"ჩემი მოჭრილი ყველა მონეტით საქართველოს ვეფერები“ - კვირის პალიტრა

"ჩემი მოჭრილი ყველა მონეტით საქართველოს ვეფერები“

"მას მერე, რაც საქართველოდან წამოვედი, გამიმძაფრდა სურვილი, ვაკეთებდე ეროვნულ საქმეს, წვლილი შემქონდეს ჩემი სამშობლოს პოპულარიზაციაში. ჩემი მოჭრილი ყველა მონეტით საქართველოს ვეფერები", - ამბობს ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფი და დიზაინერი ივა ჯანეზაშვილი.­ მან არაერთხელ გაიმარჯვა ლიეტუვის ზარაფხანის კონკურსში და შედეგად მოიჭრა საკოლექციო მონეტები ქართული თემატიკით.

- 2013 წელს ავსტრიაში ჩამოვედი ამბიციური კარიერული მიზნებით. ბოლო რვა წლის განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელე და ყველა ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. კოლექციონერი ვარ და მინდოდა კოლექციაში ჩემი დიზაინით შექმნილი მონეტები ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ნუმიზმატიკური პროდუქტი. ვარ პროფესიონალი ფოტოგრაფი და მეხუთე წელია, ავსტრიაში, ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში, მთავარ გრაფიკულ დიზაინერად ვმუშაობ.

moneta3-1642349574.jpg

- პირველ წარმატებას გაიხსენებთ?

- ეს იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტი. ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა, რომელიც 2020-ის დასაწყისში ლიმიტირებული რაოდენობით მოიჭრა - სულ 1500 ცალი. ამის შემდეგ გავიმარჯვე ლიეტუვის სახელმწიფო ზარაფხანის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ითვალისწინებდა კოოპერაციულ თანამშრომლობას მონეტების დიზაინზე. უკვე დავასრულე სერიული პროექტი კოლხურ თემაზე.

- ეს საკოლექციო მონეტები იყო?

- კი ბატონო, საკოლექციო მონეტები 2 დოლარის ნომინალით.

- კოლხეთის თემა საიდან გაჩნდა?

- მზა შაბლონები ჰქონდათ, რა თემებზე უნდა შემექმნა დიზაინი. რადგან შესაძლებლობა მომეცა, ლიეტუვის სახელმწიფო ზარაფხანისთვის მემუშავა, ვცადე, ეს შანსი ქართული კულტურის, ტრადიციების მსოფლიოსთვის გასაცნობად გამომეყენებინა. პირველი პროექტი იყო "ოქროს საწმისი". ამ პროექტით პირველი მონეტა უკვე გამოვიდა -„მედეა და ოქროს საწმისი” ჰქვია. ამ საკოლექციო მონეტების გამოყენება მიმოქცევაშიც შეიძლება. მისი ნომინალური ღირებულება 2 დოლარია. რაც შეეხება საკოლექციო ღირებულებას, საწყისი ფასი 230 ევროა.

- სულ რამდენი მონეტა მოიჭრა?

- 500 ცალი, მაგრამ კიდევ სამი მონეტა გამოვა და ყველა კოლხეთის თემაზე იქნება.

moneta2-1642349574.jpg

- კიდევ ერთი პროექტი "ვეფხისტყაოსნის" მოტივებზეა შექმნილი.

- "ვეფხისტყაოსანიც" სერიული პროექტია. მთელი სერია სიუჟეტური იქნება. პირველი სიუჟეტი - ერთდოლარიანზე, თინათინის გამეფებაა. ამ მონეტის საკოლექციო ღირებულების საწყისი ფასი 119 ევროა. ეს ვერცხლის მონეტა 1000-ცალიანი ტირაჟით გამოვიდა. ერთ მხარეს "ვეფხისტყაოსნიდან" სხვადასხვა სცენა იქნება, მეორე მხარეს - ელისაბედ მეორე.

- "ვეფხისტყაოსნის" მოტივების მონეტაზე გამოხატვა თქვენ შესთავაზეთ?

- "ვეფხისტყაოსანიც", ისევე, როგორც კოლხეთის თემატიკა, ექსკლუზივია. ჩემს პროექტებში არაფერი მეორდება. ყველაფერი ჩემი და ჩემი გუნდის მიერაა მოფიქრებული სპეციალურად ამ მონეტებისათვის. ვფიქრობდი, რომ ჩემი მონეტები ძირითადად საქართველოში გაიყიდებოდა, თუმცა მედეას გამოსახულებიანი მონეტების ნახევარი ევროპაში გაიყიდა.

- მესამე პროექტი რას მიეძღვნება?

- რამდენიმე თემა მაქვს და ვნახოთ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ესეც ქართულ მოტივებზე იქნება. ეს პროექტი 2024 წლისთვის შეიქმნება.

- "ტვიფრის" შესახებ მიამბეთ.

- აქამდე შექმნილი მონეტები 100%-ით ქართული არ არის, რადგან საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს საერთაშორისო ხელწერას და ამიტომ მეორე მხარეს ელისაბედ მეორეა გამოსახული ინგლისური წარწერებით... "ტვიფრი" კი იქნება ქართული - ქართული წარწერებით, თემატიკით, ორნამენტებით...

- "ტვიფრით" რა გამოიცა?

- 2021 წლის 21 დეკემბერს გამოვიდა "საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი" მიძღვნილი პირველი სამახსოვრო მედალი. ამ მედალში გაცოცხლებულია 100 წლის წინანდელი საქართველო. ეს სიმბოლიკა თავისი დიზაინით, კალიგრაფიული გაფორმებით, კონცეფციით პირველ რესპუბლიკაში გაბრუნებს. დატანილია მებრძოლი ქალის გამოსახულება, რომელიც იმდროინდელი საქართველოს სიმბოლური განსახიერებაა. ეს გამოსახულება აღდგენილია საფოსტო მარკის მიხედვით და შექმნილია კონკრეტულად ამ მედლისთვის. მედლის რევერსზე დატანილი ორნამენტი იმდროინდელი საქართველოს ეროვნული ჰიმნის, "დიდების", ყდიდან გამოვიყენეთ. ასევე გამოვიყენეთ პირველი რეპუბლიკის გერბი. საკვანძო ფრაზას ვეძებდით, რომ რევერსის ზედა წრიულ სარტყელზე გამოგვესახა. ძალიან მომეწონა ფრაზა: "ხელმწიფება ეკუთვნის მთელ ერს". კონსტიტუციიდანაა, ლოგიკურია, მჟღერი და ლამაზი.

- სამომავლო პროექტზეც მიამბეთ.

- "ტვიფრს" აქვს მიმდინარე პროექტი - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლისთავის მედალი. გამოვაცხადეთ კონკურსი. მედალი გამარჯვებული ესკიზის მიხედვით მოიჭრება.

- 20 წლის შემდეგ სად ხედავთ თქვენს თავს?

- ემიგრანტების ბოლო სამშობლოა. მას მერე, რაც საქართველოდან წამოვედი, გამიმძაფრდა სურვილი, ვაკეთებდე ეროვნულ საქმეს, წვლილი შემქონდეს ჩემი სამშობლოს პოპულარიზაციაში. ჩემი მოჭრილი ყველა მონეტით საქართველოს ვეფერები.