"კულტურული მემკვიდრეობა ის სივრცე არ არის, სადაც  შეიძლება სპეციალისტები  "სასურველებად" და "არასასურველებად" დაჰყო" - კვირის პალიტრა

"კულტურული მემკვიდრეობა ის სივრცე არ არის, სადაც  შეიძლება სპეციალისტები  "სასურველებად" და "არასასურველებად" დაჰყო"

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 ადამიანი გაათავისუფლეს. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დასრულდა რეორგანიზაცია, რომელიც 2021 წლის 25 ნოემბერს დაიწყო. მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა ახალი საშტატო განრიგი. 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.

ამ ფაქტს უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები... "კვირის პალიტრა" ესაუბრა ნინო ბურჭულაძეს - აქტივისტსა და „საყდრისის კომიტეტის“ წევრს:

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს რომ პრობლემები ჰქონდა, თან არაერთი, ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, როცა ამ უწყებამ არათუ ვერ შეძლო მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს დაცვა, არამედ, უკვე ცნობილი მიზეზების გამო, თავად შეუწყო ხელი მის დანგრევას. ეს პრობლემები ზედაპირზე მორიგ ჯერზე უკვე გელათის საქმეშიც ამოიყარა, რაც ფაქტობრივად გახდა კიდეც საფუძველი იმ პროცესებისა, რომელიც ახლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს. გახსოვთ, ალბათ, რომ ერი თუ ბერი, ღია ეთერებში იმაზე საუბრობდა ვის გაუშვებდნენ და ვის დაიჭერდნენ და ის ფაქტი, რომ მაშინ აკადემიურმა წრეებმა საზოგადოებაში გელათთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს წაუყრუეს, გახდა კიდევ მათთვის ერთგვარი ხაფანგი.

ჩვენ კარგა ხანია თვალს ვადევნებთ სააგენტოში მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, რეფორმები საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ის უწყების გაძლიერებასა და ფეხზე დაყენებას ემსახურება, თუმცა არ მგონია, ასეთი რაოდენობის კადრების გაშვებამ გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე დიდი შედეგი მოიტანოს. თითქმის ყოველდღე ვიგებთ, რომ სააგენტოს იძულებით ტოვებენ ადამიანები, რომელთა კვალიფიკაციაში აქამდე ეჭვი არავის ეპარებოდა და მსგავსი მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელები გვყავს, ან საერთოდ არ გვყავს.

ამიტომ, გაუგებარია, ერთი მხრივ ამბობდე, რომ კვალიფიციური კადრების სიმწირე გაქვს და მეორე მხრივ, სამსახურიდან უშვებდე აღიარებულ სპეციალისტებს, რომლებიც რაღაც მანქანებით მაინც შემოგრჩა.

კულტურული მემკვიდრეობა ის სივრცე არ არის, სადაც შეიძლება სპეციალისტები "სასურველებად“ და "არასასურველებად“ დაჰყო. ამ შემთხვევაში მხოლოდ სააგენტოს არ ვგულისხმობ, როგორც უკვე ვიცით, იგივე პროცესი მიდის მუზეუმშიც".

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელს - რუსუდან უშიკიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გუშინ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ სააგენტოში რეორგანიზაცია განხორციელდა და სწორედ ამ განცხადებით გვეხელმძღვანელა.

ასევე დაგაინტერესებთ:კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 ადამიანი გაათავისუფლეს

(სპეციალურად საიტისთვის)