მე... მე... მე... ანუ ფეოდალიზმი 2022 წელს - კვირის პალიტრა

მე... მე... მე... ანუ ფეოდალიზმი 2022 წელს

"ეს სხდომის დარბაზი ჩემი აშენებულია, ეს დროშა, რომელიც თქვენ უკან არის, ჩემი გაკეთებულია, ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორიები ჩემი გაკეთებულია, ეს გალიაც ჩემი აშენებულია... ყველაფერი, რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში, ყველაფერი, რაც არ გააფუჭეს აქამდე, ჩემი გაკეთებულია", - ასე დაიწყო სააკაშვილმა სასამართლოზე გამოსვლა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ არ ვიცით, ვინ სად ლაპარაკობს, ხმაზეც ვერ ვცნობთ და რას ვიფიქრებთ? თუ დროშას არ მივაქცევთ ყურადღებას, ვიფიქრებთ, რომ ლაპარაკობს რომელიმე მშენებელი ან ხელოსანი, რომელიც აშენებდა კედელს ან ავეჯს ამზადებდა და ახლა ბედნიერი აჩვენებს მნახველებს. დროშის ხსენება ეჭვს გაგვიჩენს, რომ შუა საუკუნეებში, ყოველ შემთხვევაში, ვესტფალიის ზავამდე მაინც, რომელიმე ფეოდალი ან მონარქი საკუთარ ციხესიმაგრეზე ლაპარაკობს და "სახელმწიფო ეს მე ვარ"-ის მთქმელიც გაგვახსენდება. მაგრამ არა, ეს ახლა, 2022 წლის დამდეგს ხდება და ლაპარაკობს ის ადამიანი, რომელიც ერთ დროს იმ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, რომელსაც "დემოკრატიის შუქურას" უწოდებდნენ.

მე გავაკეთე, მე ავაშენე, მე გავიყვანე გზა, მე გავზარდე ბიუჯეტი, მე დავამარცხე მტერი და ა.შ. მხოლოდ სააკაშვილისგან რომ ისმოდეს, კიდევ არ მივაქცევდით ყურადღებას, ბოლოს და ბოლოს, აღარ არის ხელისუფლებაში, მაგრამ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ასე ლაპარაკობდა და მას შემდეგაც ქვეყნის ყველა პირველი პირი თავს სამყაროს ცენტრად ასახელებს. ამისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება და გავიხსენოთ მოქმედი პრემიერის ნათქვამი "მე... მე... მე".

ფსიქოლოგები ამ "მე-მე-ში", ალბათ, კომპლექსებისა და თვითგანდიდების მანიის აშკარა ნიშნებს დაინახავდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში გაცილებით დიდი პრობლემა ის არის, რომ ეს ქვეყანასა და ხალხს ეხება. ცხადია, არც ერთი მათგანი და საერთოდ არცერთი ქვეყნის სათავეში მყოფი პირველი პირი საკუთარი ქონებით არაფერს აკეთებს და არც უნდა აკეთებდეს და იმის თქმა, ბიუჯეტით გაკეთებული მხოლოდ მას მიეწერება და მისი დამსახურებააო, პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის ელემენტარულ პრინციპს. ამიტომაც არის, რომ ამ პირველ პირებს ქვეცნობიერად გამჯდარი აქვთ, თითქოს თანამდებობა მათ პირდაპირი მნიშვნელობით ყველაზე მაღლა აყენებს, პირადად რაც სურთ, ის არის ჭეშმარიტება და სხვისი აზრი მოსასმენადაც არ ღირს, არათუ გასათვალისწინებლად. ის, რაც მთელი მოსახლეობის ფულით კეთდება, მხოლოდ მისი გაკეთებულია.

არადა, ეს ყველაფერიც ხალხის გაკეთებულია და თავად ხელისუფლების წყაროც ხალხია. ამიტომ "მე გავაკეთეს" მთქმელი ამით საკუთარ ლეგიტიმაციასაც კითხვის ქვეშ აყენებს, რადგან ხელისუფლებას ლეგიტიმაციას სწორედ ხალხი აძლევს. ბოლოს და ბოლოს, ამერიკის კონსტიტუციის პრეამბულაც კი We the People-ით იწყება. სანამ ჩვენი პოლიტიკოსები არ გააცნობიერებენ ამას, დემოკრატიაც ლაპარაკად დარჩება, ევროკავშირში გაწევრებაც და გარდამავალი რეჟიმის სტატუსიც სამუდამოდ დაგვეკარგება მაშინ, როცა We are the People.

რუსა მაჩაიძე