"სააკაშვილი საშიში, დამღუპველი ადამიანია საქართველოსთვის“
"რუსეთს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში სამხედრო ძალები ჰყავს და ისინი იქ ამ ქვეყნების მთავრობების თანხმობის გარეშე იმყოფებიან, არავის მიუწვევია და მათი იქ ყოფნა არავის სიამოვნებს", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ნატოს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიყვანოს ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და პატივი სცეს ამ ქვეყნების სუვერენიტეტს.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანის თქმით, ნატო ღიაა ყველასთვის, უკრაინა კი ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა. "ნატოში გაწევრებას თავისი ეტაპები აქვს. უკრაინა ამ პროცესს გადის. დიდი შრომაა საჭირო, რათა ნატოს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილდეს. იგივე ითქმის საქართველოზეც". დადგა თუ არა გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის, როგორ ხვდება ახალ რეალობას ქართული პოლიტელიტა, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა დავაკმაყოფილოთ ნატოს სტანდარტები, ამის შესახებ ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:
- ვერ ვიტყვი, რომ საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიღო. რუსეთისთვის ჯარების გაყვანისკენ მოწოდება არ ნიშნავს, რომ მოსკოვი მითითებას შეასრულებს. რუსეთი დღეს თავს ძლიერად მიიჩნევს, თუნდაც ჩინეთის მხარდაჭერის გამო. დღეს მისი მოდრეკა ძალიან ძნელი იქნება და ეს ძალიან კარგად იციან ნატოს წევრმა ევროპულმა ქვეყნებმა. ამიტომაც საქართველოსა და უკრაინის საკითხზე ნამდვილად არ არის ისეთი ერთსულოვნება, როგორიც მათმა წარმომადგენლებმა გამოხატეს სამიტის შემდგომ. გარდა იმისა, რომ იქაური მედიის ნაწილს რუსული ფული აკონტროლებს, არც რუსული გავლენისგან თავისუფალი პირები არიან ანტირუსული პოლიტიკის მომხრენი. ამის მიზეზი ის არის, რომ მათი აზრით, მოსკოვთან კონფრონტაციით ბევრს დაკარგავენ.
- თუმცა დიდ იმედს ამყარებენ მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიან დიპლომატზე, უენდი შერმანზე, რომელსაც ვერცხლისფერ მელად მოიხსენიებენ. ანტირუსული პოლიტიკის მომხრეები იმედოვნებენ, რომ ქალი, რომელმაც ირანს ბირთვულ შეთანხმებაზე მოაწერინა ხელი, პუტინსაც მოუგებს თამაშს.
- ბლეფია ეს მოლოდინი! აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსულ დიპლომატიას სიხისტესთან ერთად მოქნილობაც ახასიათებს, მაგრამ თუ ძალას იგრძნობენ, უკან დამხევები არაფერზე არ არიან. დღევანდელი ვითარება კარიბის ზღვის კრიზისს მაგონებს, როდესაც ყველანაირი დიპლომატიური ხერხი იქნა გამოყენებული, მაგრამ საბოლოოდ დასავლელმა ლიდერებმა ისე გადაწყვიტეს, რომ სამყაროს მესამე მსოფლიო ომი აარიდეს. ჩემი აზრით, დღეს არსებული კონფრონტაცია უფრო გაღრმავდება. მგონი, რუსეთი უკრაინაში შეჭრას არც აპირებს. ასეთი სამხედრო ღონისძიება თავად მას მოუტანს მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს. ჯერ ერთი, ამ შემთხვევაში ეთნიკურ მენტალობას აქვს მნიშვნელობა, რუსებისთვის საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა ერთი და იგივე ამბავი არ არის. რუსები და უკრაინელები მაინც ერთი ფუძის ნაწილად მიიჩნევენ თავს. ერთი სიტყვით, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, მაგრამ ძალის დემონსტრირებას მოახდენს, რათა დასავლეთს რაც შეიძლება მეტი დაათმობინოს. თავის მხრივ, დასავლეთს დათმობის უფლება არა აქვს და ისიც ახდენს თავისი ძალის დემონსტრირებას უენდი შერმანის მეშვეობით. ესე იგი, სადღაც კონსენსუსი უნდა გამოინახოს. ვფიქრობ, ორივე მხარე შეეცდება რაც შეიძლება მეტი მიიღოს.
- რა შეიძლება იყოს კონსენსუსის საგანი მაშინ, როცა თამასა ორივე მხარეს აწეული აქვს და რამდენად შესაძლებელია მათ შორის გარიგება საქართველოს ხარჯზე?
- ამ ამბიდან საქართველოსთვის არც კარგის თვალსაზრისით ველოდები რაიმეს და არც ცუდის. როგორც ვიცი, მომდევნო შეხვედრაზე შერმანი იმ პაკეტის გახსნას აპირებს, რომელშიც მოსკოვის წინააღმდეგ ნატოს სავარაუდო ნაბიჯებზეა საუბარი. თუ ამ პაკეტში იქნება რამე ისეთი, რაც კრემლს აფიქრებინებს, რომ მძიმე ეკონომიკურ შედეგებს მიიღებს, არ არის გამორიცხული უკან დაიხიოს, მაგრამ ეს შეიძლება ჩვენ სულ არ შეგვეხოს.
- ამის პარალელურად, რუსულ მედიაში პუბლიცისტი მაქსიმ შევჩენკო გამოთქვამს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოზე უარს იტყვის, თუ მის შემადგენლობაში ისევ დაბრუნდება ცხინვალი და სოხუმი. თქვენი აზრით, ეს შემთხვევითი ამბავია?
- არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ის კრემლს ახმოვანებდეს. თუ ასეა, მაშინ საქართველოს წინაშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა ჩნდება. არ ვიცი, შევჩენკომ თავისი აზრი გამოხატა თუ კრემლის, მაგრამ ამაში არის რაციონალიზმის მარცვალი.
- ამ თემის განხილვისთვის ქართული პოლიტელიტა მზად არის?
- ქართული პოლიტელიტა მხოლოდ სერიოზული გარანტიების საფუძველზე დაიწყებს ამ საკითხზე მსჯელობას. ისე კი, რასაც დღეს ქართული პოლიტელიტა ახმოვანებს, აბსოლუტურად მიუღებელია ქართველი საზოგადოებისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ მმართველი ძალის აქტიურობას ვერ ვხედავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. ოპოზიცია კი 5-6 წლის წინანდელ რეჟიმშია ჩარჩენილი - გაუთავებლად ლაპარაკობს პუტინის მონებზე, აგენტებზე და ა.შ. ნატოში შესვლა ძალიან კარგია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე დასავლეთი ამას გამუდმებით სამომავლოდ დებს, სხვა, ალტერნატიული გეგმა ხომ უნდა გვქონდეს?
- ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ სააკაშვილის განცხადებები. თქვენი შეფასებით, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს სააკაშვილი რეალობას ქვეყანაში და საზოგადოდ, რეგიონში?
- ვიღაცებმა მისი გამოსვლა პარანოიად შეაფასეს, ისიც თქვეს, არანორმალურიაო. არა, არ არის არანორმალური, ის საშიში, დამღუპველი ადამიანია საქართველოსთვის. ის რეალობა, რაც დღეს ქვეყანაშია, დიდწილად მისი დამსახურებაა. დააკვირდით, როგორ იქცევა დღესაც - საკმარისია მის პარტიაში ვინმემ ახალი ტაქტიკური სქემის შექმნა ან სხვა თემების წამოწევა სცადოს, მაშინვე არასანდო პირი გახდება. დღე და ღამე ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველოს მთავარი მტერი რუსეთია და ამ დროს პარტიის პოლიტიკურ მდივნად ნიშნავს კობა ნაყოფიას, რომელსაც ცხოვრება რუსეთში აქვს გატარებული და ფულიც რუსულ საფინანსო სტრუქტურებში იშოვა. შემიძლია სამი-ოთხი რუსი ოლიგარქი ჩამოვთვალო, ვისი დახმარებითაც იშოვა ნაყოფიამ ფული - მაგალითად, ერდუშენკო.
სააკაშვილს საოცრად მაღალ ხარისხში ჰყავს დემაგოგია აყვანილი, გაუთავებლად შეუძლია ილაპარაკოს თეთრზე შავიაო, შეუძლია თქვას, რომ ზვიად გამსახურდიაც არალეგალურად შემოვიდა საქართველოში. ჯერ ერთი, გამსახურდიას საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს და დაბრუნდა იმ ქვეყანაში, რომელსაც მისი ხელისუფლების წარმომადგენელი აკონტროლებდა. გასაოცარია მისი ცინიზმი. მაშინ ის პატარა იყო, მაგრამ ჩვენ გვერდით იდგა, არაერთი სტატია აქვს უცხოეთის პრესისთვის დაწერილი, სადაც გამსახურდიას აკრიტიკებდა. ახლა გახდა მისთვის გამსახურდია სამაგალითო?! ხან გამსახურდიას ადარებს თავს და ხან ვის. ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ გიჟია, დემაგოგია და იცის, რომ ერთსა და იმავეს ხშირად რომ იმეორებ, ხალხი იჯერებს.
- როგორ წარმოგიდგენიათ, დაუჯერებს და გამოიყვანს ის ხალხს ამჯერად?
- გამორიცხულია. სააკაშვილი დემაგოგია და მის პარტიაშიც მოჰბეზრდა ნაწილს. ყველაფერი მაინც ხელისუფლებაზეა დამოკიდებული - თუ გადადგამენ გადამწყვეტ ტაქტიკურ ნაბიჯებს გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, პანდემიას სწორად წარმართავენ და სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებში შეიტანენ გარდატეხას, ვერავითარი დემაგოგია ვერ შეძლებს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდას. დანარჩენ ოპოზიციას ვურჩევ, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგიდან.
ხათუნა ბახტურიძე