"სააკაშვილის გამო კი არ იყო ადრე საქართველოში დაბალი ფასები და გადასახადები. იმდროინდელ მსოფლიოში სხვაგვარი ვითარება იყო" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის გამო კი არ იყო ადრე საქართველოში დაბალი ფასები და გადასახადები. იმდროინდელ მსოფლიოში სხვაგვარი ვითარება იყო"

ორკვირიანი დღესასწაული დასრულდა და პოლიტიკური პროცესი გააქტიურდა, ავანგარდში ისევ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" არიან. პარტიის რესტრუქტურიზაციის შემდგომ "ნაციონალებმა" ახალი წინააღმდეგობის მოძრაობა დააანონსეს. დანარჩენი ოპოზიცია ისევ ვადამდელ არჩევნებზე, პრეზიდენტის ინსტიტუციის დისკრედიტაციასა და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. ხალხისთვის ისევ აქტუალურია გაზრდილი გადასახადები და სოციალური პრობლემები. რა პრიზმაში ხედავს ამ პრობლემებს მმართველი გუნდი და როგორ აპირებს პრობლემებთან გამკლავებას, ამის შესახებ ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გვესაუბრება:

- სოციალური საკითხები მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში პრობლემაა. პანდემიამ უფრო დაამძიმა ვითარება. პროგრამები, რომლებიც სოციალური საკითხებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების პაკეტს მოიცავს და რაზეც პრემიერმა უკვე ისაუბრა, პრიორიტეტულია, მაგრამ მათ მოგვარებას სტაბილური გარემო სჭირდება. არადა, მასშტაბური პროექტებია დაგეგმილი. ჩვენი პოზიცია ასეთია, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია კი დესტაბილიზაცია.

"ნაციონალური მოძრა­ობის" ერთადერთი მიზანი რევოლუცია, ხელისუფლებაში დაბრუნება და სააკაშვილის ქვეყნის მმართველად გამოცხადებაა. რამდენად უტოპიურადაც უნდა ჩანდეს, ეს იდეა არსებობს და მას მიჰყვება მთელი გუნდი თავისი სატელიტებიანად.

- სასამართლოს გადაწ­ყვეტილება, დამნაშავედ გამოეცხ­ადებინა ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი, მაგრამ არ დაეპატიმ­რებინა, იმით იყო განპირობებული, რომ ქვეყანაში სტაბილური გარემო შენარჩუნებულიყო?

- ფიქრობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურმა გუნდმა იქონია გავლენა? არა, ასე არ ყოფილა. ხელისუფლება ვერ გადაწყვეტდა იმ პირთა ბედს, რომლებმაც 17 მილიონი მოიპარეს. ალბათ, არ გახსოვთ, ჯერ დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა და შემდგომ გახდნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე პოლიტიკოსები. ივანიშვილი რა შუაშია, როდესაც ადამიანები დანაშაულს სჩადიან?! თუნდაც სააკაშვილი აიღეთ, რაც ჩაიდინა, იმის მინიმალური დანაშაულებისთვის გასამართლდა, საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ და ოპოზიცია ამბობს, რომ დამნაშავე არ არის. თქვას სააკაშვილმა სად წაიღო 9 მილიონი? მე არ ვიცი, რომელმა სულელმა დაარქვა მის საქმეს პიჯაკების საქმე. რა შუაშია პიჯაკები, როდესაც მილიონები გაფლანგა და მისი რეჟიმი სადისტურად აწამებდა ხალხს.

- სხვათა შორის, სააკაშვილმა ის დაპირებები გაიხსენა, რომლებითაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა და ორჯერ ან მეტჯერ გაზრდილ გადასახადებზე ისაუბრა. შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მმართველი­ გუნდი მას აძლევს საბაბს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობაზე ისაუბროს?

- სულაც არა, სააკაშვილის გამო კი არ იყო ადრე საქართველოში დაბალი ფასები და გადასახადები. იმდროინდელ მსოფლიოში სხვაგვარი ვითარება იყო და თურქ, უკრაინელ და რუს სავაჭრო პარტნიორებს უკეთესად ჰქონდათ საქმე. რა შუაშია სააკაშვილი? მან რა გააკეთა? მისი მმართველობის დროს არ არსებობდა სოციალური პაკეტი, ადამიანები ისე იხოცებოდნენ, ექიმთან ვერ მიდიოდნენ. სწორედ სააკაშვილის პერიოდში ასცდა საქართველო ევროკავშირსა და ამერიკასთან შეთანხმებულ გზას. თავად ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ამბიციებს აჰყვა და რუსეთის მახეში გაება. შედეგად რა მივიღეთ?! - ოკუპაცია! ხომ ხედავთ, რას ბოდავს? 10 მილიარდ დოლარს შემოვიტან ქვეყანაშიო. რისი შემომტანია?! ვითომ ეკონომიკური პროგრამა დაწერა, სამუშაო ადგილებს შევქმნი და ხელფასებს მოგიმატებთო. მასე იტყუებოდნენ ეგ და თავისი გუნდი უკრაინაში.

- თუმცა ახალი სამუშაო ადგილებისა და მომატებული ხელფასების დაპირება საკმაოდ მაცდუნებელია ამ მძიმე სოციალურ ვითარებაში. ხომ არ ფიქრობთ, რომ თუ მმართველი გუნდი ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის, შეიძლება "ნაციონალებმა" ხალხი აგიბუნტონ?

- ხალხი, რომელიც "ნაციონალებისგან" გონივრულ გადაწყვეტილებებს ელოდება, იმედგაცრუებული დარჩება. მხოლოდ ნიკანორ მელიამ თქვა, რომ პარლამენტში შესვლა კომისიის შექმნას არ უნდა უკავშირდებოდეს, სხვა თემებზეც არის სამუშაოო. დანარჩენები მხოლოდ იმას ფიქრობენ, როგორ არიონ ქვეყანა და გაიტაცონ სააკაშვილი საკნიდან. საზოგადოება, თუნდაც ოპოზიციურად განწყობილი, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება იმ სისხლის ღვრას, რაზეც სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები დროდადრო საუბრობენ.

- რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე უკრაინის გენპროკურატურაში რამდენიმე საქმე აღიძრა. რამდენად დიდია საფრთხე იმისა, რომ უკრაინასთან, ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორსა და მეგობართან, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ურთიერთობა დაგვეძაბოს?

- სააკაშვილი არც წამების მსხვერპლია, არც არაადამიანური მოპყრობის და არც ჯანმრთელობა აქვს დაზიანებული. საკმაოდ ჯანმრთელად და ენერგიულად გამოიყურება. წამება და არაადამიანური მოპყრობა მისი მმართველობის დროს იყო. წამება, დამცირება და ღირსების შელახვა მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო. თუ ვინმეს შეუძლია დაამტკიცოს, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლია, დაადგინოს გინდ უკრაინაში და გინდ საქართველოში. სინამდვილე ის არის, რომ სააკაშვილი გაცილებით უკეთეს პირობებშია, ვიდრე სხვა პატიმრები.

ხათუნა ბახტურიძე