"ყაზახეთი მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც რუსეთს ჩვენთან შეუძლია“ - კვირის პალიტრა

"ყაზახეთი მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც რუსეთს ჩვენთან შეუძლია“

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი საქართველოსა და მსოფლიოს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრა.

- ნატო აცხადებს, რომ არ მიიღებს­ რუსეთის ულტიმატუმს. ახლა დასავლეთის პრინციპულ პოზიციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ ნატოს პასუხად რუსეთი ვერაფერს გააკეთებს, მსოფლიოში, განსაკუთრებით კი თავის პარტნიორებთან, პუტინის რენომე ძალიან შეილახება. თუ რუსეთი ნატოს უპასუხებს, ამით თავადაც დაზარალდება და სხვასაც დააზარალებს­. თუმცა უგუნური ქმედებები და ნიშნის მოგებით შეტევაზე გადასვლა ახასიათებს, ამიტომ შესაძლოა ნატოს სახელმწიფოებთან­ რაც შეიძლება ახლოს განათავსოს თავდასხმითი შეიარაღება, ბირთვული იარაღი, სტრატეგიული რაკეტები, ასევე შეიჭრას უკრაინაში და ყველაზე ცოტა, დონბასი და ლუგანსკი დაიკავოს, სადაც ჯერ მხოლოდ მისი პარტნიორი სეპარატისტები არიან გამაგრებული, ახლა კი პირდაპირ რუსეთის არმია შევა. ამას მოჰყვება უკრაინის პასუხიც, მაგრამ პუტინს ხომ "რკინის არგუმენტი" აქვს - იმპერიის აღდგენა უმსხვერპლოდ შეუძლებელია, თან უკრაინასთან შედარებით დიდი სამხედრო რესურსი აქვს - შეუძლია დესანტი გადასხას მარიოპულში, აზოვის სანაპიროზე შეიჭრას და ყირიმი კრასნოდარის ოლქთან შეაერთოს.

არც ჩვენ გვაქვს მშვიდად ყოფნის საფუძველი - იმ მიზეზით, რომ ვითომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს ან ამერიკის გემების შემოსვლის ეშინია, შეიძლება ფოთის პორტი დაიკავოს­. ბათუმში, ალბათ, თურქეთის შიშით ვერ შებედავს. თუ ხელ-ფეხი გაეხსნა, რაც დიდწილად ჩვენზეც არის დამოკიდებული, მისი სამხედრო შესაძლებლობები მრავალფეროვანია და ამზადებს კიდეც ამისთვის მოსახლეობას იმ ნარატივით, რომ ყველგან, სადაც ამერიკული საფრთხეა, პასუხი უნდა გასცენ, რადგან ეს სახელმწიფო რუსეთის დიდებას ემუქრება. რუსულ გადაცემებში საგარეო პროცესების ანალიზისას, მოსახლეობას აჩვევენ, თუ რუსეთი შეტევაზე გადადის, ეს ყველა შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილებააო. ასე ხდებოდა ჰიტლერის გერმანიაშიც, როდესაც ნაცისტური რეჟიმი­ სხვა ქვეყანას თავს ესხმოდა, ეს გერმანელებს მარტივ ჭეშმარიტებად უნდა მიეღოთ. ამისთვის ამზადებენ რუსეთის მოსახლეობასაც - მაგრები ვართ, არავის არაფერს ვაპატიებთო. ამის პასუხად ნატო რუსეთს ჰპირდება, რომ - გააძლიერებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას; გაამკაცრებს სანქციებს, თუნდაც საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდან მოხსნის რუსეთს, რასაც უკვე მოჰყვა რუსული რუბლის დევალვაცია - მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში რუბლი რამდენიმე პროცენტით გაუფასურდა და ეს პროცესი გაგრძელდება.

- თუმცა სანქციების გამოც რუსეთი უკან არ იხევს. ამის დასტურია­ ყაზახეთის მოვლენები.

- დიახ, პუტინის მიზანი, საბჭოთა კავშირის მსგავსი მოდელის შექმნა, ძალაშია. ის ზოგთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას დებს, როგორც ბელარუსთან, სხვა ქვეყნებს კი კუხო-სა და დსთ-ში შესვლას აიძულებს და ამით მათ ერთიან პოლიტიკაში ჩათრევას ცდილობს. ბოლო წლებში ყაზახეთში გერმანული, ინგლისური, თურქული და ჩინური ინვესტიციები შედიოდა­, რაც კონკურენციას უწევდა რუსულს და კრემლმა ეს ვერ აიტანა. სურს მონოპოლია ჰქონდეს, თუნდაც ყაზახეთის წიაღისეულზე. მიაჩნია, რომ ეკონომიკის განმკარგველი უნდა იყოს. თუ ყაზახეთში მთავრობა საბოლოოდ დაიმორჩილა, როგორი არჩევნებიც უნდა ჩატარდეს, ყველა მის სასარგებლოდ დასრულდება. სომხეთში ამას მიაღწია. ფაშინიანი ყველაზე ნაკლებად სასურველი პრემიერ-მინისტრია პუტინისთვის, მაგრამ ეს ქვეყანა იმდენად არის რუსეთზე მიბმული, მის ორბიტას კარგა ხანს ვეღარ ჩამოშორდება. საქართველო, უკრაინა და უკვე მოლდოვა კი ის ქვეყნებია, რომელთაც ვერ იმორჩილებს და როგორც ახერხებს, ისე ებრძვის - ტერიტორიებს ართმევს და ისე ცდილობს დაასუსტოს, რომ ნატოსაც აღარ მოუნდეს. თუ უკრაინასაც აზოვის ზღვის სანაპიროს წაართმევს, მის ინტერესს ალიანსიც დაკარგავს. იმავეს ვიტყვი საქართველოზეც - თუ პორტები ჩაგვიკეტა, გეოპოლიტიკურად არც ჩვენი ქვეყანა იქნება მიმზიდველი.

რუსეთი არასდროს გამოირჩეოდა დიპლომატიის მაღალი სტანდარტებით, მაგრამ ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები აგდებული განცხადებებით პოლიტიკურ კი არა, ადამიანურ კულტურასაც კი გასცდნენ. ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს, დაღუპულ ადამიანებს, დამტვრეულ ტექნიკას, ქუჩებში არეულობას, რომელიც სინამდვილეში ტრაგედიაა, თავიანთ გამარჯვებად მიიჩნევენ, თურმე ჯარები შეიყვანეს და "ბანდიტები" გაანეიტრალეს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის კი, ვინც კრემლის პროპაგანდით იკვებება, იქ სიმშვიდე და სტაბილურობა შეიტანეს. პრეზიდენტი ტოყაევი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, უფრო ადრე კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. როგორც ირკვევა, რუსეთის უშიშროებასთან მჭიდრო კავშირი აქვს. შესაბამისად, რუსეთი ამ საყრდენს არ დაკარგავდა. კორუმპირებული ნაზარბაევი მასთან შედარებით დამოუკიდებელი პერსონა იყო და რუსეთს ყაზახეთის დამორჩი­ლების ყველა გზა მოუჭრა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რუსეთმა ყაზახეთის რაუნდი მოიგო თუ პუტინის და ტოყაევის ამბიციების დაკმაყოფილების მომსწრენი გავხდით. მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რუსეთს მეგობარი ქვეყნები კი არა, დაშინებული ქვეყნების მმართველობები ჰყავს იმ პრინციპით, ოღონდ არ დამჩაგრო და შენთან ვიქნებიო. თავის დროზე მონღოლების ლაშქარშიც იბრძოდნენ ქართველები, ლიეტუველები, ყაზახები, ყივჩაღები და თავად რუსებიც კი, იმის შიშით, რომ მათი ქვეყნები არ გადაბუგულიყო. ასე იქცევა ახლა პუტინიც. არადა, წინ უდევს მაგალითი, თუ როგორ დაიშალა ხიშტებით შექმნილი საბჭოთა კავშირი, როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა.­ მაინც იმავეს აკეთებს - მეორე საბჭოთა კავშირის შექმნას ისევ ხიშტებით აპირებს. არადა, გვერდით ჰყავს ევროკავშირი და ნატო, სადაც შესვლას ყველა ქვეყანა ნატრობს. შესაბამისად, როგორც კი მის გარშემო ქვეყნებს შანსი მიეცემათ, არა მარტო გაიქცევიან, მაშინვე მტრებად მოეკიდებიან. ეს ბუნების კანონზომიერებაა - როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ჩაგრავ ვიღაცას, ის აუცილებლად მტერი გახდება. რუსი ნაციონალისტები ცდილობენ იქნებ იმ ხალხის ასიმილირება შეძლონ, რათა შემდეგში თავი რუსებად იგრძნონ. ამისკენ მიდიან ყაზახეთშიც - ეუბნებიან, რუსულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი მიეცითო. ის არ ჰყოფნით, რომ კირილიცას ყველა საჯარო დაწესებულებაში იყენებენ. უკრაინაშიც ეს გახდა აგრესიის მიზეზი. სხვა ერების კულტურების გადარუსებას ცდილობენ. ამას აკეთებენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც.

- საქართველომ ოფიციალურად განაცხადა, რომ "3+3"-ის ფორმატში არ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ მტკიცებითი ფორმით განაცხადა, რომ საქართველო უნდა იყოს ამ ფორმატში. რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს პუტინს?

- ეს აბსოლუტური თავხედობა და ნერვებზე თამაშია. საქართველოს ხელისუფლებამ არც უნდა იფიქროს ამაზე, თორემ ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დავდგებით. არა მგონია, პუტინს ამის იმედი ჰქონდეს, ეს ო-ერ-ტეს მრავალრიცხოვან მაყურებელზე გათვლილი დემაგოგიაა. პუტინმა კიევი რომ აიღოს, რუსი ხალხი ტაშს დაუკრავს, რადგან მათი შეხედულებით რუსეთი დიდ ბოროტებაზე, ამერიკის დასმულ ზელენსკის ხელისუფლებაზე გაიმარჯვებს. უკრაინის თავისუფლება ხომ კატასტროფად მიაჩნიათ. იგივე დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართაც - ]მათ თვალში ერთი ურჩი ქვეყანა ვართ, რომელიც ემტერება რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ აქ ინვესტიციებს დებენ, ჩვენთან მეგობრობა და თანამშრომლობა სურთ, ჩვენ მაინც ნატოსთან მივიწევთ, რომ საზღვარზე პრობლემები შევუქმნათ. ამ რეალობაში ქართული პოლიტიკური ელიტა გარე საფრთხეებს ისე უყურებს, თითქოს ეს ყველაფერი სხვაგან, ძალიან შორს ხდება. შესაძლოა რუსეთის მთავრობის თავხედურ განცხადებებს შეეჩვივნენ და აღარ რეაგირებენ, მაგრამ არსებობს საფრთხეები, რომლების გასანეიტრალებლად სხვაგვარი მუშაობაა საჭირო. მით უფრო, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობის განცხადებით, რეალური რისკის შემთხვევაში მთლად­ სრულყოფილად ვერ დაგვიცავენ - ანუ ჩვენი ბედი ბეწვზე კიდია. თუმცა ამან მორალურად არ უნდა გაგვტეხოს. რუსეთის მიზანიც სწორედ ეს არის, მუდმივ წნეხ­ში ვყავდეთ. ამას ემსახურება ლავროვის მკაცრი კილო "3+3"-ის ფორმატზე, პუტინის ცინიკური განცხადებები, რომ ნატოში საქართველოსა და უკრაინას არაფერი ესაქმებათ. მათივე ენაზე თუ ვიტყვით, ეს არის "დუხარიკობა" და ჩვენს დამცირებას, შეშინებასა და დემოტივაციას ემსახურება. სინამდვილეში, თვითონაც ძალიან ცუდად აქვთ საქმე. ბოლო წლებში ერთადერთი შედარებით ღირებული რაც შექმნეს, მრავალფუნქციური დანიშნულების ზებგერითი­ რაკეტაა და მიაჩნიათ, რომ ამით მსოფლიოს გაასწრეს და ნატოსა და ამერიკას დააშანტაჟებენ. არადა, ამერიკის საჰაერო თავდაცვა ლაზერულ სისტემებზე გადასვლას აპირებს და ორ წელიწადში ათი ნაბიჯით წინ იქნება, ისევე როგორც ჩინეთი, და ეს კარგად იციან მოსკოვშიც. ამიტომაც ცდილობენ ეს ორი-სამი წელი გამოიყენონ... ყაზახეთი მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც ჩვენთან შეუძლიათ. ყაზა­ხეთში გავლენა­ მოიპოვეს, საქართველოსა და უკრაინაში კი შანსის მიცემისთანავე შემოიჭრებიან, ოღონდ კუხო-ს ძალებს ამოფარებული კი არა, რუსული არმიით...