ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური დაპირისპირება მძაფრდება - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური დაპირისპირება მძაფრდება

გასული წლის მიწურულს ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ახლახან ოპოზიციის მიტინგის მონაწილეები დააკავეს, რამაც რეგიონში ვითარება უფრო გაამწვავა. აფხაზური მედიის ცნობით, "მოსახლეობის "ხელმძღვანელობით" უკმაყოფილების მიუხედავად, ოპოზიციას ამ შემადგენლობით მცირე შანსი აქვს, რადგან მასშიც ის პირები არიან, რომლებიც უკვე იყვნენ ხელისუფლებაში და "როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში - რუსეთთან ურთიერთობაში, კრიმინალებსა და ბიზნესთან დამოკიდებულებაში იმავეს აკეთებდნენ, რასაც ანქვაბი-ბჟანიას გუნდი". ოპოზიციის აქტივისტები: ჩიჩე ინაპშბა, რამაზ ჯოპუა, ბესლან მიშელია, ბესლან წვიჟბა და ასლან ტანია ე.წ. მთავრობის სახლთან ამბოხის გამო გაასამართლეს. ზოგს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ზოგს კი 15-დღიანი. იმავდროულად, აშანტაჟებენ მათ ოჯახს და გარემოცვას, რათა პროტესტის სურვილი დაეკარგოთ, რაც ხშირად ჭრის. აფხაზების თქმით, "ბჟანიამ ლიდერების დაკავება ვერ გაბედა და პაიკებით დაიწყო".

მოსახლეობის მძაფრ უკმაყოფილებას იწვევს უმძიმესი სოციალური კრიზისი. მაშინ, როცა ხალხს შუქი არა აქვს, ხელისუფლების წარმომადგენლებს ძლიერი გენერატორები უდგათ, ან მათ საცხოვრებელ უბნებში რეგიონში დაწესებული გრაფიკი არ ვრცელდება. "ხელმძღვანელობა" კი თავს იმართლებს, რომ მაინინგბიზნესისა და მწყობრიდან გამოსულ ელექტროგაყვანილობის გამო სიტუაციის გამოსწორება ვერ ხერხდება.

afxazeti-1642354285.jpg

"რესტორანს, სადაც ქეიფს აპირებენ, ისინი წინასწარ აფრთხილებენ, რომ დენი არ გაითიშოს, საამისოდ კი სხვა ქუჩებს მთელი დღე-ღამის განმავლობაში უშუქოდ ტოვებენ", - წერს სამოქალაქო აქტივისტი ანასტასია წვიჟბა.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ამ წელს ბჟანიამ პირველ "გათავისუფლებასაც" მოაწერა ხელი. "1-ლი იანვრის ღამეს ოჩამჩირის გამგებელმა ბესლან ბიგვავამ სოხუმის რესტორან "გარუდაში" მძიმედ დაჭრა რესტორნის მომღერალი თამაზ წულუკია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანა და მიმტანი ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაფერია ცნობილი. ინციდენტის მეორე დღეს ბიგვავამ გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, ბჟანიამ კი ის დროებით "გაათავისუფლა", - წერს გამოცემა.

"რომ არა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტები, ხელისუფლება ამ საქმესაც მიაფუჩეჩებდა, ბიგვავას ხელს დააფარებდა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ უამრავ დამნაშავესაც წაახალისებდა, მაგრამ ამჯერად არ გამოუვიდა, სუსტად, თუმცა მაინც მოხვდათ კოჭებში", - წერს ანია ხაჯიმბა.

რეგიონში ყოველთვის მტკივნეულად ხვდებიან ამა თუ იმ უძრავი ქონებით რუსეთის დაინტერესებას. ახლახან კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორისა და რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის ალექსანდრ ტკაჩევის განცხადებას, რომ ბიჭვინთაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და საცხოვრებელი კორპუსების გრანდიოზული კომპლექსი "მოსკოვი-რიზორთი"“ აშენდება.

მას შემდეგ, რაც ტკაჩევის პროექტს აფხაზეთში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ე.წ. ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არავითარი მშენებლობა და მიწის გაცემა არ იგეგმება. თუმცა სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ბესლან კუბრავამ განაცხადა, რომ იქ ადრე ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტის დაუმთავრებელი პანსიონის კომპლექსი იყო. 2006 წლის 6 ოქტომბერს "აფხაზეთის კანონმდებლობით", მიწის ნაკვეთი მოსკოვის მერიას გადაეცა. მაშინ მერი იური ლუჟკოვი იყო.

"მოსკოვი-რიზორთის" პრო­ექტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ კომპლექსის მშენებლობა 2022 წლის მიწურულს დაიწყება და სამი წლის შემდეგ ბიჭვინთის ზღვის სანაპიროს ფიჭვნარი "რუსულ-აფხაზურ სამოთხედ" გადაიქცევა.

აფხაზი ხელმძღვანელობის განცხადებით, ტკაჩევის განცხადება "არასწორად გაიგეს", მისთვის მიწის მიყიდვა არ იგეგმება და ბიზნესმენი მიწას მხოლოდ და მხოლოდ იჯარით აიღებს. ამის არ სჯერა აფხაზ მოსახლეობას, რადგან თავად ტკაჩევი აცხადებს, რომ პროექტში დაახლოებით 20 მილიარდი რუბლის ინვესტიცია ჩადო, რომ "მოსკოვი-რიზორთი"“ იქნება 700-საწოლიანი სასტუმრო, ხოლო მიმდებარედ აშენდება ათასსაწოლიანი აპარტამენტები.

"აფხაზეთს რუსეთთან აქვს შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ცხადია, ინვესტიციებიც საჭიროა. გვჭირდება ამ დონის სასტუმროც, მაგრამ, რუსული და აფხაზური ბიზნესისთვის თანაბარი პირობები უნდა არსებობდეს. ვხედავთ, რომ რუსულ ბიზნესს აქვს წვდომა გრძელვადიან და უფრო დაბალ საბანკო სესხებზე, ჩვენს ბიზნესს კი არა. გამოდის, პირობები არათანაბარია. თვალსა და ხელს შუა გვატყუებენ, გვეუბნებიან, რომ სიტუაციას აკონტროლებენ", - წერს სოციალურ ქსელში ელა აკირთავა.