"თქვენს მობილურ ტელეფონზე ზარი შემოვა ქართვლის დედისგან, კონსტანტინე გამსახურდიასგან, ნოდარ დუმბაძისგან..." - თბილისში ქანდაკებები "ალაპარაკდნენ" - კვირის პალიტრა

"თქვენს მობილურ ტელეფონზე ზარი შემოვა ქართვლის დედისგან, კონსტანტინე გამსახურდიასგან, ნოდარ დუმბაძისგან..." - თბილისში ქანდაკებები "ალაპარაკდნენ"

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თბილისში ქანდაკებები "ალაპარაკდნენ". საკმარისია ძეგლზე მიმაგრებულ ლურჯ აბრაზე დატანილი კოდი დაასკანეროთ და თქვენს მობილურ ტელეფონზე ზარი შემოვა ქართვლის დედისგან, დავით გურამიშვილისგან, კონსტანტინე გამსახურდიასგან, გიორგი ლეონიძისგან, ნოდარ დუმბაძისგან, გალაკტიონისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსთაველისგანაც კი.

უნდა გიამბოთ "თბილისის­ მოლაპარაკე ქანდა­კებების" შესახებ. პროექტის კონცეფციის თანახმად, შემეცნებითი და გასართობი მონოლოგებით ქართველი მწერლები­ ქანდაკებებს სულს ჩაჰბერავენ. ტექსტები რატი ამაღლობელმა, დათო ტურაშვილმა, ეკატერინე ტოგონიძემ, შოთა იათაშვილმა,­ გიორგი კეკელიძემ, ეკა ქევანიშვილმა, ალეკო შუღლაძემ და ივა ფეზუაშვილმა დაწერეს. მათი მონოლოგების შინაარსი სახალისოა. ძეგლი თავის თავზე გვიყვება. ტექსტებს ნინო კასრაძე, ბექა სონღულაშვილი, კახა კინწურაშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, ლაშა გურგენიძე, თემიკო ჭიჭინაძე და რატი ამაღლობელი კითხულობენ. ინგლისურად ძეგლებს ნიკა გორდეზიანი ახმოვანებს.

თბილისამდე ცნობილი ქანდაკებები მსოფლიოს 12 ქალაქში აალაპარაკეს. ამ იდეის საქართველოს დედაქალაქში ხორცშესხმა ლონდონში მცხოვრებმა ქართველმა, თეა გოგოლაძე-ვულფიმ­ ითავა. ის პროექტის ავტორი და კრეატიული დირექტორია.

- ეს ჩემი პირველი პროექტი არ არის. კარანტინის დროს, ჩავწერე არტვიდეოების სერია - "გაიცანით ქართველი მოქანდაკეები". ამის შემდეგ ვფიქრობდი, რაღაც ციფ­რული პროექტი გამეკეთებინა. ფიქრსა­ და ძიებაში გადავაწყდი იდეას მოლაპარაკე ქანდაკებებზე და იდეის ავტორს, დევიდ პიტერ ფოქსს, დავუკავშირდი, რომელიც სიამოვნებით დამთანხმდა, რომ სხვა ქალაქების პროტფოლიოს თბილისიც დამატებოდა. დევიდი დანიიდანაა. ის ახლა "თბილისის მოლაპარაკე ქანდაკებების” კონსულტანტია".

- თქვენთან დაურეკავს რომელიმე ძეგლს?

- კი, ლონდონში. ლომმა დამირეკა, რომელიც მუნიციპალიტეტის წინ დგას. საუბარი ასე დაიწყო: "წვიმასა და თავსხმაში სულ აქ ვდგავარ და ვიცავ ამ შენობას..."­ მაშინვე გამეღიმა - ზომიერი და გემოვნებიანი იუმორი ყოველთვის მომგებიანია. ამის შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ მსგავს პროექტს თბილისშიც გავაკეთებდი.

ამ იდეის განხორციელებას ორი წელი მოვანდომეთ. ამჟამად თბილისში რვა ძეგლი­ ლაპარაკობს. მეტი ქანდაკება უნდა ალაპარაკებულიყო, მაგრამ რაკი თბილისს იუნესკოს წიგნის დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა, ეს იდეაც ფაქტს დაუკავშირდა - ძირითადად, მწერლების ქანდაკებები შევარჩიეთ, დევიდმა კი თავისი ინიციატივით ქართვლის დედა დაამატა.

ქანდაკებები ორ ენაზე მეტყველებენ. ამ პროექტით, ბევრი კეთილი საქმის გარდა,­ უცხოელებთან ჩვენი ხელოვნების პოპულარიზაციას ვცდილობთ. თბილისის სტუმრები მიდიან სახინკლეში, სახაჭაპურეში, ზოგჯერ - მუზეუმშიც, მაგრამ უკან ისე ბრუნდებიან, ჩვენი ქვეყნის კულტურას ვერ ეცნობიან, ამ პროექტით კი იგებენ, ვისია ძეგლი, ვინ არიან მისი გამხმოვანებლები...

თბილისური ძეგლები ნოემბრიდან ამეტყველდნენ და დარეკვის მსურველთა რაოდენობის მიხედვით (ამ ინფორმაციას პერიოდულად დევიდი მიგზავნის), როგორც ადგილობრივების, ასევე უცხოელების ინტერესი დიდია, რაც ძალიან მიხარია.

ეკა ქევანიშვილი:

- მე კონსტანტინე­ გამსახურდია მერგო. ტექსტი 3-4-წუთიანი უნდა ყოფილიყო, სხარტი, თან - ინფორმაციული. იოლი არ აღმოჩნდა, მაგრამ რაღაც გამოვიდა... მინდოდა ცოტა სახალისო­ ყოფილიყო, ცოტა - თვითირონიული, რადგან ჩემი წარმოდგენით, მწერალი ასეთიც იყო... დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო ამ პროექტზე მუშაობა. ძალიან ვეცადე, კარგი გამოსულიყო. როგორი გამოვიდა, სხვისი შესაფასებელია.

რატი ამაღლობელი:

- თბილისის მოლაპარაკე ძეგლები კარგი პროექტია. მე ვფიქრობ, ავტორმა კარგად მოიფიქრა ძეგლების ამეტყველება. მომეწონა და ხალისით დავთანხმდი ამ პროექტში მონაწილეობას, იმიტომ, რომ ძეგლს თუ რამე აკლია, ეს მეტყველებაა. ჩემთვის უცხო არც გალაკტიონია და არც - ეს ძეგლი, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ამეტყველება ძალიან საპასუხისმგებლო იყო, არ გამჭირვებია. რაც პირველად მომივიდა აზრად, ის დავწერე. დავწერე, რა გრძნობებს აღძრავს გალაკტიონი და ეს ძეგლი...

- სხვა ავტორებისგან განსხვავებით თქვენ ახმოვანებთ კიდეც გალაკტიონის ძეგლს.

- პროექტის ავტორმა მკითხა, ტექ­სტსაც ხომ არ წაიკითხავო და დავთანხმდი.­ გალაკტიონის ჩანაწერები ნანახი მაქვს. ხმით არა, მაგრამ დრამატრუგიულად და ინტონაციით მივბაძე, იმ შინაგანი დაძაბულობით, რომელიც გალაკტიონს ჰქონდა საკუთარი თავის მიმართ... ვცადე, გადმომეცა მისი, ჩემი აზრით, ბავშვური თავის ქება: "რომ მეფე ვარ და პოეტი..."

- გამოხმაურებები თქვენამდე მოვიდა?

- სოციალური ქსელი თუ რამით არის კარგი, იმით, რომ უცხო ადამიანების აზრს ადვილად იგებ. ამ შემთხვევაში ბევრი კარგი რამ მომწერეს, რაც სასიამოვნოა. ვფიქრობ, რომ ეს სახალისო-შემეცნებითი პროექტია. ადამიანები თან გაერთობიან, თან მნიშვნელოვან ამბებს შეიტყობენ.