"აპა, პა, პა... პარტია არ გამახსენოთ, მე მხოლოდ პლეხანოველი ვარ!“ - კვირის პალიტრა

"აპა, პა, პა... პარტია არ გამახსენოთ, მე მხოლოდ პლეხანოველი ვარ!“

ყველაფერი ნაღდი აქვს, სალმიდან დაწყებული. დუმილით უამრავ სათქმელს გეტყვის. უნდა ამაყობდე მისი მოქნილი გონებითა და საქმიანობით, არაფრისგან, რომ ყველაფერს აკეთებს. გულით რომ აკეთებს, იმიტომაც გამოსდის. თავისი ცხოვრებით ყოველთვის იყო და არის დიდი, წონიანი წიგნი, რომლის კითხვასაც წლები სჭირდება. ერთადერთი ოცნება აქვს - საყვარელი სამშობლო გაერთიანებული და გაძლიერებული ნახოს. დიდი ვერიკოსა და მიშა ჭიაურელის შვილიშვილს თავისი ქვეყნისთვის უამრავი რამ აქვს გაკეთებული, დღეს ბევრი ქართული საქმე მისი დამსახურებაა. კინოში გვიან მივიდა და ბევრის თქმა ვერ მოასწრო, სულ სამი სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორია: "მე ვარ პელეს ნათლია", "ჭიდაობას რა უნდა" და "სიყვარული ყველას უნდა". სამაგიეროდ, თავი დოკუმენტურ კინოში იპოვა და 50-ზე მეტი ფილმი გადაიღო, მათ შორის 9 აპრილის და აფხაზეთის ტრაგედიებზე, ლტოლვილი ქალების ცხოვრებაზე, ქართულ ეკლესია-მონასტრებზე, ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებზე, ქართველ მოღვაწეებსა და სპორტსმენებზე.

"კვირის პალიტრის" სტუმარია კინორეჟისორი მიშა ჭიაურელი-უმცროსი.კაბინეტის კედლებზე ძველი ფოტოები და საკუთარი ფილმებიდან ამოღებული ფოტოკადრები აქვს გაკრული. ამ ფოტოებით პირად და შემოქმედებით წარსულს აცოცხლებს. მოსაგონარი მართლაც ბევრი აქვს. უმაღლესი კატეგორიის კინორეჟისორს მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია, ღირსების ორდენი, ზურაბ ანჯაფარიძის საერთაშორისო პრემია ოქროს მედლით და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები. არის პირველი ქართული სატელევიზიო ფესტივალი "მანას" პრიზიორი საუკეთესო ფილმისთვის "უბედურების ზონა ანუ არაჩვეულებრივი ფაშიზმი". ამჟამად მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე დიდი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრების შესახებ. ბატონ მიშას ფილმზე მუშაობისას ვესტუმრე და ჩვენი ინტერვიუც დაიწყო:

- დღევანდელობიდან დავიწყოთ... როგორ ბრძანდებით.

- ამ კითხვაზე ასე გაგცემთ პასუხს: მე ყოველთვის კარგად ვარ, თუ არ ამიშალეთ ნერვები (იცინის). პირადად მე არაფერი მიჭირს, მაგრამ ადამიანი ხომ მარტო­ არა ხარ? არის ოჯახური, ყოფითი პრობლემები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩემი ქვეყანაა. ქვეყანა თუ განვითარებულია, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული და წარმატებული, მაშინ სხვანაირად ცხოვრობ, უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს გაიხსნა, გაიშალო შემოქმედებაში იქნება, მეცნიერებაში თუ ნებისმიერ სხვა დარგში... მაგრამ, როცა ქვეყანას ამდენი პრობლემა აქვს, შენი ცხოვრებაც ამაზე ფიქრში მიდის. აი, მაგალითად, მე კინორეჟისორი ვარ. რით შემიძლია დავეხმარო ქვეყანას? რითი და... ჩემი შემოქმედებით.

- თქვენ ყოველთვის დიდ ქართველებზე იღებდით ფილმებს. თქვენი ბოლოდროინდელი საქმიანობაც ასეთ ადამიანებზე ფილმების გადაღებაა?

- კარგი კითხვაა და ამიტომ ვეცდები ზუსტად გაგცეთ პასუხი: ვისზეც ან რაზეც უნდა გადავიღო, რაიმე მოვლენა იქნება თუ პიროვნება, უკანა ფონზე უნდა იყოს საქართველო. მთავარია, ნებისმიერი ჩემი ნამუშევარი რა სიკეთეს მოუტანს ჩემს ქვეყანას.

misha2-1642340144.jpg

- ცნობილია, რომ აპოლიტიკური ადამიანი­ ბრძანდებით. არავისთან არა ხართ ასოცირებული, არანაირ პარტიასთან... ერთ ინტერვიუში­ ამბობთ, რომ თქვენ გაქვთ საკუთარი იურიდიულად გაუფორმებელი პარტია "სრულიად საქართველო", სადაც გაწევრებული გყავთ საქართველოს მთელი მოსახლეობა. პოლიტიკოსობა­ თქვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

- აპა, პა, პა... მე მხოლოდ პლეხანოველი ვარ! პარტია არ გამახსენოთ, არავის ეწყინოს, მაგრამ ეს ჩემთვის ნაკლია, ამით მე სისუსტეს უფრო ვხედავ ადამიანში. მე რომ ვიყო პროფესიონალი დიპლომატი ან მსგავსი ვინმე, გასაგებია, თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში შეიძლება მეც კი ვიყო დიპლომატი.

- ჩემი აზრით, სწორედ თქვენისთანა ადამიანები არიან თავიანთი ქვეყნის დიპლომატები, ელჩები.

- ჰო, არ ვიცი, ჩემთვის ეს კომპლიმენტია.

- წეღან პლეხანოვი ახსენეთ, რას ნიშნავს თბილისელობა?

- თბილისელობა თავისთავად არაფერს ნიშნავს. ასე შეიძლება იყო ბათუმელი, ქუთაისელი, ფოთელი და ა.შ. აი, პლეხანოველი გასაგებია, რაც არის: პლეხანოვი არის უბანი, რომელსაც თავისი პრინციპები აქვს. მაგალითად, ვერელებს თავიანთი პრინციპები აქვთ, სოლოლაკელებს, ვაკელებსაც თავისებური და ამ ყველაფერს აერთიანებს თბილისი, რომელიც კარგი ტრადიციების დამცველია.

- როგორ ფიქრობთ, ხომ არ იკარგება­ ის ძველი, კარგი ტრადიციები?

- იცით, რატომ იკარგება? სამწუხაროდ, არ გვიყვარს ჩვენი დედა­ქალაქი. ლამაზი ქალი რომ დასერო,­ ისეა, რა უქნეს თბილისს? აბა, ნახე ისეთი ადგილი, სადაც სახლი არაა აშენებული. არც გეგმაა,­ არც დაგეგმარება, არც არანაირი კონტროლი... ვის ატყუებენ? ვისაც რაც უნდა, იმას აშენებს და ამასობაში ისე დამახინჯდა ქალაქი, რომ სახე აღარ Dშერჩა. ძველი თბილისის ნაფლეთებიც, რაც დაგვრჩა, ტურისტული ზონა გახდა.

misha3-1642340144.jpg
ლაურა რეხვიაშვილი, ამირან ქადეიშვილი და მიშა ჭიაურელი ფილმის - "სიყვარული ყველას უნდა" - გადაღებისას

- როგორ გაიხსენებთ თქვენს ბავშვობას?

- ერთი წლის ვიყავი, საცხოვრებლად პლეხანოვზე რომ გადამიყვანეს, კინოთეატრ "აპოლოს" პირდაპირ სახლში, თბილისურ ეზოში. პატარ-პატარა ეპიზოდები ჩემი ცხოვრებიდან 4-5 წლის ასაკიდან მახსოვს. მაშინ ტაქსი საერთოდ არ იყო და ავად თუ გავხდებოდი, ბებიაჩემი ევგენია გერასიმოვნა მე-3 სართულიდან გადასძახებდა ქუჩაში­ კიბეზე მჯდარ იეზიდ მამედას, რომელსაც დიდი ტრადიციული ულვაში ჰქონდა, მამედა პლედში გახვეულს მხარზე ხურჯინივით გადამიკიდებდა და მიხაილოვის საავადმყოფოსკენ გამაქანებდა. მისი მხრებიდან მხოლოდ ასფალტს ვხედავდი, მაგრამ ეს მოძრაობა და კადრში შემოსული მამაკაცის ან ქალის ფეხსაცმლის ყურება ძალიან მართობდა... მერე ჩემი ცხოვრება ისე წავიდა, როგორც ყველა ბავშვის - დავდიოდი იმ სკოლაში, სადაც ჩვენი მშობლები­ სწავლობდნენ, მშობლები ერთმანეთთან მეგობრობდნენ, შვილები მათ ურთიერთობას ვაგრძელებდით.

პლეხანოვზე უდიდესი პიროვნებები ცხოვრობდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, დიმიტრი უზნაძე, ნევროპათოლოგი გიორგი ჩიქოვანი, რომელიც მთელ უბანს კონსულტაციებს უფასოდ უწევდა. მახსოვს, როგორ აივლიდნენ სპარტაკ ბაღაშვილი, გიორგი შავგულიძე, ირაკლი შუშანია და დედაჩემის მამა - დავით ასათიანი, ფსიქოლოგი და დიმიტრი უზნაძის„"განწყობის თეორიის" მიმდევარი, რომელსაც ამის გამო მუდმივი­ პრობლემა ჰქონდა კომუნისტებთან და 3 წელი გადასახლებაშიც იყო.

ბაბუა მიშამ დისერტაცია მოსკოვში დაიცვა და მეც თან წამიყვანა. ეს ამბავი მოსკოვში ქართული კულტურის დეკადას დაემთხვა. მახსოვს, სასტუმრო "მოსკოვის" ფოიეში გალაკტიონს შევხვდი, სული შემ­ეხუთა, მანაც შემამჩნია და ჩემი სახელი­ და გვარი რომ გაიგო, შესძახა, ჭიას შვილი­ ხარო? კარგად მახსოვს ის დღე და გალა­კტიონი, რომელსაც ყავისფერი პიჯაკი ეცვა.

- ბაბუაც გაიხსენეთ ორიოდ სიტყვით...

- ძალიან მიყვარდა. ხშირად ჩამოდი­ოდა ჩვენთან. განსაკუთრებით ვუყვარდი, რადგან უფროსი შვილიშვილი ვიყავი. ერთხელ მითხრა, არასოდეს იფიქრო მსახიობობასა და რეჟისურაზე, ჯერ რაიმე პროფესია შეიძინე და თუ მსახიობი ან რეჟისორი ვერ გამოხვალ, ისეთი სპეციალობა­ მაინც გქონდეს, პური რომ გაჭამოსო. თამა­მად შემიძლია ვთქვა, რომ მე მიშას და ვერიკოს სახელოსნოს კურსდამთავრებული ვარ, მასტერკლასებს მიტარებდნენ სახლში.­ ვერიკო მაღალ მატერიებზე მელაპარაკებოდა, ბაბუაჩემი უფრო ყოფით, ცხოვრებისეულ ამბებს მიყვებოდა, მერე ამ ამბებში ისეთ რაღაცას შემომაპარებდა, რაც სასარგებლო იქნებოდა ჩემთვის. ახლა ვხვდები იმ სიბრძნეების აზრს, რაზეც მაშინ პატარა ბიჭს მელაპარაკებოდნენ.

- თქვენი აზრი მაინტერესებს ევროპელობის შესახებ...

- ევროპელები არ ვიყავით? აბა, ნიკო ნიკოლაძე ვინ იყო: სორბონა დაამთავრა, ხან ფრაკით დადიოდა, ხან სპორტული ტანსაცმლით, ხან - ჩოხა-ახალუხით. ჩვენი ინტელიგენციაც, ჭავჭავაძის პერიოდში, ევროპული ტანსაცმლით არ დადიოდა, ევროპულად არ აზროვნებდნენ? ნატოში შესვლა აუცილებელი არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი აგრესიული მეზობელი რუსეთი. საქართველოსნაირი მეგობარი რუსეთს არ ჰყოლია, მაგრამ იმდენი ქნეს, შეაზიზღეს თავი...

- თქვენი აზრით, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიშოროთ გარეშე მტრები?

- ეგ არ არსებობს! ვერცერთი პატა­რა ქვეყანა ვერ იქნება მშვიდად. თქვენ გგონიათ შვეიცარია ნეიტრალურია? მთელი ბანკები იქ არის. იგივე შემიძლია ვთქვა ისრაელზეც. დამოუკიდებელი ისიც არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სამაგალითო ქვეყანაა, მთელი აღმოსავლეთი ებრძვის და ვერაფერს ხდებიან.

- მაშინ როგორ უნდა მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა?

- თუ გინდა იყო დამოუკიდებელი, სულიერად უნდა იყო მდიდარი. რაც მთავარია, განათლება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს! განათლებაშია თავისუფლება, რომელიც უპირველესად ქვეყნიდან იწყება.

- თქვენს შემოქმედებაში გამორჩეულია­ აფხა­ზეთსა და 9 აპრილზე გადაღებული ფილმები...

- იცით, რატომაა გამორჩეული? იქ სულ მოწინააღმდეგე მხარე საუბრობს, არცერთი რესპონდენტი არაა ქართველი. ფილმისათვის "9 აპრილი" იურა როსტი ჩამოვიდა და ჟურნალისტის თვალით დაანახა მაყურებელს ის ტრაგედია, რაც თავს დაგვატყდა. აფხაზეთის ტრაგედიაში არძინბა, რუსი ტყვე და ბორის პასტუხოვი საუბრობენ.

არ მინდოდა ჩემი კინო იმ ფილმებს დამსგავსებოდა, სადაც ქართველები თავად­ ჰყვებიან ამბავს, სადაც შეიძლება სიმართლესთან ერთად ცოტა გაზვიადებულ ან დაუდგენელ ამბავს მოჰყვეს ვინმე. დოკუმენტურ კინოში ეს გამორიცხულია!

- ინტერვიუს ბოლოს ასეთი კითხვა დამებადა: ვინ არის მიშა ჭიაურელი?

- ჩემი შემოქმედება, ცხოვრების წესი, ყოველდღიურობა, ყოველივე ეს ანარეკლია ჩემი შინაგანი ბუნების.

"ზოგი თავის ჩრდილს/ სწრაფად გაურბის,/ ზოგი კი მისდევს გამალებული,/ საკვირველია, მაგრამ ნუ გიკვირთ,/მე უჩრდილოდ ვარ დაბადებული!"

მიშა ჭიაურელი, ჩრდილისთვე

რუსუდან შაიშმელაშვილი