"ყაზახეთის გადარუსება დაიწყო“
ყაზახეთში სამხედრო მოქმედებები თითქმის შეწყდა, მაგრამ საფრთხე არ ამოწურულა - სხვადასხვა რაიონში დაძაბულობა ისევ არის, თუმცა წინანდელი ინტენსივობით აღარ ისვრიან. უკრაინელი პოლიტიკის მიმომხილველი იაროსლავ პილიპჩუკი ყაზახეთში განვითარებული პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ემუქრება.
- რუსეთთან სამიტის წინადღეს ნატო აცხადებს, რომ საქართველოს საკითხში პოზიციის გადახედვას არ გეგმავს. გარდა ამისა, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამბობს, რომ სამიტამდე ნატო კონსულტაციებს მართავს ქართველ და უკრაინელ პარტნიორებთან. ჟენევის მოლაპარაკებაზე ცხადი გახდა, რომ შეერთებულ შტატებსა და ნატოს პუტინის შანტაჟი არ აშინებთ. თუმცა ამერიკისა და დასავლეთის განცხადებები, ჯერჯერობით მხოლოდ დიპლომატიური ჟესტია და ნატოში წევრობას არც უკრაინა და არც საქართველო უახლოეს მომავალში არ უნდა ელოდონ, ისევე, როგორც ბოსნია და კოსოვო. თუმცა დასავლეთმა გასაგებად აუხსნა რუსეთს, რომ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა მას ძვირად დაუჯდება. რუსეთის პოზიცია ნათელია - მას კვლავაც სურს წერილობითი გარანტიები, რომ ნატო ამ ქვეყნებში ყაზახეთის მსგავსი პროცესების განვითარების შემთხვევაში არ ჩაერევა. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ვპასუხობთ ჩვენ რუსულ საფრთხეს. ახლა პუტინი უკრაინის საზღვართან სამხედრო მანევრირებით დასავლეთს აშანტაჟებს და შესაძლოა იგივე საქართველოს საზღვართანაც დაიწყოს. ამიტომ ჩვენი ქვეყნების ამოცანაა როგორმე შიდა დაპირისპირებებს არ გადავაყოლოთ ქვეყანა. ზელენსკით უკმაყოფილების უამრავი მიზეზი მაქვს, მაგრამ კრიტიკას ცოტა ხნით გადავდებ, ახლა საყვედურების დრო არ არის. არავინ იცის, მუდამ ჩასაფრებული და ვერაგი პუტინი რა გეგმებს აწყობს, სისხლზე გავლა ხომ მათი ხელწერაა. იმ შემთხვევაში, თუ პუტინი შემოიჭრება ქვეყანაში, მათ კარგად მომზადებული, შეიარაღებული უნდა შევხვდეთ. სხვა არჩევანი არ არსებობს, უკრაინა რუსეთში აღარასდროს დაბრუნდება. საქართველო, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნათელი წერტილი, ძალიან მიყვარს, მას დასავლეთიც იმედის თვალით უყურებს. უკრაინის მეგობარი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. ამიტომ ორივე ქვეყანამ როგორმე უნდა ავირიდოთ შიდა დაპირისპირება, რათა პუტინს არ მივცეთ მიზეზი, საქართველოსა და უკრაინაზე, როგორც "წარუმატებელ სახელმწიფოებზე" ილაპარაკოს. ამ ვითარებაში ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ცივი გონებით მოქმედება.
- ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, რუსული ჯარების ყაზახეთში შეყვანა სხვა არაფერია, თუ არა პუტინის ცდა გადაარჩინოს სტრატეგიული მოკავშირე და გავლენის სფეროებიც გააფართოოს.
- საქმე ის არის, რომ ყაზახეთში "სამეფო კარის გადატრიალება" მოხდა. ტოყაევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ნაზარბაევის კადრები. ყაზახეთში საპროტესტო განწყობა დიდი ხანია მწიფდებოდა. პირველი ზარი იყო 2011 წელს ჟანაოზენში განვითარებული მოვლენები, თუმცა პროტესტს დიდხანს ახშობდა ყაზახეთის უშიშროების სამსახური, რომელიც საბჭოთა კგბ-ს ანალოგია. 2022 წლის დასაწყისში, როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყო, უამრავმა პოლიციელმა და სამხედრომ არ ესროლა ხალხს, იმიტომ, რომ ორივე მხარეს ყაზახები დგანან. ეტყობა, ტოყაევმა იფიქრა, ყაზახი ძალოვანები თავს ვერ გაართმევენ საქმესო და დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას მიმართა. ყაზახი კოლეგებისგან ვიცი, რომ საპროტესტო გამოსვლები შარშანაც იგეგმებოდა, მაგრამ მიზეზთა გამო არ გამოვიდა. ერთი რუსი პოლიტოლოგი თავის დროზე ამბობდა, რომ რუსეთი ცენტრალურ აზიაში ტერორისტებთან საბრძოლველად შევიდოდა - ანუ რუსეთი ყაზახეთში შესვლისთვის საბაბს ეძებდა. ეს იყო პუტინის გეგმა. ყაზახეთში იციან, რომ კრემლმა შეიარაღებული ძალები იმიტომ შეიყვანა, რომ ქვეყანა მისი ორბიტიდან არ გაუშვას. როგორც ამბობენ, უამრავი მსგავსებაა 1956 წლის უნგრეთისა და 1968 წლის ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციასა და ყაზახეთის პროცესებს შორის. ბოლო დღეებში ქვეყანაში ისმოდა ლოზუნგები: "გაეთრიე, მოხუცო!", "გაეთრიე, რუსეთო!" - ეს ნიშნავს, რომ იქ ტოყაევსა და პუტინს კარგა ხნის ერთობლივი "სამუშაო" აქვთ.
პროკრემლისტურმა სპიკერმა, ღუსსია თოდაყ-ს მთავარმა რედაქტორმა სიმონიანმა ყაზახეთის ახალი ხელისუფლების ექვსი მოთხოვნა გაახმაურა, რაც ყაზახეთს, ფაქტობრივად, ლუკაშენკოს ბელარუსად გადააქცევს და სახელმწიფო დამოუკიდებლობას მხოლოდ ფორმალურად შეინარჩუნებს. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია შეეცდება თურქმენეთიც და უზბეკეთიც ამ ბლოკში შეიყვანოს. ლუკაშენკომ, რომელიც კრემლის მთავარი მარიონეტი-სპიკერი გახდა, განაცხადა, რომ თუ უზბეკეთს ყაზახეთის მოვლენების განვითარება არ სურს, საგარეო ვექტორზე უნდა დაფიქრდესო. ეს აშკარა მუქარაა. ყველაზე საშიში ის იქნება, თუ რეგიონში განვითარებულ პროცესებში ამერიკა და დასავლეთის სხვა ქვეყნები არ ჩაერევიან. ყაზახების აზრით, რუსებმა ნაზარბაევი იმიტომ მოიშორეს, რომ მისი მრავალვექტორული პოლიტიკა არ მოსწონდათ - ანუ რუსეთი ცდილობს მოკავშირეები გაიმრავლოს და ამას აკეთებს ყველა აპრობირებული მეთოდით. კრემლს არც ის მოსწონდა, რომ ყაზახეთი თურქულენოვანი ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციასა და სხვა კავშირებშია გაწევრებული, სადაც წამყვან როლს თურქეთი თამაშობს. საჭიროების შემთხვევაში ვითომ პარტნიორები კი არიან, მაგრამ სინამდვილეში არც ისე მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ამასობაში პუტინი აზერბაიჯანს ყარაბაღის საკითხებით აშანტაჟებს და სულაც არ არის გამორიცხული, მისი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში შეყვანაც სცადოს, რაზეც თურქეთს მკაცრი რეაქცია ექნება.
- ყაზახეთის კრიზისი რა გავლენას მოახდენს პუტინის გეგმებზე? შესაძლოა დასავლეთის ყურადღება ცოტა ხნით შემცირდეს?
- დიახ, ყაზახეთში მიმდინარე პროცესები იმას ემსახურებოდა, რომ უკრაინიდან ყურადღება გადაეტანათ. ერთხანს ასეც იყო. უკრაინის რუსეთის იმპერიაში დაბრუნებას კრემლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ გეგმაზე პუტინმა გასულ წელს არაერთ სტატიაში ისაუბრა, სადაც საბჭოთა კავშირის დანგრევას ტრაგედიად მიიჩნევს. 2022 წლის შობას კი მისმა მარიონეტმა-სპიკერმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ 2022 წელი ახალი კავშირის დაფუძნების წელი იქნება, სადაც ბელარუსის გარდა, ყაზახეთი და უკრაინაც იქნებიან. პუტინის გათვლა გულისხმობდა იმასაც, რომ დასავლეთი უკრაინითა და მისი პრობლემებით დაიღალა. თუმცა გასულ კვირას საფრანგეთის, გერმანიისა და ამერიკის პოზიციამ კრემლს აჩვენა, რომ "რუსებს მარტივი გასეირნება" არ გამოუვათ - აგრესიის შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. პუტინის ულტიმატუმს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არ უნდა მიიღონ, დასავლეთმა უარი უთხრა - ანუ კრემლის მოლოდინი, რომ ყაზახეთის მოვლენები დასავლეთში პანიკას გამოიწვევდა, არ გამართლდა. პრეზიდენტმა ტოყაევმა კი სასწრაფოდ დაარწმუნა დასავლელი ინვესტორები, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება. არ ვიცი, ყაზახეთი ერთდროულად რუსეთთან პოლიტიკურ ბმასა და დასავლეთთან ეკონომიკურ კავშირს როგორ შეინარჩუნებს, მაგრამ აშკარაა, რომ ცდილობს. ყაზახეთის პრეზიდენტმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად თავი რუსულ ყულფში გაყო და ამ ჭაობში ქვეყანაც ჩაითრია.
არა მგონია, რომ ვითარება მალე დამშვიდდეს და პუტინის მადა, თუნდაც ცოტა ხნით, ამით დაკმაყოფილდება. პირიქით, უკრაინასა და საქართველოშიც ჰიბრიდული ომი გაგრძელდება. ჩვენ, უკრაინელები, უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ - ლუკაშენკოც კი ემუქრება უკრაინას ოკუპაციით, მაგრამ უკვე რვა წელია შევეჩვიეთ საგარეო მუქარებს და ბელარუსი დიქტატორის მუქარაზე რეაქცია არა გვაქვს.
- გასულ კვირას ტოყაევმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ჯარები ყაზახეთიდან 10 დღეში გავლენ. თქვენი მოლოდინი როგორია?
- სკეპტიკური, რადგან სინამდვილეში ყაზახეთში რუსეთმა იმაზე მეტი სამხედრო ძალა შეიყვანა, ვიდრე სამართლებრივად არის დაშვებული. უხეში შედარებაა, მაგრამ დაახლოებით ასე შევიდნენ საბჭოთა ჯარები ავღანეთშიც. რუსეთი უკრაინაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობასაც დიდხანს უარყოფდა, ახლა კი რუსეთი კამერებით ძალიან მცირე კონტინგენტს აჩვენებს მსოფლიოს, კრემლის პროპაგანდას ეს არ შეეშლება. არადა, ყველამ ვიცით, რომ იქ სომხების, ტაჯიკებისა და ყირგიზების მონაწილეობა მხოლოდ სიმბოლურია. რუსული ძალები კი, რა თქმა უნდა, "ჩვენ აქ არა ვართ" ფორმით შეფუთული საოკუპაციო ძალები ყაზახეთში დარჩებიან და ტოყაევის რეჟიმის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. პასუხად, ტოყაევი ყაზახეთში პრორუსულ რეჟიმს დაამყარებს და კრემლის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, როგორც ეს სიმონიანმა განაცხადა. შესაძლოა სახელმწიფო ენად რუსულის აღიარებაც მოსთხოვონ. გააჩნია, რას მოისურვებს პუტინი. ამიერიდან რუსეთი მუდმივად შეახსენებს ყაზახეთს, რომ ლუკაშენკოსავით ვალშია მასთან იმ დახმარების სანაცვლოდ, რაც აღმოუჩინეს. მალე ვნახავთ, რომ ბელარუსი და ყაზახეთი საერთაშორისო არენაზე რუსეთთან ერთად გამოვლენ, როგორც მისი მინიონები. ყაზახეთშიც პერიოდულად იფეთქებს 2011 წლის მსგავსი პროცესები, რასაც ისევ სისხლში ჩაახშობენ.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ძალზე არაორდინარულ სიტუაციაში აღმოჩნდა სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც ხელი მოაწერა ყაზახეთში რუსული ძალების შეყვანას და ამით დასავლეთში არასასურველ პერსონად იქცა. სომხეთი უკვე აშკარად რუსეთის ვასალია. ყარაბაღის მეორე ომში დამარცხებამ ფაშინიანი გატეხა და სომხეთის წინა პრეზიდენტებს დაამსგავსა. ბელარუსის ლიდერმა ლუკაშენკომ უზბეკებს ტაჯიკი დიქტატორის, ემომალი რაჰმონის მაგალითი მოუყვანა რუსეთთან ურთიერთობაში, რაც ამტკიცებს, რომ ტაჯიკეთი რუსული პოლიტიკის გამტარებელი უნდა იყოს. მთლიანობაში ასეთი სურათი იკვეთება: რუსეთი "საბჭოთა კავშირი ორის" არასრულ პროექტს კრავს, სადაც ზოგ პოსტსაბჭოთა ქვეყანას შეათრევს, ზოგი უკვე შეათრია კიდეც.
- საქართველოსა და უკრაინას რა ბედი ეწევათ?
- ვფიქრობ, ჩვენ გადავრჩებით ამ უბედურებას, ვინაიდან დასავლეთმა მხარდაჭერა მკაფიოდ გამოხატა. როგორც უკვე ვთქვი, ნატოში უახლოეს ხანებში არ მიგვიღებენ, თუმცა იმედი არ უნდა დავკარგოთ. მთავარია, შევინარჩუნოთ რეალური დამოუკიდებლობა, იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი რუსეთში ყოფნის სანაცვლოდ უკრაინას დონბასის ნაწილს, საქართველოს კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს შესთავაზებს, მაინც უარი უნდა ვუთხრათ, რადგან ეს იქნება ტროას ცხენი, რომლითაც რუსებს ჩვენს ქვეყნებში შემოსვლის იმედი ექნებათ. ამის პარალელურად, რუსეთი უფრო გაამწვავებს საქართველოსა და უკრაინაში ჰიბრიდულ ომებს. ახლა პუტინს მადა გახსნილი აქვს და სულაც არ არის გამორიცხული, კიდევ ერთ ფლანგზე გახსნას ფრონტი. ამიტომ გვჭირდება გონივრულად, ცივი გონებით მოქმედება, როგორმე პუტინს სამოქმედოდ ხელ-ფეხი არ უნდა გავუხსნათ.