"ტანკისტი რომ გეყოლება ჯანდაცვის მინისტრი, ეს არის...“ - კვირის პალიტრა

"ტანკისტი რომ გეყოლება ჯანდაცვის მინისტრი, ეს არის...“

ატეხეს ამბავი, „ომიკრონი“ გრიპივით არისო. არ არის! ჩვეულებრივი კოვიდია, რომელიც საშიშია და აზიანებს ადამიანებს. "ომიკრონი“ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს კოვიდი ზოგადად...

"სიტყვა კამიკაძე წამოვიდა იაპონიიდან, მაგრამ მე მივხვდი, რომ კამიკაძე სუფთა ქართული სიტყვაა. ჩვენ ვართ კამიკაძეების ერი. საკუთარი ნებით თავს ვიკლავთ" - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

- ყველაზე ცუდი რა არის, იცით? ფილმი რომ არის, "არ აიხედო ზემოთ", დი კაპრიოს მონაწილეობით: კომეტა მოდის დედამიწაზე, დიკაპრიო ყველას აფრთხილებს, ჩამოვარდება და დაგვეცემაო, მაგრამ ხალხი ზუსტად ჩვენი ანტივაქსერებივით და პოლიტიკოსებივით იქცევა. ვუყურებ ამ ფილმს და ვფიქრობ, ეს პერსონაჟი მე ხომ არ ვარ? ვაფრთხილებ, ხალხო, უბედურება მოდის-მეთქი და, არა, კაცო, გეჩვენებაო. "გირჩზე" ძალიან აკრეფილი ვარ! გარდა იმისა, რომ ნარკოტიკების პროპაგანდას ეწევიან, ყველაზე მეტად იმაზე გავბრაზდი, რომ მათი ლიდერი ამბობს, პირბადეს რა აზრი აქვს, მაინც არ შველისო. ბიჭო, პოლიტიკოსი ხარ, შენ ხომ პასუხისმგებლობა გაკისრია! ესენი, "ყველაფერშჩიკობენ", მე კი რამდენიმე პოლიტიკური განცხადება რომ გავაკეთე, ექიმი ხარ და შენს საქმეს მიხედეო.

omikron-1642364997.jpg

- "გირჩის" ის წევრიც ექიმია პროფესიით.

- ის, ალბათ, ოდესღაც იყო ექიმი, როგორც მე. მე ქირურგი ვიყავი, მაგრამ ახლა ხომ აღარ ვარ? ახლა ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრაქტიკული ექსპერტი. ისიც პოლიტიკაში გადავარდა და ისეთ განცხადებებს აკეთებს, ზოგჯერ მრცხვენია.

ეს ქვეყანა გადაიქცა სკანდალების ქვეყნად, სკანდალით კი ქვეყანას ვერ ააშენებ. სხვათა შორის, "ოცნება" მეცოდება, იმიტომ, რომ არ იციან, რა ქნან და რაც უნდა გააკეთონ, მაინც წაგებული დარჩებიან. ტანკისტი რომ გეყოლება ჯანდაცვის მინისტრი, ეს არის... ერთი კვირა ვაპატიე, მივეცი წინასაახალწლო "თაფლობის კვირა" და არ ვაკრიტიკე, მაგრამ პირველი მისი გამოსვლა და პირველი კოშმარის მოსმენა ერთი იყო! ადამიანი, რომელიც არ არის სპეციალისტი, რატომ დასთანხმდა ამ პოზიციას?! მე რომ ახლა შემომთავაზონ სოფლის მეურნეობის მინისტრობა, ვიტყვი, ღმერთო ჩემო, ძროხა ერთხელ მინახავს ცხოვრებაში-მეთქი. გასაგებია, რომ კარგი მენეჯერია, თანამდებობებზე ნამუშევარი, მაგრამ ექიმების მართვა ყველაზე რთულია. მე ვმართავდი ექიმებს, 15 წელი "ევექსის"“გენდირექტორი ვიყავი და ვიცი, რას ვამბობ. ექიმების უმრავლესობა არის ძალიან განათლებული ადამიანი, 10-15 წელიწადი სწავლობენ. თუ სამედიცინო პერსონალი უნდა მართო, ექიმების ფსიქოლოგია უნდა იცოდე და თვითონ უნდა იყო ექიმი. სანიტრადაც მიმუშავია, სუდნოებიც გამიტანია, ექთანადაც, ექიმადაც... ამიტომ ვიცი, როგორ დაველაპარაკო სანიტარს, ექიმს, ექთანს. პირველ გამოსვლაში ჩვენი ჯანდაცვის მინისტრმა თქვა: "ჩვენ შევქმნით მობილურ ჯგუფებს­ ჯანდაცვის­ მსოფლიო ორგანიზაც­იასთან ერთად". ჯერ ერთი, ჯანმო მაგას 100 წელი არ გააკეთებს, ეს ტყუილია! და ქვეტ­ექსტი რა იყო? ჩვენ გავაკეთეთ მობილური ჯგუფები, რომლებიც შეამოწმებენ საავადმყოფოებში ინფექციის კონტროლსო. ჩვეულებრივმა მოქალაქემ შეიძლება იფიქროს, ვაიმე, რა მაგარიაო, არადა, ჯანდაცვის მინისტრს ჰგონია, რომ ინფექცია შეიძლება ისე აკონტროლოს, როგორც პატრული აკონტროლებს ქუჩებში ქურდობას?!

- ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანი და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირად არა კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება გარდაცვალების მიზეზიო...

- ტიკარაძე იყო პირველი მინისტრი, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ჩვენ გვაქვს ინფექციასთან ბრძოლის პრობლემა­ და ამისათვის მადლობა უნდა ვუთხრათ. ისე, რომ იცოდეთ, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მაგალითად, ჟენევის საავადმყოფოში 10-12% შიდა ჰოსპიტალური ინფექცია ნორმალურად ითვლება. საქართველოში კი როცა მთავარი ექიმი გეუბნება, ჩემთან შიდა ჰოსპიტალური ინფექცია 0%-იაო, სახლში უნდა გაუშვა.

- ანუ ტყუის?

- რა თქმა უნდა და იმასაც გეტყვით, რატომ. მექანიზმი ძალიან მარტივია: თუ პაციენტს დაუდასტურდა შიდა ჰოსპიტალური ინფექცია, მის მკურნალობას საყოველთაო დაზღვევა აღარ აფინანსებს. მიხვდით?

ტიკარაძემ სამინისტროში დატოვა ყველა, ვინც ბოლო ორი წელია, ჯანდაცვის სისტემა მიწასთან გაასწორა. კოვიდი აბსოლუტურად ვერ მართეს. შეკითხვა მაქვს:­ რატომ შეიცვალა ჯანდაცვის მინისტრი? ვითხოვე, ნუ გამოცვლით ჯანდაცვის მინისტრს, ბევრი რამ ისწავლა, გამოცდილება მიიღო, ეს ახალი ადამიანი კი გონზე არ არის, რა არის ჯანდაცვა-მეთქი. გაქანებული "ომიკრონის" დროს, როცა საქართველოში თითქმის ყველა დაინფიცირდება, რას ვაკეთებთ? კლუბები გავხსენით და ახლა ისევ დავკეტეთო... საახალწლო კონცერტები ჩავატარეთ, საშობაო სოფლები გავხსენით... ხომ იცით, პური და სანახაობა... პური არ არის და სანახაობას გვიჩვენებენ.

რატომ გადადგა მინისტრი? იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრმა თქვა: "შენ ვერ მართავ პროცესს!" მაგრამ ერთი ადამიანი გადადგა და სხვა ყველა თავის ადგილას დარჩა? ეს რა, ერთი ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლა იყო? მინისტრი არ არის ერთი ადამიანი, მინისტრი არის სისტემა, ანუ სისტემამ ვერ მართა სიტუაცია.

ქვეყანაში ინფექციის კონტროლი ვის ევალება? დაავადებათა კონტროლის ცენტრს. მიპასუხეთ, როგორ შეიძლება სამი მინისტრი გამოიცვალოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კი იჯდეს, როგორც კრუხი?! ბატონმა ამირან გამყრელიძემ არაერთხელ თქვა, მე რომ წავიდე, სხვა ვინ გყავთო. პოლიტიკურ წრეებში მუსირებს აზრი, კიდევ კარგი, ამირანი­ გვყავს, თორემ რა გვეშველებოდაო. მე კი ვამბობ: აგერ ვარ! ყველაფერი ამირანზე უკეთესი მაქვს - ასაკით დაწყებული, და ბოდიში, მაგრამ კორუმპირებული მინისტრი არასდროს ვყოფილვარ. მეორე შეკითხვა: კარგი, ფხაკაძე არ უნდათ, დავუშვათ, ბატონი ამირანი ხვალ გადაწყვეტს, გავიდეს პენსიაზე, ვინ შეცვლის? მინდა ვკითხო მას, ამდენი წელია, მუშაობს ამ თანამდებობაზე და გაზარდა კადრები? მისი მოადგილეა ბატონი პაატა იმნაძე და ისიც ახლოსაა პენსიასთან. ახალგაზრდა კადრები­ გაზარდეს? ვთხოვდი, დაადგინეთ სამედიცინო პირბადეების ხარისხის სტანდარტი-მეთქი და ამდენი ხანია, ვერ დაადგინეს! ანტიგენის ტესტები არ ვარგა და მაინც ჩამოაქვთ. "რემდესივირი" არ ვარგა და მაინც შემოაქვთ. მერსკის კოვიდსაწინააღმდეგო წამალი არაეფექტურია. საფრანგეთის მთავრობამ წინა თვეში გადაწყვიტა, "მერსკისთან" კონტრაქტი გაეუქმებინა, ჩვენმა მინისტრმა კი გამოაცხადა, ჩვენ ვყიდულობთო. დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელსაც თქვენ და მე ვუხდით გადასახადებს, ვალდებულია, დაადგინოს, რა არის კარგი, რა - ცუდი. რა მივიღეთ ჩვენ? 400 ათასი ლარი გადავიხადეთ "რემდესივირში", არადა, 2020 წლის ოქტომბერში ჯანმომ გამოაცხადა, რომ ეს წამალი არაეფექტურია.

- "ომიკრონზე" ვისაუბროთ... რა სიტუაცია გვაქვს, მივდივართ დასასრულისკენ?

- ბატონი ამირანი და რამდენიმე ჩვენი კოლეგა წერენ, რომ დგება დასასრულის დასაწყისი. ამის თქმა მავნებლობაა. ამით მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი არაპროფესიონალიზმი. სამხრეთ აფრიკის ყოფილი მთავარი სტატისტიკოსი ჩემი მეგობარია, საქართველოშიც იყო ჩამოსული; სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტსაც ვიცნობ. მოკლედ, დავურეკე ერთ-ორ ადამიანს და ვესაუბრე. იმაზე მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე "გუგლში" ნახავთ და ვთქვი, ხალხო, ეს საყურადღებოა-მეთქი, ამათ კი ატეხეს ამბავი, "ომიკრონი" გრიპივით არისო. არ არის! ჩვეულებრივი კოვიდია, რომელიც საშიშია და აზიანებს ადამიანებს. "ომიკრონი" აკეთებს იმას, რასაც აკეთებს კოვიდი ზოგადად. ჩემს რამდენიმე ახლობელს დაემართა კოვიდი და პოსტკოვიდურ პერიოდში - დიაბეტი. ვიცით, რომ მათ 60%-ს, ვინც კოვიდი გადაიტანა, დიაბეტი ემართება, ბავშვებში კი ამის შანსი ორნახევარჯერ მეტია. ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს! რა გრიპი?! გრიპის მერე ვის ემართება დიაბეტი? გრიპის მერე გულის ან თირკმლის უკმარისობა გემართებათ? "ომიკრონი" კოვიდის ნაირსახეობაა და საშიშია! ეს არის მუტაცია! სხვათა შორის, მასაც უკვე ორი სხვადასხვა მუტაცია გაუჩნდა, ბრიტანეთში უკვე ორი სხვადასხვა ტიპის "ომიკრონი" არსებობს. ანუ მუტაციები არ გაჩერდება. დამიჯერეთ, ორ-სამ კვირაში მკითხავთ, ბატონო გიორგი, ახალი მუტაცია გაჩნდა და რას მეტყვითო. განსხვავება "ომიკრონსა" და კოვიდის სხვა ვარიანტებს შორის ის არის, რომ "ომიკრონი" უფრო გადამდებია, ფილტვებამდე ჩასვლას ვერ ასწრებს და ბრონქებში რჩება. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი არის ის, რომ უფრო ხანმოკლე პერიოდი აქვს. მაგალითად, თუ დელტას დროს ადამიანი დაახლოებით 14 დღე იყო ცუდად, "ომიკრონით" ავადმყოფობა ხუთი-ექვსი, შეიძლება შვიდი დღე გაგრძელდეს, თუმცა ესეც ყველას არ ეხება, რადგან ზოგს უფრო დიდხანსაც უგრძელდება. ამასთან, თქვენ შეიძლება გადატანილი გქონდეთ დელტა ვარიანტი და მეორე დღეს "ომიკრონი" დაგემართოთ. ცუდი ამბავია ის, რომ "ომიკრონის" წინააღმდეგ არცერთი ვაქცინა არ მოქმედებს, გარდა "ფაიზერისა" და "მოდერნასი". ათეულობით ადამიანმა დამირეკა, რომლებიც ჩინური ვაქცინით იყვნენ აცრილი და ბუსტერად გაიკეთეს "ფაიზერი", მაგრამ "ომიკრონისთვის" ეს ბუსტერი კი არ არის, ეს არის "ფაიზერის" პირველი დოზა. "ომიკრონის" წინააღმდეგ თქვენ სამი დოზა "ფაიზერი" გინდათ. წერტილი!

- არის ეჭვი, რომ ჩვენთან ვადაგასულ "ფაიზერს" იყენებენ.

- ახლა ბატონ ცერცვაძეზე გადავალ... მე მას ბავშვობიდან დიდ პატივს ვცემდი. გამოცდილი ექიმია, კორიფე. უყურებ და ფიქრობ: ვაუ, საუკეთესოზე საუკეთესო! მაგრამ იმდენი შეცდომა აქვს დაშვებული, "რემდესივირის" შემოტანით დაწყებული!.. ვნახე ბატონ ცერცვაძის განცხადება, სადაც ამბობს, დროზე აიცერით "ფაიზერით", თორემ ვადა გასდისო. ჰოდა, ადამიანებსაც ჩაებეჭდათ ტვინში, რომ "ფაიზერი" ვადაგასულია...

- ანუ არ არის "ფაიზერი" ვადაგასული?

- არ არის... საქართველოს კანონმდებლობით ვადაგასული ვაქცინის გამოყენება აკრძალულია, საციხო ამბავია. იმიტომ გავანადგურეთ 15 ათასი "ასტრაზენეკა", დაგავიწყდათ? მე 10 წელიწადია, მსოფლიო დონეზე ვარ ჩართული ვაქცინაციის პროცესში, ვამტკიცებ ბევრი ქვეყნის ვაქცინაცი­ის გეგმას და ეს ყველაფერი კარგად ვიცი. ისე, სხვათა შორის, ჩინური ვაქცინები არის ექსპერიმენტული. ერთადერთი ვაქცინა, რომელიც დამტკიცებულია მსოფლიოში, არის "ფაიზერი"... "ფაიზერით" ან "მოდერნათი" სამჯერ აცრა 70%-ით გიცავთ, რომ არ დაგემართებათ "ომიკრონი" და თუ დაგემართებათ, ადვილად გადაიტანთ. ამიტომაც ევროპაში - ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში კატასტროფულად დიდი რიცხვია ინფიცირების, მაგრამ სიკვდილობა ძალიან დაბალია. აიცერით და არაფერი დაგემართებათ.

- ესპანეთმა კოვიდი ენდემურ ვირუსად გამოაცხადა...

- ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გონზე არ არის, რა არის ჯანდაცვა და ჰგონია, რომ კოვიდი არის გრიპი, ძალიან კარგი პასუხი მიიღო ევროკავშირის პარლამენტიდან და წამლის სააგენტოდან. მოდი, ასე ვთქვათ - მას კარგი სილა გააწნეს­. კოვიდი არ არის გრიპი, კოვიდი კოვიდია! ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ესპა­ნელების 90% ორჯერ არის აცრილი,­ 60%-ს უკვე ბუსტერიც აქვს გაკეთებული და ნუ შევადარებთ ესპანეთსა და საქართველოს.

- ანუ დასასრულის დასაწყისი არ დამდგარა?

- არ ვიცი, რისი დასაწყისია და რისი დასასრული. ფაქტია, სანამ ყველა არ ავიცრებით, ყველა პირბადეს არ გამოვიყენებთ და დისტანციას არ დავიცავთ, ერთ წრეზე ვიტრიალებთ. ახლა დაწყებული კოვიდაფეთქების ტალღა დასრულდება თებერვლის ბოლოს. მარტი, აპრილი, მაისი იქნება კარგი, ივნისი-ივლისი - ისევ აფეთქება და ეს იქნება "ომიკრონის" მეორე ტალღა.

ირმა მეტრეველი