"ამ ასაკამდე სიყვარული არ მწვევია"
შემთხვევა, რის შემდეგაც ანა ხაჩიძე ცდილობს, ძლიერი იყოს
ასაკი: 28 წლის.
პროფესია: ჟურნალისტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: არის "ახალი შაბათის შოუს" მსახიობი. ასევე - კერძო სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
ჰობი: ფოტოგრაფია.
ცხოვრების დევიზი: "ყოველი დღის ნაყოფიერად გამოყენება".
- იღბლიანი უფრო მეტად ხარ თუ ნიჭიერი?
- მგონი, ორივე ერთმანეთს აბალანსებს.
- რომელ სოციალურ ქსელს ანიჭებ უპირატესობას?
- "ინსტაგრამს". "ტიკტოკზე" უფრო მაყურებლის ამპლუაში ვარ - ვიდეოებს ხშირად ვუყურებ. "ინსტაგრამზე" უფრო ვაქტიურობ, ვიდრე თუნდაც, "ფეისბუკზე". ამ უკანასკნელს ძირითადად, სამსახურის გამო ვიყენებ.
- ყავა თუ ჩაი?
- ჩაი. ყავის მოყვარული არ ვარ.
- ზაფხული თუ ზამთარი?
- ზაფხული და ზამთრის რამდენიმე დღე, რომელსაც კურორტზე ვატარებ (იცინის). ჩემთვის ზამთარი თოვლთან ასოცირდება: თუ თოვლი არ არის და უბრალოდ სიცივეა, ეს ჩემთვის არაკომფორტული გარემოა.
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?
- დროში მოგზაურობის უნარს. მომავალშიც სიამოვნებით ვიმოგზაურებდი და წარსულშიც, კონკრეტული ისტორიული დეტალების გასაგებად.
- შენი ხასიათის საუკეთესო თვისებად რას მიიჩნევ?
- სიმშვიდეს. გარკვეულ სიტუაციებში "აფეთქებებიც" მახასიათებს - ყოველთვის გაწონასწორებული ხასიათი არ მაქვს, მაგრამ კონკრეტულ საკითხებში მშვიდი ვარ: როცა შეიძლება, ადამიანებმა თავშეკავება ვერ შეძლონ, პირადად მე, ამას მარტივად ვახერხებ. მიმაჩნია, რომ ეს კარგი თვისებაა, რადგან ბევრჯერ სიტუაციის გაუარესებისგან ვუხსნივარ.
- ყველაზე ხშირად რის გამო გსაყვედურობენ?
- ოჯახის წევრები მსაყვედურობენ, რადგან გაბუტვა მჩვევია, უფრო ზუსტად - ხმას არ ვიღებ ხოლმე (იღიმის). თუ რაღაც მწყინს, ამაზე არ ვსაუბრობ - ჩუმად ვარ; ასევე, ცოტათი დაგვიანებაც ჩემი პრობლემაა: როცა ვიცი, რომ დაგვიანებით საქმე არ ფუჭდება, შემიძლია, არაპუნქტუალური ვიყო...
- მაქსიმუმ რამდენი ხნით დაგიგვიანებია?
- 2 საათით. საერთოდ კი 10-15 წუთის დაგვიანებით შემოვიფარგლები ხოლმე.
- რა მოხდა, 2 საათით რის გამო დაიგვიანე?
- მეგობართან მივდიოდი - არ მახსოვს, რას აღვნიშნავდით. უბრალოდ, სამზადისი ცოტათი გამიგრძელდა (იღიმის)...
- პაემანზე წასვლისას, მოსამზადებლად რა დრო გჭირდება?
- სხვათა შორის, ბევრ დროს არ ვანდომებ, მაქსიმუმ - 1 საათს. ოთახში სიარული მიყვარს. შეიძლება, ოთახიდან 3 ნივთი ცალ-ცალკე გამოვიტანო და არა - ერთბაშად, ამის გამო მაგვიანდება ხოლმე. დილითაც რომ ვიღვიძებ, ჩემი პრობლემა ესაა: სახლში ბევრს დავდივარ, ასე ვთქვათ, უთავბოლოდ (იცინის)... ჩემი ძირითადი დრო თმის მოვლაში იხარჯება - მომზადებისთვის განსაზღვრული 1 საათი ორად გადაიქცევა ხოლმე. სახის კანზე მეტად, თმას ვუვლი.
- რისი კომპლექსი გაქვს?
- არ ვიცი, ამას "კომპლექსი" დავარქვა თუ არა. ალბათ, უარყოფითი თვისება უფროა: ზედმეტად ბევრს ვფიქრობ. ასევე, თითქოს დღემდე მნიშვნელობას ვანიჭებ, ჩემ შესახებ სხვები რას იტყვიან. თითქოს ეს კომპლექსი დავძლიე: ვცდილობ, სხვების სიტყვებს ყურადღება არ მივაქციო (ცხადია, ოჯახის წევრებს არ ვგულისხმობ, მათი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება).
- ყველაზე მეტად, რა გაგირისკავს და რისკმა თუ გაამართლა?
- დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა, ძლიერი, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, ბიჭებს არაფერში ჩამოვრჩენოდი. მოსწავლეობის პერიოდში, ერთ-ერთ ექსკურსიაზე, ბიჭები ჩანჩქერიდან ხტებოდნენ. დედამ გამარისკვინა - შემაგულიანა, რომ მეც გადავმხტარიყავი. ჩემთვის ეს რისკი იყო, რადგან ცურვა ძალიან კარგადაც არ ვიცოდი... მოკლედ, გადავხტი, ოღონდ შემდეგ, იქიდან ამოსვლას ბევრი დრო მოვანდომე. მას მერე ვცდილობ, ძლიერი ვიყო, უკან არასოდეს დავიხიო. თუკი მიზანს დავისახავ, აუცილებლად გამომივა. მოზარდობისას ჩადენილმა პატარა ქმედებამ ეს თვისება გამომიმუშავა...
- შენი საყვარელი ტელეგადაცემა რომელია?
- მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიაში ვმუშაობ, ტელევიზორის ყურებას დიდად ვერ ვახერხებ... "ახალ შაბათის შოუს" და "მთავარ გოგოებს" დავასახელებ.
- პირველი სიყვარული როდის გეწვია?
- გაგიმხელთ, რომ ამ ასაკამდე სიყვარული არ მწვევია, არც - ცალმხრივი (იცინის), თუმცა პატარა ასაკში ერთი ბიჭი ძალიან მომწონდა: სოფელში ერთად ვისვენებდით ხოლმე. ვცდილობდი, მეგობრების იმ ჯგუფში ხშირად ვყოფილიყავი, სადაც ის იყო...
- როგორ მოხდა, რომ შენი გული ვერავინ მოიგო?
- წეღან აღვნიშნე - ძალიან ბევრი ფიქრი მიყვარს-მეთქი. ალბათ, უფრო ამის ბრალია (იცინის). ჩემი ეს თვისება რაღაცებში მიშლის ხელს. თუმცა, მომთხოვნი და სტერეოტიპული არ ვარ: ვიცი, რომ ადამიანს სიყვარული თუ გეწვევა, შეიძლება, შენი მოთხოვნები და წარმოდგენები საერთოდ თავდაყირა დადგეს.
- უსამართლობის მსხვერპლად გიგრძნია თავი?
- კი, მიგრძნია, თუმცა არ გავჩუმებულვარ და იმ ადამიანთან გარკვეული შეთანხმებისთვის მიმიღწევია, ვისგანაც ეს მიგრძნია.
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?
- მგონი - "ფრანით მორბენალი". კითხვისას ვტიროდი. საკმაოდ ემოციური ნაწარმოებია...
- ცხოვრებაში შენს თითოეულ ნაბიჯს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?
- სამართლიანობა. არ მინდა, ვინმეს ჩემ გამო ის განცდა დაეუფლოს, რომ უსამართლოდ მოვექეცი. ვცდილობ, ცხოვრება სამართლიანობაზე იყოს აგებული - ოჯახშიც, სამსახურშიც, სამეგობროშიც...
- ადამიანთან შეხვედრისას, პირველად გარეგნობის რა დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?
- თითები და ჩაცმულობიდან - ფეხსაცმელებს ვუყურებ ხოლმე. ჩემთვის ფეხსაცმელები ყველაფერზე მეტყველებს: გემოვნებაზე, პროფესიაზე, ადამიანის ტიპზე...
- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?
- შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მაგალითად, წყლის რესურსი დავზოგო - რაციონალურად მოვიხმარო, გარემო არ დავანაგვიანო და ამით ბუნებას გავუფრთხილდე...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"