"გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩვენც ვართ ფრონტის წინა ხაზზე...“ - კვირის პალიტრა

"გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩვენც ვართ ფრონტის წინა ხაზზე...“

"შესაძლო კატასტროფული სცენარებიდან საქართველოს დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში ყოფნას ფიზიკურად დააფიქსირებს“

უკრაინის გამო შექმნილი ვითარება კვლავ რთულია. აშშ-რუსეთისა და ნატო-რუსეთის შეხვედრები მნიშვნელოვანი შედეგებით არ დასრულებულა. რუსეთი ულტიმატუმით ლაპარაკს არ წყვეტს, თეთრი სახლის პრესმდივან ჯენ საკის თქმით კი ვაშინგტონს მოეპოვება მტკიცებულება, რომ ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებისათვის სპეციალურად გაწვრთნილი რუსი მებრძოლების შესახებ, რომლებიც ამზადებენ პროვოკაციებს დონბასში პრორუსული ძალების წინააღმდეგ. პროვოკაციები შეიძლება დაიწყოს სამხედრო მოქმედების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. თავად რუსეთის სამხედრო შეჭრა კი, სავარაუდოდ, უახლოეს თვეშია მოსალოდნელი. მანამდე ამის თაობაზე განცხადება უკრაინის ოფიციალურმა უწყებებმაც გააკეთეს, კრემლი კი ამ ინფორმაციას უარყოფს. რუსული მხარის მტკიცებით, ისინი საერთაშორისო პრობლემების დიპლომატიურ გადაწყვეტას ამჯობინებენ. თუმცა იქვე აცხადებენ: "მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, ჩაერთოს არსებით სამუშაოებში, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები რუსული მხარის შეთავაზებული შეთანხმებების პროექტების საფუძველზე". კრემლის მომზადებული შეთანხმების ეს პროექტი, რომ მიუღებელია ნატოსა და აშშ-ისთვის, უკვე არაერთხელ ითქვა. ისინი ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრებაზე უარის თქმის მოთხოვნას კატეგორიულად არ იზიარებენ. შექმნილ ვითარებაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

xuxashvili-123.jpg

- რაც ხდება, ეს გლობალური უსაფრთხოებისთვის დიდი საშიშროებაა. გლობალური უსაფრთხოების სისტემის ეპიცენტრში დღეს მოქცეულია უკრაინა. რუსეთმა, გამომდინარე ბოლოდროინდელი პროცესებიდან და რის შედეგადაც განსაზღვრული მიმართულებებით წინ წაიწია, ახალი ულტიმატუმები წამოაყენა. ვგულისხმობ კრემლის პოზიციის გამყარებას ჯერ ბელარუსში - ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, უკვე ინტეგრირებულია რუსეთთან; შემდგომ იყო ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება, რის შედეგადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურობის გარანტად ისევ რუსეთი მოგვევლინა; ბოლოს კი ვნახეთ ყაზახეთის მოვლენები, რის შედეგადაც ამ ქვეყანაში კრემლის პოზიცია უფრო გამყარდა. ამ ყველაფერმა რუსეთს შეუქმნა საფუძველი იმისთვის, რომ მისი იმპერიული ზრახვები უფრო აგრესიული გახდეს. მოვისმინეთ უპრეცედენტო ულტიმატუმი - რუსეთი ითხოვს არა მარტო საქართველოს და უკრაინის საკითხის მისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტას, არამედ ნატოს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას, რაც სრული ნონსენსია. თან ამბობს, ჩვენი მოთხოვნები მენიუ არ არის, რომ რაღაც აირჩიოთ და რაღაც არა, ან ყველაფერი, ან არაფერიო.

კი ბატონო, ვიცით, რომ რუსეთი აგრესიული ქვეყანაა, მაგრამ არც ისეთი ბრიყვები არიან, არ ესმოდეთ, რომ დასავლეთი ამ ულტიმატუმს არ მიიღებს. ეს იმთავითვე ჩანდა და ეს ცხადყო კიდეც შეხვედრებმა აშშ-რუსეთსა და ნატო-რუსეთს შორის. ფუნდამენტურ, მსოფლმხედველობრივ დათმობაზე არ წავა დასავლეთი, რომელიც განსაზღვრულ ფასეულობათა სისტემაზეა აგებული და აღიარებს საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი სუბიექტის სუვერენულ უფლებასა და თავისუფალ არჩევანს, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც, სამყარო უნდა დაუბრუნდეს ე.წ. რეალურ პოლიტიკას, როდესაც ძლიერები აკონტროლებენ სუსტებს. შესაბამისად, დასავლეთისგან ასეთ დათმობაზე წასვლა იქნებოდა ყველაფრის ჩამოშლის ტოლფასი. რუსეთმა ეს იცოდა, მიუხედავად ამისა, ულტიმატუმი მაინც წამოაყენა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ აქვთ მოვლენების განვითარების გეგმა.

რა შეიძლება იყოს ეს გეგმა? - ზუსტად ის, რაც მეც ვივარაუდე და უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის განცხადებებშიც მოვისმინეთ. რუსეთი შესაძლოა მართლაც ემზადება აღმოსავლეთ უკრაინაში შესაჭრელად სწორედ იმგვარი სცენარით, როგორითაც 2008 წელს საქართველოში, თითქოსდა თავისი მოქალაქეების დაცვის მიზნით დაიწყო ომი.

რუსეთს მოლდოვაში, დნესტრისპირეთთან აქვს სახმელეთო კომუნიკაციის პრობლემა. ეს არის რეგიონი, რომლითაც კრემლი არ აძლევს მოლდოვას ნორმალური განვითარების საშუალებას. ყირიმთანაც არა აქვთ ნორმალური კავშირის საშუალება, თუ ხიდს არ ჩავთვლით. ასე რომ, ლოგიკურია ყველაფერი იმ სცენარით განვითარდეს, რომელზეც უკვე ვილაპარაკე, ანუ პროვოკაციებით შეეცდებიან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ინტერვენციის საფუძვლის შექმნას. შეიძლება უფრო ღრმადაც შევიდნენ, დაიკავონ ზაპოროჟიე, ხერსონი, ნიკოლაევი, ოდესა... სწორედ ხერსონით შეძლებენ ყირიმთან სახმელეთო კავშირს. არ გამოვრიცხავ, წაიწიონ მაქსიმალურად წინ და მერე, როგორც ახასიათებთ, უკან გადადგან ნაბიჯები. როგორც მოხდა საქართველოს შემთხვევაში - გორსა და ხაშურში იდგნენ და მერე უკან დაიხიეს. მოკლედ, ეს სცენარი ყველაზე მეტად მოსალოდნელია. სამწუხაროდ, ვითარებიდან კომპრომისული გამოსავალი ჯერ არ ჩანს. რუსეთი საკითხს ძალიან ხისტად აყენებს, შესაბამისად, პროცესი ჩიხშია შესული. ზუსტად რა მოხდება, ან მოხდება თუ არა საერთოდ რამე, მაინც რთული სათქმელია. იმედი ვიქონიოთ, რომ კომპრომისის მიღწევა მოხერხდება. თუმცა ფაქტია, ამისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება.

- ამ მწვავე გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში რა როლი აქვს საქართველოს?

- დღეს თითქოს არა ვართ მაინცდამაინც ეპიცენტრში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენც ვართ ფრონტის წინა ხაზზე. მას შემდეგ, რაც ვნახეთ მთელი ეს პროცესები, რაშიც კარგად ჩანს რუსეთის საბჭოთა კავშირის დიდი ნოსტალგია და გარკვეულწილად, მისი აღდგენის ცდაც, ბოლო ბასტიონი ჩვენ წინ არის უკრაინა. თუ იქ რუსეთმა შეძლო თავისი გეგმის შესრულება, ჩათვალეთ, რომ შემდეგ რიგში ჩვენ ვიქნებით. დღეს უკრაინაში წყდება როგორც გლობალური უსაფრთხოების, ისე საქართველოს მომავალი განვითარების საკითხი.

- ექსპერტთა ნაწილის აზრით, რუსეთს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის ეკონომიკური რესურსი არ ეყოფა.

- ეს არის სისტემური შეცდომა, რასაც დასავლეთი მუდმივად უშვებს. დასავლეთი რუსეთს თავისი საზომით უდგება და მიიჩნევს, რომ რისკების არითმეტიკულად დათვლა შეიძლება. არადა, ასე არ არის. თუ დასავლეთისთვის 2 ფუნდამენტური ფასეულობა არსებობს - თავისუფლება და კეთილდღეობა, რუსეთისთვის პროპაგანდით თუ გენეტიკურად ფორმირებული ველიკოდერჟავული განწყობაა უფრო მნიშვნელოვანი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რაც მეტად გაუჭირდებათ რუსეთში ეკონომიკური სანქციების გამო, მით მეტს აიტანენ, თუ დაიჯერებენ, რომ "კარზე მტერია მომდგარი". პროცესის ასეთი განვითარება პუტინის ხელისუფლებას კი არ დაასუსტებს, უფრო გააძლიერებს, უფრო აგრესიულსა და სახიფათოს გახდის.

- ამ პროცესების პარალელურად, რუსეთი გამუდმებით მოუწოდებს საქართველოს შეუერთდეს "3+3"-ის პლატფორმას, რაც რეალურად "3+2"-ია, რადგან საქართველო მასში გაწევრებას არ აპირებს. "თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ვთხოვეთ საქართველოს "3+3"-ის ფორმატის სარგებელი აუხსნას - საქართველოს ინტერესშია, რომ "3+3"-ის ფორმატს წინა პირობების გარეშე შეუერთდეს", - განაცხადა ამ ორიოდე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

- რუსეთს კარგად ესმის, რომ მისი გავლენის სფეროში საქართველოს პირდაპირი ინტეგრაცია დღეს მისთვის შეუძლებელია, ამიტომ ცდილობს იმავე შედეგს ბუფერული სისტემის მეშვეობით მიაღწიოს. ამისთვის სჭირდება "3+3"-ის ფორმატი, რომლის სახელწოდებიდანაც კარგად ჩანს, რომ მასში სამი მგელია და სამი ცხვარი...

თუ რუსეთისა და თურქეთის ინტერესები რეგიონში ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აშკარა და ცხადია, აბსოლუტურად გაუგებარია ამ სივრცეში ირანის მონაწილეობა. ეს ქვეყანა საერთოდ რა შუაშია? აქ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. მით უფრო, რომ რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან, რაღაც ინტეგრაციული პროცესის დაწყება, თუნდაც ამას მხოლოდ ეკონომიკური განზომილება ჰქონდეს, ყოვლად მიუღებელია. ლავროვის განცხადებიდანაც ჩანს, რომ რუსეთი ცდილობს არა პირდაპირ დაარწმუნოს საქართველო, არამედ ისეთი ქვეყნების საშუალებით, რომელთაც მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობა აქვთ ჩვენთან. საქმე საკმაოდ რთულად არის რეგიონში, რომლის ნაწილიც ხარ, როდესაც ასეთი სისტემები იქმნება, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა არ არის იოლი. ეს, ფაქტობრივად, მაფიოზური წინადადებაა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს, რომ საქართველო აიძულონ ამ სისტემაში მონაწილეობაზე, თუ ჩვენ მანამდე ვერ შევძლებთ დასავლეთიდან ფარისა და დაცვის მიღებას. ამიტომ არის საჭირო ფორსირებულად დასავლეთის საქართველოში ყოფნის ფიქსაცია, რათა თავდასაცავად მეტ-ნაკლებად სერიოზული ქოლგა გვქონდეს. ჩემი აზრით, შესაძლო კატასტროფული სცენარებიდან საქართველოს დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში ყოფნას ფიზიკურად დააფიქსირებს. არ ვამბობ, რომ ნატოში ხვალ უნდა მიგვიღონ, ეს, ალბათ, შეუძლებელია, რადგან იქ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ძალიან რთულია, თუმცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია, თუნდაც სიმბოლური ნაბიჯის გადადგმა მცირე სამხედრო ბაზის ან რაიმე სხვა სახით. საქართველოში თუნდაც აშშ-ის ყოფნის ფიზიკური დაფიქსირება შესაძლოა მძლავრი ბერკეტი გახდეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. თუ დასავლეთმა ასე გააგრძელა, აი, კარი ხომ ღიააო, მაგრამ ვერ შევდივართ, მაშინ რისკები ძალიან მაღალი იქნება.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაც ვერ გამოიყურება ამ ვითარებაში დიდად წელში გამოყვანილად. ისე ჩანს, რომ ჩვენი სახელისუფლებო ელიტა ასეთ პოლიტიკას ატარებს - დიდი ქვეყნები ერთმანეთში რაღაცას იყოფენ, ჩვენ მივყვეთ დინებას და სადაც გაგვრიყავს, იქ ვიქნებითო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს ფასეულობათა მწყობრი სისტემა, ეს სახიფათო ვითარებას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად მუდმივად გამოხატავენ, რომ ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, ჩვენში მმართველობითი სისტემა ისეა ფორმირებული, რომ მათ განცხადებებში შეიძლება ეჭვი შეიტანო, რადგან დღეს ქვეყანაში ეს სისტემა რუსულ მოდელზე უფროა აწყობილი, ვიდრე დასავლურზე. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც იბრძოლებს ამ არჩევნისთვის. აგერ უკრაინაში ასეთი მძიმე ვითარების დროს, როდესაც კარგად გვესმის, რომ ჩვენი ბედიც დამოკიდებულია დიდწილად იმაზე, რაც იქ მოხდება, ჩვენი ხელისუფლების ამ მიმართულებით პასიურობა ძალიან მძიმე დასკვნების საფუძველს იძლევა და ადასტურებს იმ შიშს, რომელზეც ვილაპარაკე.

- შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ ამ თემის გაგრძელებაა ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი და განაჩენია, რომლითაც ისინი დამნაშავედ კი ცნეს, მაგრამ არ დააკავეს. ბევრს სჯერა, რომ ეს საქმე ანაკლიის პორტის პროექტის ჩასაშლელად წამოიწყეს, რაც დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ნაწილადაც შეიძლება განვიხილოთ.

- ჩემი აზრით, განაჩენის სამი ვარიანტიდან ხელისუფლებამ აარჩია სწორედ ის, რაც ადასტურებს ამ პროცესში პოლიტიკურ ინტერესს და რომ ეს დაკავშირებული იყო სწორედ ანაკლიის პორტის პროექტთან. არავის აქვს იმის ილუზია, რომ ეს ვერდიქტი მოსამართლემ დამოუკიდებლად გამოიტანა. განაჩენი დაწერა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ეს სასამართლომ გაახმოვანა. მან დაადასტურა, რომ ამოცანა ხაზარაძე-ჯაფარიძის დაჭერა კი არ იყო, არამედ მათი დისკრედიტაცია და რაც მთავარია, ანაკლიის პროექტის ჩაშლა ან მასზე კონტროლის დაბრუნება. თავიდან ამ პროექტს ხელისუფლება ზერელედ უყურებდა. მიაჩნდა, რომ ეკონომიკურად მაინცდამაინც მომგებიანი პროექტი არ იყო, მაგრამ მსვლელობაში გამოჩნდა, რომ მას აქვს ძალიან სერიოზული დატვირთვა როგორც ეკონომიკური, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის. ეს ცხადი გახადა ამერიკელების დაინტერესებამაც. გამოჩნდა ისიც, რომ პროექტის მიმართ რუსეთს ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონტროლი დაებრუნებინა მასზე და ამით ევაჭრა, ერთი მხრივ, დასავლეთთან და მეორე მხრივ, რუსეთთან. კონტროლის აღდგენისთვის კი უნდა ჩამოეშორებინა კონსორციუმი. ამას დაემატა პიროვნული პრობლემები, კვირიკაშვილის მიუღებლობა და ა.შ. მოკლედ, რამდენიმე მიზეზი იყო, რის გამოც გადაწყვიტეს ამოექექათ ეს დოსიე. საქართველოში ხომ ყველა პოტენციურად საფრთხის შემცველ პირზე იქმნება ამგვარი საქმეები. სხვათა შორის, ეს დოსიე შეიქმნა არა ამ ხელისუფლების, არამედ წინას დროს. თქვენ გგონიათ, ამას სააკაშვილი არ გამოიყენებდა, თუ დასჭირდებოდა? აუცილებლად გამოიყენებდა და შესაძლოა უფრო მძიმედაც, რადგან იმჟამად საქმეს ხანდაზმულობის ვადა არ ჰქონდა გასული.

- გასულ კვირას გაიმართა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო სხდომა, რომელზეც კვლავ ვრცელი სიტყვით გამოვიდა. ამის პარალელურად მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილებებია "ნაციონალურ მოძრაობაში". პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარეობასთან ერთად ნიკა მელია იკავებდა, დანიშნეს კობა ნაყოფია, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო, გენერალური მდივნის პოსტი კი პარტიის ასევე სტაჟიანმა წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა. ისმის შეფასებები, რომ მელიასა და სააკაშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო მელიას "ჩაჩოჩებას" ცდილობენ, რასაც თვითონ მელია უარყოფს. თუმცა სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე გამოსვლამაც ცხადყო, რომ მას და პარტიის თავმჯდომარეს არაერთ საკითხზე აქვთ განსხვავებული აზრი.

- მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დიდი პარტიაა, მელია პატარა პარტიებს აღიქვამდა როგორც სრულფასოვან პარტნიორებს და ამ ბაზაზე გეგმავდა პოლიტიკური პროცესის წარმართვას. მას საკმაოდ კარგი პროექტები ჰქონდა. გავიხსენოთ თუნდაც თბილისის კოალიციური მმართველობის პროექტი, რომელშიც "ლელოს" წევრი უფრო ბევრი იყო, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის".

კოალიციურ მმართველობაზე სააკაშვილიც ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს არათუ "ნაციონალური მოძრაობის" დომინირების, არამედ საერთოდ პროცესების მისი პიროვნების გარშემო, მის პირად ორბიტაზე დატრიალების ხარჯზე.

მოკლედ, სააკაშვილი თავს პოლიტიკაში კი არ ხედავს, არამედ პოლიტიკას ხედავს საკუთარ თავში. სხვათა შორის, ამით ძალიან ჰგავს ბიძინა ივანიშვილს. ხომ თითქოს ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მთავარ რაღაცებში თითქმის ტყუპივით არიან. სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში და მელიას კონცეფციით წასულიყო ყველაფერი, ოპოზიციას ჯამურად 5-7%-ით უკეთესი შედეგი ექნებოდა, ვიდრე მიიღეს. სააკაშვილის ჩამოსვლა ყველაზე კარგად გამოიყენა ხელისუფლებამ და დღემდე სარგებლობს ამით. სააკაშვილით ბოლო თვეების განმავლობაში გადაიფარა უამრავი პრობლემა. თითქოს არც პანდემია გვაქვს, დღეში არც 60 კაცამდე გვიკვდება, არც ჰიპერინფლაცია გვაწუხებს, არც საგარეო გამოწვევები. ბოლო თვეებია მხოლოდ სააკაშვილზე ლაპარაკობს ოპოზიცია და ხელისუფლებაც ლაღად პასუხობს მათ. ეს არ არის სახელმწიფოებრივი დღის წესრიგი და არ მიგვიყვანს რიგგარეშე არჩევნებამდე. სააკაშვილს აქციებიც და სხვა პოლიტიკური პროცესებიც მხოლოდ თავისი ბელადობით წარმოუდგენია. ჰგონია, აგერ ციხეში დაგვიწერს პროგრამას და ამ პროგრამით ირბენს ქართველი საზოგადოება, უკაცრავად, მაგრამ ასე ვერ იქნება... სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამ ქვეყანაში მომხრეზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს. ის ცდილობს თავისი ბედი დაუკავშიროს ქვეყნის ბედს. იმავეს ფიქრობს ივანიშვილიც.