"იძულებული ვიყავი, საჩუქრად მიმეღო სპარსეთის უფლისწულის მიერ ნაბოძები ქართველი“ - ბრიტანელი ოფიცრის წერილი შვილებს - კვირის პალიტრა

"იძულებული ვიყავი, საჩუქრად მიმეღო სპარსეთის უფლისწულის მიერ ნაბოძები ქართველი“ - ბრიტანელი ოფიცრის წერილი შვილებს

ლუიზიანის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ალექსანდრე­ მიქაბერიძე ახალი აღმოჩენის შესახებ გვიამბობს:

- ბედის უკუღმართობით მე-15 საუკ­უნიდან მოყოლებული, ათობით ათასი­ ქართველი აღმოჩნდა უცხო მხარეში. ზოგი გაიტაცეს, ზოგიც ტყვედ ჩავარდა, ზოგი კი თვით ქართველმა თავადებმა გაყიდეს. ოსმალეთიდან იემენის სანაპირომდე, მაროკოს ატლასის მთებიდან სამხრეთ ინდოეთამდე იშვიათი იყო მხარე, სადაც ქართველთა შესახებ არ სმენოდათ. ბოლო რამდენიმე წელი სწორედ ამ უცხო მხარეში დაკარგული ქართველების კვალის ძიებაში გავატარე. ამბების ნაწილი გამოვეცი პატარა­ წიგნად - "უცხოეთში დაკარგული ქართველები: 60 ამბავი" (არტანუჯი, 2017 წ.). დღეს ერთი საინტერესო ამბავი მინდა გიამბოთ.

manana2-1642345014.jpg

ნაპოლეონის ომების დროს (1803-1815 წწ.) ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ არა მხოლოდ ევროპაში, მსოფლიოს სხვადასხვა მხარეშიც, მათ შორის კავკასიაში, სადაც რუსული, ფრანგული, ოსმალური, სპარსული, და ბრიტანული ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას ნაპოლეონმა სპარსეთის გადაბირება სცადა, რაც, რუსეთსა და სპარსეთს შორის კავკასიაში ბატონობასთან დაკავშირებით გაჩაღებული დიდი ბრძოლის გათვალისწინებით, მას არ გასჭირვებია. ამით შეშინებულმა ბრიტანეთის ხელისუფლებამ სპარსეთში სამხედრო მისია მიავლინა, რათა თეირანში ფრანგული ზეგავლენა შეესუსტებინა და კავკასიაში რუსეთის ექსპანსიის შესაჩერებლად სპარსული ჯარის გაწვრთნაც წამოიწყო. სპარსეთში გაგზავნილ ბრიტანელ ოფიცრებს შორის იყო ჯოზეფ დარსი, სამეფო­ ინჟინრების გენერალ-მაიორის, რობერტ დარსის ვაჟი, რომელიც სპარსეთში 1810 წელს ჩავიდა და ფათალი­ შაჰის ჯარის რეფორმირებაში დიდი როლი ითამაშა. დარსი­ არა მხოლოდ სამხედრო საქმის კარგი მცოდნე, არამედ ნიჭიერი მხატვარიც იყო. სპარსეთში ყოფნისას მან მოამზადა უამრავი ჩანახატი, რომლებზეც ასახულია სპარსეთის ბუნების სილამაზე, ქალაქები და სოფლები. ამ ჩანახატების ნაწილი დაცულია ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში, მეორე - ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია. 1812 წელს დარსი იყო ერთ-ერთი ბრიტანელი ოფიცერი, რომელიც რუსების წინააღმდეგ ახლად შექმნილ სპარსულ ქვედანაყოფებს მეთაურობდა. სულთანაბადთან გამარჯვების შემდეგ ბრიტანელმა ოფიცრებმა­ შაჰის უფროსი ვაჟისგან,­აბას მირზასგან, მოულოდ­ელი საჩუქარი მიიღეს.­ უილიამ ოუსლი, სპარსეთის ბრიტანელი ელჩის ძმა, თავის დღიურში წერს, რომ ბრძოლის შემდეგ აბას მირზამ თითოეულ ბრიტანელ ოფიცერს ორ-ორი ქართველი მხევალი უბოძა. თითოეული მათგანი 90-100 გირვანქა ღირდა. რობერტ გორდონი,­ ბრიტანული სამხედრო მისიის მდივანი, მოხიბლული იყო ქართველი ქალების სილამაზით. მას განსაკუთრებით ერთი ქართველი­ დაამახსოვრდა, რომელიც, მისი სიტყვით, იყო ყველაზე ლამაზი ქალი, რომელიც კი ოდესმე ენახა.

manana3-1642345015.jpg

- და ის დარსის მეუღლე გახდა?

- დიახ... ნაპოლეონის ომების დამთავრების შემდეგ ბრიტანელმა ოფიცრებმა სპარსეთი დატოვეს, მიატოვეს თავიანთი ქართველი ცოლები“და სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც ცდილობდნენ არ ესაუბრათ სპარსეთში შექმნილ ოჯახებზე. გამონაკლისი არც დარსი იყო. ის 1815 წელს დაბრუნდა ბრიტანეთში, 1817 წელს დაქორწინდა შეძლებული ოჯახის შვილზე და სამი ვაჟი შეეძინა, რომელთაგან უფროსს ჯორჯ აბას კული დაარქვა, ფათალი შაჰისთვის მიცემული დაპირებისამებრ, მაგრამ ამ წლების განმავლობაში დარსი ერთ საიდუმლოს ინახავდა. მხოლოდ 1830 წლის აგვისტოს მიწურულს, ცოლის გარდაცვალების შემდეგ მიუჯდა მაგიდას და შვილებს­ მისწერა წერილი, რომელიც მხოლოდ მის გარდაცვალების შემდეგ უნდა გახსნილიყო. წერილში მან შვილებს საიდუმლო გაუმხილა: "მე იძულებული ვიყავი, საჩუქრად მიმეღო სპარსეთის უფლისწულის მიერ ნაბოძები ქართველი ქალი, რომელთანაც ოჯახი შევქმენი". წერილში დარსიმ აღწერა, როგორ ცხოვრობდა თავრიზში, როგორ შეეძინა ქალიშვილი და როგორ განიცდიდა, როდესაც 1815 წელს სპარსეთიდან წასვლის ბრძანება მიიღო. სხვა ოფიცრებისგან განსხვავებით, მას არ უნდოდა მიეტოვებინა ცოლ-შვილი. რადგან ბრიტანეთში მათი წაყვანა გამორიცხული იყო, დარსიმ შაჰისგან ცოლ-შვილის სპარსეთიდან საქართველოში დაბრუნების ნებართვა მოიპოვა და სანამ ინგლისში დაბრუნდებოდა, ცოლ-შვილი თბილისში ჩაიყვანა და ყველაფრით მოამარაგა. ბრიტანეთში დარსიმ ახალი ოჯახი კი შექმნა, მაგრამ წლების განმავლობაში თავის ქართულ ოჯახთან ფარულ კავშირს ინარჩუნებდა. გამოხდა ხანი და დარსიმ თავისი ქალიშვილი (რომლისთვისაც სპარსული სახელი დილარა დაურქმევია), მალულად ჩამოიყვანა ლონდონში და კერძო სკოლაში მიაბარა, შემდეგ კი ბავშვების აღმზრდელის სამსახურიც უშოვა. წერილის ბოლოს დარსი სთხოვდა თავის შვილებს, გამოეჩინათ სიკეთე და სათნოება თავიანთი ნახევარდის მიმართ და მემკვიდრეობის ნაწილიც გაეყოთ. დარსის შვილები გაოცებული იყვნენ მამის­ წერილით. ასეთი ამბის გამომზეურება­ ოჯახს სახელს შეულახავდა, რომ არაფერი­ ვთქვათ მემკვიდრეობის გაყოფაზე. ძმებს შორის ყველაზე სათნო გამოდგა ჯორჯ აბას კული, რომელმაც ქართველი ნახევარდა თბილად მიიღო და მამის თხოვნისამებრ, წლების განმავლობაში მხარში ედგა. დარსის ოჯახის სხვა წევრებმა უარი თქვეს დის აღიარებაზე.

დილარას წერილებში, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი დარსის შთამომავლების საოჯახო არქივში, აშკარად ჩანს ამ ქართველი ქალის წინაშე არსებული სირთულეები. მან ვერ შეძლო ბრიტანულ მაღალ საზოგადოებაში დამკვიდრება, რადგან მისი უცხოელობა თვალში საცემი იყო, მისი წარმოშობა კი - სამარცხვინო. დილარა ადრეულ ასაკში გამოეთხოვა დედას და ოცდაექვსი წლის განმავლობაში მის შესახებ არაფერი სმენოდა.

ლონდონში დილარას არ დაედგომებოდა, ამიტომ იგი მყუდრო და მოშორებულ სომერსეტის მხარეში დასახლდა. 1851 წლის აღრიცხვის მიხედვით, ის ქალაქ პიტმინსტერში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, დილარა 1851 წლის 20 ივლისს, ოცდათვრამეტი წლისა, სიმსივნით გარდაიცვალა. ჯორჯმა ქართველი ნახევარდის დაკრძალვის ხარჯი გადაიხადა. დილარა დაასაფლავეს ლონდონში, კენსალ გრინის სასაფლაოზე.