ვის დებს უკრაინა კიბერთავდასხმაში ბრალს?
უკრაინა ფიქრობს, რომ მომხდარ კიბერთავდასხმა ბელარუსის დაზვერვამ განახორციელა და მათ ისეთივე მავნე პროგრამა გამოიყენეს (malware), როგორსაც რუსეთის სადაზვერვო სამსახურები იყენებენ. ინფორმაციას Reuters უკრაინის უსაფრთხოების მაღალჩინოსნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილე, სერგეი დემედიუკის თქმით, თავდასხმაში მონაწილეობდა ჯგუფი, რომელიც ცნობილია სახელით UNC1151 . ეს ყველაფერი კი სხვა, უფრო დესტრუქციული ქმედებების გადასაფარად მოხდა.
„საიტებზე თავდასხმა იყო მხოლოდ საფარველი უფრო დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებიც ხდებოდა კულისებს მიღმა და, რომლის შედეგებსაც ჩვენ უახლოეს მომავალში ვიგრძნობთ“, - აღნიშნა დემედიუკმა. UNC1151-ზე მითითებით მან თქვა:
„ეს არის კიბერ-ჯაშუშობის ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია ბელარუსის რესპუბლიკის სპეცსამსახურებთან“.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. კომენტარი არ გაuვრცელებია არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
14 იანვარს, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ "ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ".
მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტებს შორის იყო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები. მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. ვებგვერდების შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები.
"ინტერპრესნიუსი"