"ავსტრიელი კოლექციონერი მეუბნებოდა, ოღონდ მომყიდე და თანხას მნიშვნელობა არ აქვსო" - კვირის პალიტრა

"ავსტრიელი კოლექციონერი მეუბნებოდა, ოღონდ მომყიდე და თანხას მნიშვნელობა არ აქვსო"

მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანი, რომლის კორსეტსაც ანჯელინა ჯოლი ატარებს

გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მხატვარს - ეკა ფერაძეს საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს. მას ოთხჯერ ჰქონდა ლუვრში გამოფენა. მისი ნახატები სოლიდურ ფასად იყიდება, რამდენჯერმე დაიბეჭდა სტატია ჟურნალში "ვოგი", მისი შექმნილი კორსეტი კი შეიძინა ანჯელინა ჯოლიმ...

- ადამიანს რომ დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდეს, ამაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას! საამისოდ მან რაც შეიძლება მეტი უნდა ნახოს, გასინჯოს, დააგემოვნოს. რაც მეტ ლიტერატურას წაიკითხავს, ტელევიზიით ან ინტერნეტით მეტ შემეცნებითს გაეცნობა, თუნდაც მოდის სფეროში, მეტად და მეტად დაიხვეწება. გარდა ამისა, ადამიანები თვითონაც წყვეტენ, რა როგორ აჯობებს. დღეს ვისაც შესაძლებლობა აქვს, დიზაინერს აიყვანს, რომელიც სამოსსაც შეურჩევს და ინტერიერსაც...

მე სულ ვცდილობ, ჩემს ნამუშევრებში მუქი ფერებიც შევიტანო და ნათელიც; ფერები ისე შევახამო, თავად რომ მომწონდეს. როდესაც საკუთარ თავთან გულწრფელი იქნები, ყველაფერი სხვაგვარად კარგად გამოგივა. ვქმნიდი სუნამოებსაც და ისინი ძალიან მოსწონდათ და ისევე, როგორც ჩემი ჩანთები, ელვის სისწრაფით იყიდებოდა...

ძალიან მიყვარს წითელი ტუჩსაცხი, მაგრამ გულახდილად გეტყვით, დიდად არ მიხდება. ზაფხულობით ვცდილობ ფრჩხილებზე წითელი ან ვარდისფერი ლაქი მესვას. ყველანაირი ფერი მიყვარს, ნაცრისფერიც კი. მხოლოდ შავს არ ვწყალობ დიდად, მიუხედავად იმისა, რომ შავი და ლურჯი ელეგანტურია. მაქვს შავი სამოსი, მაგრამ ყოველთვის "ცოცხალ" ფერს ვუხამებ ხოლმე. ინტერიერში ან ნახატშიც, თუ შავს ვიყენებ, აუცილებლად მის "გამხიარულებას" დავიწყებ ნათელი ფერის დეტალებით. 47 წლის გახლავართ, მაგრამ ზოგჯერ თავს უფლებას ვაძლევ, ფერად სამოსში გამოვეწყო... ძალიან მომეწონა ჯენიფერ ლოპესის ტუჩსაცხი, რომელიც თვითონ გამოუშვა. ხორცისფერია და როდესაც თვალებს ძალიან მუქად ვიღებავ, ამ პომადას ვიყენებ... წაკითხულიც მაქვს ფრანგულ ჟურნალში: თუ ადამიანი თვალებს მკვეთრად იღებავს, მაშინ ტუჩსაცხი უფრო ღია ფერის უნდა იყოს, ვარდისფერი ან ხორცისფერიო...

- უამრავ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. რომელს გამოარჩევდით?

- სამწუხაროდ, აზიურ ქვეყნებში არ ვყოფილვარ და იმედია, მოვახერხებ. განსაკუთრებულად მხიბლავს ამერიკა, ძალიან დიდი და მრავალფეროვანი, უკიდეგანო შესაძლებლობების ქვეყანაა... მართალია, თავდაუზოგავი შრომით, მაგრამ იქ ყველა ნატვრა შეიძლება აიხდინო. მაგალითად, ის შრომა, რაც მე და ჩემმა მეუღლემ ევროპაში ჩავდეთ, ამერიკაში რომ გაგვეწია, ბევრად მეტს და მალე მივაღწევდით. ევროპის გამოჩენილი ხელოვანები თუ მსახიობები, ყველა ჰოლივუდშია...

ყველა ქვეყანა მიყვარს, სადაც ვყოფილვარ, მაგრამ განსაკუთრებით ზღვისპირეთში ჩასვლა მსიამოვნებს. თუმცა, ასეთ ადგილებში გამოფენის მოწყობა არაა სასურველი, რადგან ირგვლივ ძალიან ბევრი ტურისტია, მათ კი უჭირთ ნახატების თან წაღება და ეს წამგებიანია ხელოვანისთვის.

ძალიან ბევრ მხატვარს ეგონა, რომ მონაკოში, ამ უმდიდრეს ქვეყანაში ხელსაყრელი იქნებოდა გამოფენის მოწყობა, მაგრამ იქ ჩასულს ადგილობრივთა ნახევარზე მეტი გაკრეფილი დაგხვდებათ. მდიდრები არიან და წლის ნებისმიერ სეზონზე მოგზაურობენ, ცხოვრებით ტკბებიან. მონაკო ულამაზესია! ასევე, პირადად მე, სილამაზით ამერიკას ვერც ერთ ევროპულ ქვეყანას ვერ შევადარებ. ალბათ, მხოლოდ პარიზი თუ "უახლოვდება"... ულამაზესია ნიუ-იორკი, მაიამი, ლოს-ანჯელესი და ასე შემდეგ...

- მოსახლეობა სად არის მეტად გემოვნებიანი?

- ძალიან გემოვნებიანი ხალხია საფრანგეთში, ასევე გამოვარჩევდი ბელგიას, ლუქსემბურგს... ლუქსემბურგიც მდიდრების ქვეყანაა და იქ ძალიან ელეგანტური, არისტოკრატი ხალხი დადის ქუჩებში. ამერიკაშიც აქვთ თავისებური, საინტერესო ჩაცმის სტილი...

eka-peradze-1642279128.jpg

- ქართველ დიზაინერებზე რას ფიქრობთ?

- მახსოვს, ძალიან მომეწონა თათა ვარდანაშვილის შექმნილი პალტოები... ჩვენ ერთად მოვხვდით გამოფენაზე, სადაც ნამუშევრები ჰქონდა გამოტანილი. მის მიერ შექმნილი ფეხსაცმელების შესახებ ყველამ ვიცით, პალტოები კი "დოლჩე და გაბანას" ნამუშევრებს ძალიან ჰგავდა. ვინაიდან თათა იტალიაში სწავლობდა, ვფიქრობ, ამ ქვეყნის გავლენა იგრძნობა მის შემოქმედებაში...

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ვინ გახსენდებათ, როგორც განსაკუთრებულად გემოვნებიანი?

- ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ნანი ბრეგვაძე, განსაკუთრებულად ელეგანტურია, ნამდვილი ლედი... მიუხედავად სოლიდური ასაკისა, მუდმივად მოვლილია, შეუდარებლად მომხიბვლელი. თავისი ხელოვნებით ხომ უმაღლეს მწვერვალზეა, ყოველმხრივ შემკული ქალბატონია. ძალიან "მდიდრული" სახე აქვს, უდახვეწილესი გემოვნება, სულ კლასიკურად შემოსილია და გამორჩეული!

- რამდენჯერ დაიბეჭდა თქვენი ნამუშევრები ჟურნალში "ვოგი"?

- ოთხ ნომერში და იმ ნამუშევრებს, რომელიც "ვოგიში" დაიბეჭდა, გასაყიდად ვეღარაფრით შეველიე... წინა კვირაშიც ავსტრიიდან დამიკავშირდნენ, ჟურნალში განთავსებული ნამუშევრების შეძენა სურდათ. უარი ვუთხარი და დავპირდი, ახალს შევქმნიდი სპეციალურად მათთვის... სახლში რამდენიმე ნამუშევარი მაქვს, რომლებზეც ვფიქრობ, რომ შვილებს უნდა დავუტოვო. "ოჯახის გალერეა" - ასე დავარქვი, რადგან მხოლოდ ჩვენი, ოჯახის საკუთრებაა. გამოფენებზეც აღარ გამაქვს, რადგან თანამედროვე სტილის ნამუშევრებს ჩარჩოებს აღარ ვუკეთებ და მეშინია, ჩარჩოს გარეშე არ დაზიანდეს.

ავსტრიელი კოლექციონერი მეუბნებოდა, ოღონდ მომყიდე და თანხას მნიშვნელობა არ აქვსო. ვუპასუხე, რომ არც ჩემთვის ჰქონდა თანხას მნიშვნელობა. ეს იგივე იყო, შვილზე ეთქვა მომყიდეო. ამ ნახატებს ჩემს შთამომავლებს ვუტოვებ!

- ხუთი შვილის დედა ბრძანდებით, გამოფენებს აწყობთ მსოფლიოს წამყვან გალერეებში, ამავდროულად, მუდმივად არაჩვეულებრივად გამოიყურებით... ამ ყველაფერს როგორ ახერხებთ?

- დიახ, ხუთი შვილი მყავს, ოთხი ვაჟი და ერთი გოგო... მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვინდოდა გოგონა და ღმერთმა გვაჩუქა. უფრო სწორად, მე მინდოდა, თორემ ჩემი მეუღლე ამბობს, - შვილი შვილიაო... უფროსი ვაჟები უკვე კარგა ხანია ცალკე ცხოვრობენ. მე, ჩემი მეუღლე და პატარები - ამადეუსი და მატილდა ერთად ვცხოვრობთ. ამადეუსი 8 წლისაა, მატილდა - ოთხის. როდესაც გამოფენებზე მივდივართ, უფროსი ვაჟები მოდიან და პატარებს არაჩვეულებრივად უვლიან, მათზე ძალიან ზრუნავენ... ძიძა არასოდეს მყოლია, რადგან ალბათ, ხშირად მოგვიწევდა სხვადასხვა ძიძის აყვანა და ეს ბავშვების ფსიქიკას დაანგრევდა. პატარებისთვის რთულია სხვადასხვა ადამიანთან შეგუება და ვამჯობინეთ ისევ ოჯახის წევრებს გვეზრუნა ერთმანეთზე, რაც უნდა გაგვჭირვებოდა.

დილით ექვსის ნახევარზე ვდგები, თავს ვიწესრიგებ და შემდეგ ძაღლი მიმყავს სასეირნოდ. სახლში პატარა ჩარლი გვყავს, რომელიც ამადეუსს დაბადების დღეზე ვუყიდეთ და შეიძლება ითქვას, რომ სახლში მეექვსე შვილი დამემატა. შემდეგ ბავშვებს ვაღვიძებ, წესრიგდებიან, მსუბუქი საუზმე გვაქვს და მერე ყველა ჩვენს საქმეზე მივდივართ... ამადეუსი სკოლაში მიმყავს, მატილდა - ბაღში, შემდეგ სახლში ვბრუნდები და მეუღლესთან ერთად ყავას მივირთმევ. შემდეგ ჩემს გამოფენებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ვამოწმებ, ვემზადები სამუშაოდ და ასე შემდეგ... ამ ბოლო დროს რაციონიდან ამოვიღე ტკბილეული, ცომეული, ბრინჯი და ათი კილო დავიკელი. ერთადერთი, კრუასანს ვერ შეველიე. ჩემი სისუსტე ნამცხვრებია, სულ ვაცხობ, მაგრამ იმდენად ძლიერი ნებისყოფა მაქვს, მხოლოდ ერთ პატარა ნაჭერს ვჭამ დილით. ქალი რომ ასაკში შედის, უფრო ადვილად იმატებს და მუდმივი კონტროლია საჭირო. სამწუხაროდ, ვარჯიშისთვის დრო არასოდეს მრჩება და მხოლოდ საკვების შეზღუდვით თუ შევძლებ ფორმაში ვიყო. ფრანგი ქალბატონები ყველაფერს მიირთმევენ, მაგრამ პატარა ულუფებით და ფეხით ბევრს დადიან... მე ვფიქრობ, ადამიანებმა ყველა ქვეყნიდან საუკეთესო უნდა გადაიღონ, კვების სტილი იქნება, ინტერიერის მოწყობა თუ სხვა რამ! სწორედ ასე ყალიბდება დახვეწილი გემოვნება, ადამიანები ერთმანეთისგან საუკეთესოს სწავლობენ.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"