიაძემ და ვაჟა-ფშაველამ, შეიძლება ითქვას, გარკვეული როლი ითამაშეს ჩემს დაოჯახებაშიც"

მარიტასა და შორენა კოლონკელიძის ხმების "პატრონი" ქალბატონის მოგონებები

ზუსტად 65 წლის წინ, 1956 წლის 30 დეკემბერს, თბილისელების ოჯახში აინთო "ცისფერი ეკრანი" და ამუშავდა საქართველოს ტელევიზია. უფრო სწორად, მაშინ მას "თბილისის ტელეხედვა" ერქვა. მთაწმინდაზე უკვე დასრულებული იყო 186 მეტრი სიმაღლის სატელევიზიო ანძის მშენებლობა, რომლის სიგნალიც მხოლოდ დედაქალაქში ვრცელდებოდა.

რა თქმა უნდა, სატელევიზიო აპარატურაც ერთობ მწირი იყო. სტუდიაში მხოლოდ ერთი სტაციონარული კამერა იდგა. არ ჰქონდათ არც მოძრავი სატელევიზიო სადგური, არც ჩამწერი აპარატურა და, ასე განსაჯეთ, 16-მილიმეტრიანი კინოფირიც კი არ ჰქონიათ. მთავარი საინფორმაციო გადაცემა პირდაპირი ეთერით მხოლოდ ფოტოსურათებით გადიოდა. პირველ საინფორმაციო გამოშვებას ერქვა "რა მოხდა დედაქალაქში", შემდეგ დაარქვეს "ახალი ამბები", მოგვიანებით კი - "მოამბე". შტატში სულ 28 თანამშრომელი ჰყავდათ, არც ერთი მათგანი არ იყო პროფესიონალი. ტელევიზიის მთავარი სახე კი მაშინ დიქტორი იყო - ადამიანი, რომელიც მთელი შემოქმედებითი თუ ტექნიკური პერსონალის ნამუშევარს ეკრანზე წარმოაჩენდა. სწორედ მის ოსტატობაზე, მომხიბვლელობაზე, პიროვნებაზე იყო დამოკიდებული, როგორ მიიღებდა საზოგადოებრიობა ტელევიზიას.

დღეს ტელევიზიაც რადიკალურად შეცვლილია. დიქტორის პროფესია, ფაქტობრივად, აღარც არსებობს და შესაძლოა, ერთგვარი ნოსტალგიის გამოვლინებაც იყოს, რომ ბოლო პერიოდში ქართული ტელევიზიის, მე ვიტყოდი, ლეგენდარულ დიქტორებს, მათი ღვაწლის დაფასების ნიშნად, მთაწმინდაზე სახელობითი ვარსკვლავები გაუხსნეს. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს დიდებული დიქტორი, თინა მგალობლიშვილი - "მგალობელი თინა", როგორც თანამშრომლები ვეძახდით ამ უმშვენიერს ქალბატონს, რომლის ინტერვიუსაც გთავაზობთ.

- ქალბატონო თინა, პირველ რიგში, თქვენი ვარსკვლავის გახსნასა და შობა-ახალ წელს გილოცავთ! იმდენად საინტერესო ცხოვრების გზა განვლეთ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყოთ საუბარი. ამიტომ მოდი, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. თქვენს დროს დიქტორს გამართული მეტყველება, ხმის სასიამოვნო ტემბრი, ინტონაცია, ინტელექტი და გარეგნობა უნდა ჰქონოდა. ასეთ ადამიანებს ძირითადად, თეატრალურ ინსტიტუტში ეძებდნენ. თქვენც თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული ხართ. საინტერესოა როგორ და რატომ ჩააბარეთ იქ?

- ისეთ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, რომ სხვანაირად ალბათ არც შეიძლებოდა ყოფილიყო. მამაჩემი, მიხეილ მგალობლიშვილი ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო, მწერლების, ხელოვანების, თბილისის ინტელიგენციის მეგობარი. საქართველოს კულტურის სახალხო კომისრად მუშაობდა - მაშინ ასე ერქვა კულტურის მინისტრს. ყველას მხარში ედგა. ასეთივე იყო დედაც, მაგრამ დადგა 1937 წელი და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, განათლებულ, ნიჭიერ თაობას იმდროინდელმა სისტემამ დევნა დაუწყო. ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს, მწერლები, მსახიობები, მეცნიერები. დაიჭირეს მამაც, როგორც "ხალხის მტერი", მაგრამ მამა როგორღაც გადაურჩა დახვრეტას და 1988 წელს თავისი მემუარებიც გამოუშვა. "1937" "ლიტერატურულ საქართველოშიც" იბეჭდებოდა.

"მტრის ოჯახი" - ასე ერქვა მაშინ რეპრესირებულების ოჯახებს, მათ შორის ჩვენც. ძალიან გვიჭირდა. დედა იხსენებდა, რომ ბევრმა ახლობელმა შეაქცია ზურგი, მეზობლები არ ესალმებოდნენ, ყველას ეშინოდა... თუმცა - არა ყველას. ერთ დღეს მამას უახლოესი მეგობარი, ცნობილი მწერალი და დრამატურგი პოლიკარპე კაკაბაძე მოსულა დედასთან, ფული მოუტანია და უთქვამს: მიშას ვალი მქონდაო... 1953 წელს რეაბილიტაციის შემდეგ მამა რომ დაბრუნდა გადასახლებიდან, მერეღა გაირკვა, რომ არავითარი ვალი არ ჰქონია. ხომ ხვდებით, რა გააკეთა ბატონმა პოლიკარპემ?! ეს საშიში იყო მაშინ. აი, ასეთი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი პატარაობიდანვე. ჩვენთან იკრიბებოდნენ: ნიკოლოზ შენგელაია, ნატო ვაჩნაძე, ბევრი სხვა ისტორიული პიროვნება, მათ საუბრებს ვისმენდი. ეს ყველაფერი ილექებოდა ჩემში და სწორედ ამან განაპირობა ჩემი არჩევანი.

- ეგებ თქვენი პედაგოგებიც გაიხსენოთ.

- არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავდა. მეტყველებას მალიკო მრევლიშვილი გვასწავლიდა. მისი გაზრდილები არიან: ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, გოგი გეგეჭკორი. სწორედ მან შემაყვარა მხატვრული კითხვა. მეორე კურსზე კოტე მახარაძე გვყავდა. მთელმა საქართველომ იცის, რამდენად ერუდირებული პიროვნება იყო, მაგრამ ის ასევე ბრწყინვალე პედაგოგიც გახლდათ. მეოთხე კურსზე უკვე დიდებულ სერგო ზაქარიაძესთან მოვხვდი.

- ალბათ ამ კორიფეების დამსახურებაა, რომ მოგვიანებით სხვადასხვა ფილმის გახმოვანების ნამდვილი დიდოსტატი გახდით და ეკრანს მიღმა 600-მდე ფილმის პერსონაჟი გაახმოვანეთ.

- მხატვრული კითხვა ძალიან მიყვარდა და ჯერ კიდევ ინსტიტუტში გადავწყვიტე, რომ ამ გზას გავყოლოდი. ალბათ ჩემი მონაცემებიც მიწყობდა ხელს. პირველად რეჟისორმა კოტე გრძელიშვილმა შემომთავაზა პატარა ეპიზოდი. მერე უფრო დიდი ფრაგმენტი გავახმოვანე. თანდათან სხვებმაც მომაქციეს ყურადღება. ჩემი ხმა როგორღაც მოერგო ეკრანს და საკმაოდ ბევრი ფილმის დუბლაჟიც მომიხდა: მარიტა "ნატვრის ხეში", შორენა კოლონკელიძე "დიდოსტატის მარჯვენაში", ეკა "მხიარულ რომანში" და, რაც ძალზე საამაყოა ჩემთვის, ნატო ვაჩნაძე გავახმოვანე აღდგენილ ფილმში - "სამი სიცოცხლე". არაჩვეულებრივ რეჟისორებთან და მსახიობებთან მომიწია მუშაობამ. დავით რონდელი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, გურამ პატარაია, შოთა მანაგაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი... მარტო ის რად ღირს, კოტე დაუშვილი და სესილია თაყაიშვილი რომ შემაქებდნენ! ის წლები უბედნიერესი იყო ჩემთვის.

სხვათა შორის, სერგო ზაქარიძემ და ვაჟა-ფშაველამ, შეიძლება ითქვას, გარკვეული როლი ითამაშეს ჩემს დაოჯახებაშიც. ახალი მისული ვიყავი რადიოში, ვაჟას დღეები რომ აღინიშნებოდა. მისი რომელიმე ნაწარმოების წაკითხვა მთხოვეს. ბატონი სერგოს ხელმძღვანელობით იმ დროისთვის უკვე კარგად მქონდა დამუშავებული ვაჟას ბრწყინვალე ლექსი "კლდე და მდინარე". პირდაპირ ეთერში წამაკითხეს, ყველას მოეწონა და მილოცავდნენ. მომილოცა ვიღაც ახალგაზრდა კაცმაც. შევხედე, გარეგნულად მომეწონა. მეორე დღეს ისევ მომილოცა იმ ახალგაზრდამ. მესამედაც რომ იგივე გაnმეორდა, ბოლოს ვუთხარი: თქვენ რა, სხვა არაფრის თქმა არ შეგიძლიათ-მეთქი? - და მანაც გაბედა სათქმელი. ეს იყო ჩემი მომავალი მეუღლე, ამირან ბარდაველიძე, ტელევიზიის რეჟისორი. სამწუხაროდ, ის ჩვენ შორის აღარ არის. სამაგიეროდ, მყავს არაჩვეულებრივი შვილი, მაკა ბარდაველიძე, და კიდევ უკეთესი შვილიშვილი, ელენე ჯანელიძე. მაკა მსახიობი და თან ტელერეჟისორია, ელენე კი მაგისტრატურაში სწავლობს, ძალიან ლამაზ ლექსებს წერს.

- როდის და როგორ დაიწყეთ რადიოს დიქტორად მუშაობა?

- ისე დაემთხვა, როცა ინსტიტუტი დავამთავრე, რადიოს დიქტორთა კონკურსი გამოცხადდა. მე და თინა ელბაქიძემ გავიმარჯვეთ. სრულიად ახალგაზრდა ვიყავი. ეს დაახლოებით 1960-იანი წლების დასაწყისია. მას შემდეგ დაახლოებით 30 წელი ვიმუშავე ჯერ რადიოს, ხოლო შემდეგ ტელევიზიის დიქტორად.

- პირველად ეთერში ჩანაწერით გახვედით თუ პირდაპირ ეთერში წაიკითხეთ ტექსტი?

- ახლაც მახსოვს, ცოცხალ ეთერში გავედი, ამინდის პროგნოზი წავიკითხე. ძალიან ვნერვიულობდი, რომ ხმა არ ჩამხლეჩოდა, რაიმე არ შემშლოდა. პასუხისმგებლობა დიდი იყო, მილიონობით ადამიანი მისმენდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩემი შიში არ გამართლდა. სხვათა შორის, არ გამართლდა არც ამინდის პროგნოზი. სამაგიეროდ, ძალიან გამიმართლა უფროსი თუ შემდგომი თაობის კოლეგებში. ქალბატონი ქეთო ლანდია, დავით სოკოლოვი, ჯემალ ჯაველიძე, მერი მიქელაძე, ლევან ყავლაშვილი, საშა იოსელიანი... ყველას ვერ ჩამოვთვლი. საოცარი პიროვნებები და დიქტორები იყვნენ. იმ წლებში მიკროფონთან მუშაობა ადვილი არ იყო. ყველანი დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით საქმეს. ეს იყო ქართული სიტყვის ოსტატთა ერთგვარი სკოლა.

- რადიოს შემდეგ ტელევიზიის დიქტორად გადახვედით. რომელი უფრო რთული იყო - რადიო თუ ტელედიქტორობა?

- ერთხელ ზუსტად იგივე მკითხა ჩვენმა დიქტორმა, ომარ ტივაძემ. რას ლაპარაკობ, - ვუპასუხე, - რადიო აკადემიაა-მეთქი. ამის შემდეგ რომ შემხვდებოდა ხოლმე, სულ მახსენებდა, - შე აკადემიუროო!..

ორივე რთულია. ისინი ერთმანეთს კიდეც ჰგავს და თან განსხვავდება, თუმცა პასუხისმგებლობა ორივე შემთხვევაში ძალიან დიდია. იცი, რადიო უფრო ინტიმურია. სტუდიაში მარტო ხარ და მთელი დატვირთვა შენს ხმაზე, ინტონაციაზე, შინაგან ენერგიაზე მოდის. ტელევიზიაში ყველაფერი ეს რჩება და თან ემატება ვიზუალი, მაყურებელი გხედავს, თავისებურად გაფასებს. ორივე შემთხვევაში, მსმენელთანაც და მაყურებელთანაც კონტაქტი გჭირდება, უნდა გენდობოდნენ, სითბო უნდა იგრძნონ შენგან.

- კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც რადიოდან ტელევიზიის დოქტორად "მოამბეში" გადახვედით. ამ პროგრამის წაყვანა კი იმხანად ლამის პარტიული კრების სახალხოდ ჩატარების ტოლფასი იყო - ერთი სიტყვაც არ უნდა შეგშლოდა, არავინ გაპატიებდა და მაშინვე დაგითხოვდნენ სამსახურიდან. საინტერესოა, ვინ განდოთ "მოამბის" დიქტორობა?

- ეს იყო 1980-იანი წლების დასაწყისში. მაშინ ტელევიზიაში ძალიან კარგი ჟურნალისტი, არმაზ სანებლიძე მოიყვანეს თავმჯდომარის მოადგილედ, "მოამბეს" კურირებდა. იმ პერიოდში ქართულ ხალხურ პოეზიაზე ლიტერატურული გადაცემები მიმყავდა ტელევიზიით. ბატონ არმაზს მოეწონა და სწორედ მან მიმიწვია "მოამბეში" დიქტორად.

- ტელევიზიას ერთი საინტერესო თვისება აქვს - ვინც კი ეკრანზე გამოჩნდება, პრაქტიკულად იმ დღიდანვე ცნობილი ხდება. დღეს ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ მოშორდებიან თუ არა ეკრანს, ხალხს მაშინვე ავიწყდებიან. სულ სხვა არის პოპულარული პიროვნება. პოპულარულები იყვნენ ეროსი მანჯგალაძე (ერთი პერიოდი ისიც დიქტორად მუშაობდა), კოტე მახარაძე, ლია მიქაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე და კიდევ სხვა მრავალი. ერთხელ ჩვენი რადიოს ძალიან საყვარელმა დიქტორმა, თინა ელბაქიძემ მომიყვა, რომ ქუჩაში მოხუცებული, ბრმა ქალბატონი გადადიოდა. თინა მივიდა და დახმარება შესთავაზა. მოხუცმა ხმაზე იცნო და უთხრა: თინა, შვილო, მე შენი თვალებით ვხედავ ქვეყანას და შენი დიდად მადლობელი ვარო. ეს არის ხალხის სიყვარული. ეს პოპულარობაზე გაცილებით მეტია...

ალბათ თქვენთვის რაღაცას ნიშნავს ის ვარსკვლავი, რომელიც ახლახან გაიხსნა მთაწმინდის პლატოზე, სადაც 1956 წლის 30 დეკემბერს ამუშავდა ქართული ტელევიზია. ვფიქრობ, ესეც ხალხის სიყვარულიდან მოდის. ამას ადვილად ვერ დაიმსახურებ.

- იცით, ჩემს ცხოვრებაში ეს იყო სრულიად განსხვავებული და არაჩვეულებრივი დღე. ამის შეგრძნებას ალბათ კიდევ რაღაც დრო სჭირდება, რომ კარგად აღვიქვა. საერთოდ, შემოქმედებითი ცხოვრება არ არის სტაბილური. აღმასვლაც არის და ხელმოცარვაც. როდესაც ამ რთული გზით მიდიხარ და ბოლო გაჩერებამდე მიხვალ, იქ, სადაც გიხსნიან ვარსკვლავს, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! თანაც, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, სად იხსნება ეს ვარსკვლავი. მთაწმინდაზე, იმ წმინდა მთაზე, სადაც ქართული მწერლობის, პოეზიის, ჩვენი წმინდანების სულები ტრიალებენ. ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი... აი, ამათ ქვევით ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, გაგვიხსნეს ვარსკვლავები. ეს წარმოუდგენელი, დაუჯერებელი ბედნიერებაა. ამით იამაყებს ჩემი შთამომავლობა.

გოგი ფრანგიშვილი

ჟურნალი "გზა"