"სხვა დროშის ქვეშ" მყოფი რუსი სამხედროები, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დივერსიის მოწყობას გეგმავენ" - კვირის პალიტრა

"სხვა დროშის ქვეშ" მყოფი რუსი სამხედროები, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დივერსიის მოწყობას გეგმავენ"

აშშ-ში ეჭვობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად მიზეზის შეთხზვას ცდილობს

ამერიკული გამოცემები უკვე რამდენიმე თვეა აქვეყნებენ ინფორმაციებს, რომელთა თანახმადაც, რუსი სამხედროები უკრაინის საზღვართან მობილიზებულნი არიან, ამ ინფორმაციის წყაროდ კი დაზვერვას ასახელებენ. გამოცემების მსგავსად, მოგვიანებით სახელმწიფო პირებიც ალაპარაკდნენ. მათი ინფორმაციით, 2021 წლის ბოლოსთვის უკრაინის საზღვართან რუსეთის 100 ათასამდე სამხედრო იყო მობილიზებული.

როგორც მოსკოვში აცხადებენ, რუსეთი სამხედრო შეჭრას არ აპირებს და მის ჯარისკაცებს იქ გადაიყვანს, სადაც თავად გადაწყვეტენ. რუსეთის წარმომადგენლებმა ამის შესახებ რუსეთი-ნატოს შეხვედრაზეც განაცხადეს.

სამ რაუნდიანი მოპალარაკების დასრულების შემდეგ, CNN-მა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას აცნობა: აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ „სხვა დროშის ქვეშ“ მყოფი რუსი სამხედროები, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დივერსიის მოწყობას გეგმავენ.

CNN-ის რესპონდენტის თქმით, ეს ადამიანები კარგად გაწვრთნილნი არიან და შეუძლიათ მუშაობა ასაფეთქებელ ნივთიერებებთან. დონბასში მათი სამიზნე, შესაძლოა, პრორუსული ძალები გახდნენ.

მსგავსი შინაარსის შეტყობინება გამოაქვეყნა გამოცემა Washington Post-მა, „როიტერსმა“, „ფრანს პრესმა“ და „ბლუმბერგმაც“.

გასულ პარასკევს მსგავსი შინაარის განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმაც გააკეთა. მისი თქმით, რუსული სპეცსამსახურები უკრაინაში მყოფ რუს სამხედროებზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავს, რათა შემდეგ უკრაინას დასდონ ბრალი. საუბარია უკრაინის საზღვარზე საარტილერიო საწყობებზე, რომელთაც რუსი სამხედროები იცავენ.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ჯეიკ სალივანი ამბობდა, რომ ამერიკულმა დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთი ქვეყანაში შეჭრის ნიადაგს ამზადებს: „ჩვენ 2014 წელს ვნახეთ ეს გეგმა ამოქმედებული და ისინი კვლავ ამ გეგმას ამზადებენ“ - განაცხადა სალივანმა.

განცხადების გაკეთებისას პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმაც გაიხსენა 2014 წელს ყირიმის ანექსია. როგორც CNN-ის წყარომ, ასევე, პენტაგონის წარმომადგენელმა საზოგადოებას აცნობა, რომ რუსეთი დივერსანტთა ჯგუფის საშუალებით ეცდება პროვოკაციის მოწყობას, თითქოს უკრაინის ტერიტორიაზე რუს სამხედროებს ან უკრაინის რუსულენოვან მოქალაქეებს დაესხნენ თავს.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, სოციალურ ქსელში უკვე დაწყებულია ამ საკითხის მიზეზთა ფაბრიკაცია.

პენტაგონში ბი-ბი-სი-ს კორესპონდენტის თქმით, ამერიკის მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება უჩვეულოა.

„როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა რუსეთს დაასწროს და გაამჟღავნა ინფორმაცია შესაძლო დივერსიისა და დეზინფორმაციის შესახებ, რათა რუსეთმა უკრაინა აგერსიაში არ დაადანაშაულოს“.

ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და გამოცემებში გაჟღერებულ ინფორმაციას უპასუხა პუტინის პრესსპიკერმა - დიმიტრი პესკოვმა, რომელმაც თქვა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ამ დრომდე ეს მხოლოდ სიტყვიერი განცხადებებია და არაფრით მტკიცდება“, - განაცხადა პესკოვმა ТАСС-თან. კრემლში კი მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი აშშ-ის პროვოკაციაა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ შეწუხებულია იმ ამბით, რომ „რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება“ და თუ „დიპლომატია დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს“, ამან შეიძლება ადამიანთა უფლებების დარღვევის მასობრივ შემთხვევამდე და სამხედრო დანაშაულამდეც მიგვიყვანოს.

„გვაშფოთებს, რომ რუსეთის მთავრობა უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, რამაც შესაძლოა, ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევები და ომის დანაშაულებანი გამოიწვიოს… ამ გეგმების ფარგლებში, რუსეთი ამზადებს საფუძველს, რომ შეთხზას შეჭრის საბაბი “ - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა - ჯენ ფსაკიმ.

როგორც „როიტერსი“ წერს, აშშ-ს, ევროპელი მოკავშირეებისა და რუსეთის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი კი ჯერ არ დანიშნულა, რომელზეც რუსეთს სურდა გარანტიები მიეღო, რომ ნატოს აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. დასავლეთს კი სურდა მოესმინა მიზეზი, თუ რატომ გადაიყვანა სამხედროები რუსეთმა უკრაინის საზღვართან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 14 იანვრის ღამეს ჰაკერებმა უკრაინის სამინისტროების ოფიციალური გვერდები გატეხეს და მუქარის შემცველი შეტყობინება გამოაქვეყნეს: „გეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდეთ“.

ეს ფაქტი თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებას უძღოდა წინ.

კიბერშეტევას გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:

„მკაცრად ვგმობ უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. უახლოეს დღეებში ნატო და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას კიბერთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტებს შორისაა: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები. მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. ვებგვერდების შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები. (წყარო)