"ზარმაცები არც სკოლაში წასულები და იქიდან დაბრუნებულები მოიკლავდნენ თავს მეცადინეობით"- თეა გვასალია ონლაინ სწავლებაზე - კვირის პალიტრა

"ზარმაცები არც სკოლაში წასულები და იქიდან დაბრუნებულები მოიკლავდნენ თავს მეცადინეობით"- თეა გვასალია ონლაინ სწავლებაზე

მთარგმნელი და ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია მიესალმება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, მისცეს მშობლებს არჩევანის საშუალება გაგარძელონ ონლაინ სწავლება.

"ფეისბუქზე წავიკითხე, განათლების სამინისტრო წერდა, მეორე სემესტრშიც ათასობით მშობელმა დაწერა განცხადება შვილების ონლაინ სწავლებაზე დატოვების შესახებო და კომენტარებში რა ხდებოდა, კი წარმოიდგენთ (ბავშვების დაჩლუნგება გინდათ, სკოლაში არ დადიან და ეზოში კარგად თამაშობენ, დილით ადგომა ეზარებათ, გაუნათლებელ თაობას მივიღებთ და ა.შ.). იქ კამათში ჩაბმას აზრი არ ქონდა და აქ, ჩემს კედელზე საკუთარ გამოცდილებას დავწერ. ჩემი ტყუპებიც ონლაინ სწავლობენ, მეცხრე კლასში არიან, სექტემბრიდან დღემდე ერთი გაკვეთილი არ გაუცდენიათ, დამთავრებული არაა სკოლა, რომ სხდებიან, საშინაო დავალებებს და პროექტებს აკეთებენ და მასწავლებლებს უგზავნიან, ჯერ ათზე ნაკლები ნიშანი არ მიუღიათ და ონლაინ სწავლებას ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან, როგორც დასწრებულს. კი, ვიცი, ისეთებიც იქნებიან, მართლა სიზარმაცის გამო რომ არ დადიან სკოლაში, მაგრამ მათ გამო ხომ არ გავაუქმებთ ამ ფორმატს. დამიჯერეთ, მასეთები არც სკოლაში წასულები და იქიდან დაბრუნებულები მოიკლავდნენ თავს მეცადინეობით. მონდომებული ბავშვი კი ყველა პირობებში ისწავლის. ასე რომ, ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ. განათლების და მეცნიერების სამინისტროს კი დიდი მადლობა, რომ ამ საძაგელი პანდემიის აღარც ვითვლი მერამდენე ტალღის პიკზე, ფრთხილ მშობლებს წელსაც მოგვცა ბავშვების სახლში დატოვების და ონლაინ რეჟიმის არჩევის შესაძლებლობა", - წერს გვასალია.