"უკომპრომისოდ ვიომეთ და მოვიგეთ“
"რა გააკეთა სახელმწიფომ ანაკლიაში, სანამ ჩვენ სასამართლოებში დაგვატარებდნენ?! ელემენტარული ინფრასტრუქტურა მაინც შეექმნათ“
"ახლა რომ ციხეში არა ვართ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა, ბრძოლა გრძელდება", - განაცხადა პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ მათ 7-7-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა მუხლის ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16.664.000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება. რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა. სამი წლის წინ პროკურატურამ საქმე 2008 წლის საბანკო ტრანზაქციების გამო აღძრა და "ლელოს" ლიდერები ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა, რამდენიმე დღის წინ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო არა ფულის გათეთრების მუხლით (194-ე), არამედ 180-ე მუხლის ორი ნაწილით, რაც დიდი ოდენობის ქონებასთან დაკავშირებულ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ თაღლითობას გულისხმობს.
- ჩვენ გავიმარჯვეთ სისტემაზე, რომელიც სამი წლის განმავლობაში ცდილობდა ჩვენთვის ფულის გათეთრება დაებრალებინა. დღეს რომ ციხეში არა ვართ, გამართლებას ნიშნავს - უბრალოდ, მოსამართლეს არ ეყო გამბედაობა თავის მოხსენებაში ეთქვა სიტყვა "გამართლება". რაც შეეხება საქმის გადაკვალიფიცირებას, ეს იურიდიული ნონსენსია. თუ კვალიფიციურ იურისტს შეეკითხებით, გეტყვით, რომ ეს არის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, სასამართლოს მიერ პროკურატურის ექსკლუზიური უფლების მითვისება.განაჩენი გამოგვიტანეს იმ საკითხზე, რაზეც ბრალი არ გვქონდა წარდგენილი, საერთოდ, მსჯელობაც არ ყოფილა. საქმეში არ არსებობს დაზარალებული და მომჩივანი, პროკურატურაც კი არ შემოსულა ამ ბრალდებით.
- მოსამართლის თქმით, დაზარალებული "თიბისი ბანკია".
- მსგავსი რამ არც ჩვენებაში წერია, არც განცხადებაში და საერთოდ, არსად. ბოლო დღეებში დაიწყეს ამ უაზრობაზე საუბარი. პროცესი თავიდან ბოლომდე ივანიშვილის მართული იყო და მიზნად ისახავდა ანაკლიის პროექტის გაჩერებას. სასამართლო და პროკურატურა შეეცადა, სახე შეენარჩუნებინა, მაგრამ ნიღაბი ჩამოხსნილია. ეს არ არის სასამართლო, ეს არის ერთი კაცის მართული სისტემა, მაგრამ ამ ერთმა კაცმა ვერ მიაღწია მიზანს და ვერ დაგვიჭირა. ახლა ჩვენი დისკრედიტაცია სურს, მაგრამ არ გამოუვა.
ჩვენ საქმეს ქართულ სასამართლოშიც მოვიგებთ და ევროპულშიც, არავის მივცემთ უფლებას ჩვენი სახელი ამ კონტექსტში მოიხსენიოს. ჯერ ფულის გამთეთრებლად მოგვიხსენიებდნენ, შემდეგ მევახშეებად, ახლა თაღლითებად... მთელი სისტემა გვებრძვის, მაგრამ აუცილებლად მოვანგრევთ ამ რუსულ სისტემას.
- ბიზნესში თუ აპირებთ დაბრუნებას?
- ბიზნესიდან სამი წლის წინ წამოვედი და თავით გადავეშვი იმ საქმეში, რასაც ჩვენი შვილების მომავალი ჰქვია.
- დღემდე არის კითხვები თქვენი დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ. დავით უსუფაშვილმა ისიც კი თქვა, საქართველოში არ ვიყავი, თორემ ვურჩევდი, პარლამენტი არ დაეტოვებინაო.
- სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც დეპუტატის მანდატი დავტოვე. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი - ეს არის ერთი კაცის სურვილებზე მორგებული ორგანო. პარლამენტში არის ფრაქცია, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ უსამართლობას, მე კი ჩემს დროს და ენერგიას მოვახმარ პარტიის გაძლიერებას, წალენჯიხის პროექტს, ხალხისთვის ჩემი ნამდვილი პიროვნების გაცნობას. თითოეულ მათგანს ჩამოვართმევ ხელს, მათ კითხვებს ვუპასუხებ და ჩემზე გავრცელებულ ჭორებზეც დაველაპარაკები. ასევე მინდა ხალხს მარშალის გეგმაზე ველაპარაკო, პერსპექტივა დავანახო და უკეთესი ქვეყნის აშენების შესაძლებლობაში დავარწმუნო... მეორე მიზეზი, რის გამოც პარლამენტი დავტოვე, ის იყო, რომ არ მინდოდა ვინმესთვის სალაპარაკო მიმეცა - სასამართლო დავის დროს დეპუტატის მანდატს ეფარებაო. პროცესზე სუფთა ხელებით გავედი, ბოლომდე უკომპრომისოდ ვიომეთ და პროცესი მოვიგეთ.
- ამით ყველაფერი დასრულდა?
- არა, რას ამბობთ, წინ კიდევ ბევრი სირთულე შეგვხვდება, მაგრამ მზად ვართ, ისევ ვიბრძოლოთ და მოვიგოთ. ჩვენ აუცილებლად დავანახებთ ხალხს სიმართლეს.
- როგორია თქვენი სიმართლე?
- ქვეყანა გაღატაკებულია, 3-მილიონიან ქვეყანაში 700 000 კაცი სოციალურ უზრუნველყოფაზეა. ეს მოიტანა "ოცნების" 9-წლიანმა მმართველობამ. მთელი ქვეყანა ტყუილში ცხოვრობს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხალხი ნარკოტიკით არის გაბრუებული, ვეღარ ხვდება, რა ხდება.
- როგორ აპირებთ ნდობის მოპოვებას, დღეს 60%-ზე მეტი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, რაც ნიშნავს, რომ ხალხს არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ არ ენდობა ოპოზიციას.
- სინამდვილეში ხალხს ეშინია ცვლილებების და იმ მინიმალურის დაკარგვის, რაც ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი. ვერ ხვდებიან, რომ იმის იქით უკვე აღარაფერია. არის მცირე ჯგუფი, რომელმაც "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნით, ტენდერებით, კორუფციით, სასამართლო სისტემის იღლიაში ამოდებით კარგი ცხოვრება მოიწყო. მისთვის მარტივია გაღატაკებული ხალხის მართვა. გასაგებია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცდომები დავუშვით, ამას ვაღიარებ, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ჩვენში არ არის. თუ შენ დივანზე წამოწვები და პროცესებს ტელევიზორიდან უყურებ, მე მარტო ვერ შეგიცვლი ცხოვრებას. თუ 9 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე უბედურებას აძლევ ხმას, შეეგუე, რომ სულ გაჭირვებაში იქნები. მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი, ვინც ხმა მისცეს "ოცნებას" და მეორე დღეს გადასახადები გაუძვირეს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რომ მოგატყუებენ, მეოთხედ რატომღა უნდა ენდო?
- იქნებ იმიტომ, რომ ოპოზიციისგანაც ახსოვთ იმედგაცრუება.
- მოდი, გადაბრალებას თავი დავანებოთ. გადაბრალება ქართული "სპორტია", ურჩევნიათ უმოქმედოდ იყვნენ და მერე თავიანთი სიღატაკე სხვებს დააბრალონ. ადამიანი, რომელსაც შვილების წინაშე პასუხისმგებლობა აქვს, არ იტყვის, ოპოზიცია ან თუნდაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს ჩემი ყოფის გასაუმჯობესებლადო. თუ არ მოგწონს, შეცვალე! თუ მე არ მენდობი, მაშინ უჩემოდ შეცვალე! ნახეთ, რა გააკეთეს ადგილობრივ თვითმმართველობებში - იმის მაგივრად, მასწავლებლებისთვის, ბაღის აღმზრდელებისთვის და სხვა მოხელეებისთვის მოემატებინათ ხელფასი, თავად მოიმატეს. ამას არ უნდა შეეგუოს ხალხი, მოითხოვონ ის, რაც კანონით ეკუთვნით. მოქალაქეებისა და ჟურნალისტების აქტიურობაა საჭირო. ტელეეთერებში სოციალური საკითხები უნდა გახდეს პრიორიტეტული და არა სკანდალები.
- სულ იმეორებთ, რომ ანაკლია აშენდება. ამის გაკეთებას როგორ აპირებთ?
- ამ ხელისუფლებას შევცვლით და ანაკლიაც აშენდება. იქვე ახალი ქალაქის გაშენება, სამეგრელოს განვითარება წინა პირობაა იმისთვის, რომ ქვეყანამ ისტორიული ფუნქცია დაიბრუნოს და რეგიონში სერიოზული მოთამაშე გახდეს. ამისთვის გვჭირდება ლოჯისტიკური ცენტრი და ღრმაწყლოვანი პორტი. განვითარებული სამეგრელო გახდება ავანგარდი აფხაზეთთან ურთიერთობაში.
- ჯერ კიდევ სამი წლის წინ ამბობდით, რომ ანაკლიის აშენება საშური საქმე იყო, პორტი მანამდე უნდა აგვეშენებინა, სანამ რუსები ტამანის პორტს ააშენებდნენ.
- დიახ, მომენტი ხელიდან გავუშვით, მაგრამ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება კიდევ გვაძლევს შანსს. რა გააკეთა სახელმწიფომ ანაკლიაში, სანამ ჩვენ სასამართლოებში დაგვატარებდნენ?! ელემენტარული ინფრასტრუქტურა მაინც შეექმნათ. თქვენ გინახავთ პორტი გზის ან რკინიგზის გარეშე? პორტის პროექტისადმი ასეთი დამოკიდებულება ნიშნავს, რომ "ოცნება" რუსული ინტერესების გამტარებელია.
როდესაც სასამართლომ ჩემი, ბადრისა და ავთოს განაჩენი გამოაცხადა, ყველა მიხვდა, რომ ჩვენ ანაკლიის გასაჩერებლად დაგვიპირისპირეს სასამართლო. სასამართლომ ან უნდა დაგიჭიროს, ან გაგამართლოს, ჩვენ არც დაგვიჭირეს და არც გაგვამართლეს.
- თქვენ დროდადრო ახმოვანებთ ხოლმე თქვენი და ბიძინა ივანიშვილის საუბრების დეტალებს. კიდევ ხომ არა გაქვთ სათქმელი?
- დადგება დრო, როდესაც ივანიშვილს მოუწევს სიმართლის თქმა.
- იმედი გაქვთ, რომ გახარია დაადასტურებს თქვენს ვერსიას წერილის შესახებ?
- გახარია მშიშარა კაცია. მანიპულაციებით შემოვიდა პოლიტიკაში. მანიპულაციაა, როდესაც შს მინისტრი, შემდეგ პრემიერი იყავი, დანაშაულში გაქვს მონაწილეობა მიღებული და ისე გინდა ოპოზიციონერი ლიდერი გახდე, არაფერი თქვა, რასაც აშავებდი... მოვა დრო და მოუწევს სამართლიან სასამართლოსა და პროკურატურაში ჩვენების მიცემა. წერილის საქმე გამოძიებული არ არის, მაგრამ არც დახურულია. ანა ნაცვლიშვილს პროკურატურაში მიტანილი აქვს წერილი თავისი ანაბეჭდებით. გახარიას იმის გამოც მოუწევს პასუხისგება, რომ კიბერშეტევის საქმე არ გამოიძია და დამნაშავეები არ დასაჯა. "ოცნებასაც" მოუწევს პასუხის გაცემა როგორც მოსმენების, ასევე ანაკლიის საკითხზე. ივანიშვილს მოუწევს განმარტება, თუ რატომ უთხრა ერთ-ერთ უცხოელს, ანაკლიის პორტის აშენება საქართველოს ინტერესებში არ შედისო.
- ვინ იყო ის უცხოელი?
- აშშ-ის წარმომადგენელი.
- ისევ ვადამდელი არჩევნების საკითხს გაააქტიურებთ თუ 2024 წელს დაელოდებით?
- ჩვენ ყოველდღიურად ვემზადებით არჩევნებისთვის. ვადამდელი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.
ხათუნა ბახტურიძე