"შეყვარებული ვარ, დიდი ხანია" - კვირის პალიტრა

"შეყვარებული ვარ, დიდი ხანია"

ეთერ ლიპარტელიანი: "ყოველთვის ვცდილობ, ჩემს სვანეთს მივუძღვნა გამარჯვება"

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალის ტიტული 22 წლის ეთერ (ეთო) ლიპარტელიანს მიანიჭა. ეთო ამით ძალიან გახარებულია და წინ დიდი მიზნები აქვს. ახალ წელს სპორტსმენი ლენტეხში, მშობლიურ კუთხეში შეხვდა. იქაც სიურპრიზი მოუწყვეს და ახალი წლის ღამეს ლენტეხის მერმა ადგილობრივების სახელით ეთერს მადლობის სიგელი გადასცა. "ორმაგად სასიხარულო და სასიამოვნოა ჩემი ლენტეხლებისგან, ჩემი სვანებისგან დაფასება და სიყვარული, მიყვარხართ ძალიან! ვეცდები, კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ და ყოველთვის ლენტეხს მივუძღვნი ჩემს გამარჯვებას", - ასე მიმართა მან შეკრებილ გულშემატკივრებს.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ძიუდოში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა. დიდი გამარჯვება 20 წლის ასაკში, 2019 წელს მაროკოში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოიპოვა, სადაც 5 ბრძოლაში წარმატებით იასპარეზა. ფინალში იაპონელი მეტოქე იპონით დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინეთში ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, არის ასევე ჭაბუკებს შორის ევროპის თასის მფლობელი, უფრო ადრე კადეტებში ბავშვთა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. საერთოდ, 2016 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში არაერთი ტიტულის მფლობელია. მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებიდან ორ კვირაში, რუსეთში, ევროპის ოცდასამწლამდელთა ჩემპიონატიდანაც ოქროს მედლით დაბრუნდა. 2021 წელს ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზეც გამარჯვებისთვის იბრძოდა, მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ეთერ ლიპარტელიანი:

- საუკეთესო ქალ სპორტსმენად რომ დამასახელეს, მოულოდნელი იყო ჩემთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ოლიმპიურ კომიტეტს. დიდი პატივია ეს და ძალიან მიხარია. წინა წელს დამასახელეს "ოლიმპიურ იმედად". სამწუხაროდ, ვერ გავამართლე იმედი, ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დავიკავე. გული დამწყდა, მაგრამ არ ვნებდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ 2024 წელს პარიზში ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე. 2021 წელს გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონებიც გავხდით. პირველად მოხდა ისტორიაში, რომ გოგონებმა და ბიჭებმა ერთად ვიასპარეზეთ. საბოლოოდ, მაინც დადებითად შევაფასებ გასულ წელს. როცა ოლიმპიადაზე ჩემს გამოსვლას ვაანალიზებ, ცოტა შეცდომაც იყო დაშვებული, არ გამიმართლა, იმიტომ, რომ ერთ ქულას ვუგებდი ფრანგ მეტოქეს. ვფიქრობ, რომ არა გამოუცდელობა, მოგებას შევძლებდი. ერთი წუთი მქონდა დარჩენილი და უნდა გამეძლო... მერე ფინალში გავიდა ის ფრანგი. იქ შევძლებდი მის დამარცხებას. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ფინალში მეც გავსულიყავი და უმაღლესი სინჯის მედალი მომეპოვებინა...

- საერთოდ, რატომ გადაწყვიტე, ძიუდოზე გევლო?

- ლენტეხში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან ცელქი ვიყავი. მიყვარდა ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში. გოგონებთან იშვიათად ვთამაშობდი. ჩვენთან ძიუდოს დარბაზი რომ გახსნეს, გადავწყვიტე, გასართობად შევსულიყავი, ენერგიას ვერ ვხარჯავდი და მინდოდა, იქ მევარჯიშა. დედა წინააღმდეგი იყო, მაგრამ მამა გვერდში დამიდგა. მაშინ ის ესპანეთში გახლდათ, იქიდან მგულშემატკივრობდა. დედამ რამდენჯერმე თავი დამანებებინა ვარჯიშისთვის, მაგრამ მაინც მივდიოდი. ორი წელი ლენტეხში ვიარე. მივხვდი, ძიუდო არ იყო ჩემთვის გართობა, არც დროის კარგვა, ამიტომ გადავწყვიტე, თბილისში წამოვსულიყავი და მევარჯიშა. 10 წლისა წამომიყვანა ბიძაჩემმა, მალხაზ ლიპარტელიანმა და პირად მწვრთნელს, კახა მოცრაძეს მიმაბარა. ბიძა სულ მხარში მედგა, მასთან ვცხოვრობდი რუსთავში. ყველაფერს აკეთებდა, წარმატებული რომ ვყოფილიყავი. ბიძას ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის. ყოველდღე რუსთავიდან თბილისში სავარჯიშოდ მომყვებოდა. 2 წლის განმავლობაში არც ერთი ვარჯიში არ გამოუტოვებია, რადგან ეშინოდა, რამე არ მომსვლოდა, 3-დან 9-10 საათამდე ჩემთან ერთად იყო. როცა წამოვიზარდე, 13 წლიდან უკვე მარტო დავდიოდი რუსთავიდან თბილისში. ახლობლებს, განსაკუთრებით ქალებს არ უნდოდათ, ძიუდოზე მევლო. მეუბნებოდნენ, ეს არ არის ქალისთვის შესაფერისი სპორტი, სხეული გაგიფუჭდებაო. მაინც დაჟინებით ვამბობდი, რომ მინდოდა ძიუდოზე სიარული... დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად ვარჯიშს. როცა სწორად ვარჯიშობ, კუნთებიც ზომიერად ვითარდება, არ უხეშდება, პირიქით, სხეულს პლასტიკურობა ემატება, უფრო ლამაზი და მკვრივი ხდება. ახლა ამბობენ, - გახსოვს, როგორ გიშლიდით და თურმე, რა მომავალი გქონიაო!.. ლენტეხელები ყოველთვის მგულშემატკივრობენ, უხარიათ ჩემი გამარჯვება და მეც ყოველთვის ვცდილობ, სვანეთს მივუძღვნა ჩემი გამარჯვება. ხშირად ვამბობ, ვუძღვნი ჩემს ლენტეხელებს-მეთქი. ისინიც გულის ფანცქალით ელოდებიან ჩემს გამარჯვებას, ყველა ტელევიზორთან არის მიმჯდარი და მეც ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო, გავახარო ჩემი სვანები და ჩემი ქვეყანა.

- ლენტეხში ხშირად დადიხარ?

- ხშირად ვერა, რადგან სულ გვიწევს უცხოეთში გასვლა, გამუდმებით ვვარჯიშობ. წელს საახალწლოდ მოვიცალე და ერთი კვირით ჩამოვედი. ჩემს მშობლებს არ აკმაყოფილებთ ჩემი ასე ცოტა ხნით ჩამოსვლა და წასვლის დროს დედა ყოველთვის დამწუხრებულია, თვალცრემლიანს ვტოვებ... ოლიმპიადისთვის რომ ვემზადებოდი, მთელი წელი არ ჩამოვსულვარ სვანეთში და ამიტომ, ჩემს მშობლებს უწევდათ ჩვენთან, თბილისში ჩამოსვლა. ახლა სვანეთში თოვლი დამხვდა, ძალიან ცივა, ყინავს, მე კი აქაც ყოველდღე ვვარჯიშობ, მთებში მიწევს სირბილი და ვიყინები.

- როგორია შენი ერთი დღე?

- ყოველი დღე ვარჯიშით იწყება. საღამოს 5 საათზე ისევ ვვარჯიშობ, შუალედში ვისვენებ, 8 საათზე მოვდივარ შინ. ვკითხულობ წიგნებს. დასთან ერთად ვცხოვრობ. 4 დედმამიშვილი ვართ. ჩემი პატარა და 11 წლისაა, ისიც ძიუდოზე დადის. იმედი მაქვს, ჩემზე მაგარი იქნება, კარგი მონაცემები აქვს. უფროსი და მოცეკვავეა. ძმაც ჩემთან ერთად დადიოდა ჭიდაობაზე, მაგრამ რომ მოვუგე, მერე დანებდა, მიატოვა ვარჯიში. დაოჯახებულია.

- ბიჭებს რა დამოკიდებულება ჰქონდათ, გოგო ძიუდოზე რომ დადიოდი?

- ძალიან უკვირდათ, როცა იგებდნენ, ძიუდოზე დავდიოდი. არ ვიყავი ისეთი ბავშვი, თავის შესაძლებლობებს რომ ავლენს, ყოველთვის წყნარად ვიყავი. გოგო როგორ მოგვიგებსო?! - ამბობდნენ და მერე რომ ვუგებდი, ბრაზობდნენ. ბიჭებთან ბევრჯერ მიჭიდავია ვარჯიშზე. ახლაც ყოველთვის ვეჭიდავები და ბევრს ვუგებ. 10 წლისა, სანამ თბილისში წამოვიდოდი, ლენტეხში შეჯიბრებაზე ბიჭებს ვეჭიდავებოდი, ხან პირველი ადგილი მქონდა, ხან - მეორე. ბევრმა იმიტომ დაანება თავი ჭიდაობას, რომ გოგომ მოუგო. ეს დამოკიდებულება თუ შეიცვლება, ცუდი არ იქნება. შაყირს უწყებდნენ, - გოგომ როგორ მოგიგოო?!

- ახლა რა მიზანი გაქვს?

- მინდა, სამივე ტიტულის მოგება შევძლო, გავხდე ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი უკვე დიდებში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება და მიზანი რეალობად ვაქციო.

- ჭიდაობის გარდა, კიდევ რა გიტაცებს?

- ცხენით ჯირითი მიყვარს, მაგრამ დიდი ხანია, არ მიჯირითია. ცხენს რომ ვხედავ, სულ ვეფერები. საერთოდ, ცხოველები მიყვარს. თბილისში კატა მყავს... ადრე კლდეზე ცოცვა მიყვარდა, მეკლდეური ვარ, ხელების გასავარჯიშებლად ეს ძალიან კარგია.

- ტატამის მიღმა ალბათ, გაპრანჭვაც გიყვარს, არა?

- გაპრანჭვაც მიყვარს და ლამაზი კაბებიც, მაკიაჟიც. ვიყენებ საშუალო ტონებს - არც ძალიან ღიას და არც მუქს. ვიცვამ სპორტულ ტანსაცმელსაც და კლასიკურსაც. ქუსლიანი ფეხსაცმლითაც დავდივარ... ტაძარში სიარულიც მიყვარს. ყოველთვის მადლობის სათქმელად მივდივარ. ვცდილობ, უფლის მოშიში ვიყო და ეკლესიურად ვიცხოვრო. შეკრებაზე ან შეჯიბრებაზე უცხოეთში, ყოველთვის თან მაქვს ხატები და ასპარეზობის წინ სანთელს აუცილებლად ვანთებ. ტატამზე გასვლამდე ყოველთვის პირჯვარს ვიწერ და "მამაო ჩვენოს" ვამბობ. ჩანთით დამაქვს ბიძაჩემის ნაჩუქარი ღვთისმშობლის და ახლობლების ნაჩუქარი პატარა ხატები. რომ არა უფლის დახმარება, ამდენს ვერ მივაღწევდი.

- ეთო ლიპარტელიანი შეყვარებულია?

- შეყვარებული ვარ, დიდი ხანია. ჩემი შეყვარებული ძიუდოისტი თემურ ნოზაძეა. მიზანს რომ მივაღწევთ, მერე დავქორწინდებით. ახლა ხელი შემეშლება და ვცდილობ, არ ვიჩქარო. ისიც მოტივირებულია ჩემთან ერთად, ძალიან უხარია ჩემი წარმატებები. რჩევებს ვაძლევთ ერთმანეთს. თვითონ საქართველოს ჩემპიონი გახდა და ეროვნული ნაკრების წევრია, ბევრი ტიტული აქვს და წინ მიიწევს. ჩემი ტოლია და შეჯიბრებაზე გავიცანით ერთმანეთი.

- ერთმანეთს ხომ არ შერკინებიხართ ტატამზე?

- ბევრჯერ გვიჭიდავია ვარჯიშზე და სხვათა შორის, არასდროს თმობს. ბაკურიანში ვიყავით შეკრებაზე, ჩამოთოვა და თოვლში გავედით. უცებ წამაქცია. ძალიან გავბრაზდი. მეც არ დავუთმე და ისე დავაგდე ძირს, რომ თავი დაარტყა. მაშინ მითხრა, აწი საერთოდ აღარ გაგეხუმრებიო... რაც მთავარია, თემო პატიოსანი, შრომისმოყვარე და კეთილშობილი ადამიანია. დიდი ხანია, ერთად ვვარჯიშობთ, ასპარეზობაში ის სტიმულს მაძლევს.

- რა არის მთავარი იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიო?

- ძალიან შრომისმოყვარე ვარ, რეჟიმში ყოფნა მიყვარს, დასვენების დროს ვცდილობ დავისვენო, ვარჯიშის დროს კი მაქსიმუმი გავაკეთო. დარწმუნებული ვარ, შრომა დამიფასდება და წინ დიდი წარმატებები მელის. მინდა, ყველას მივულოცო შობა-ახალი წელი! ხვავისა და ბარაქის წელი ყოფილიყოს. ვისურვებდი, 2022 წელი ყველასთვის საუკეთესო ყოფილიყოს. რაც მთავარია, უფლის მფარველობა არ მოგვკლებოდეს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა"