"შეუძლებელია ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება, ყველა მიშა-ბიძინაზე გველაპარაკება“ - კვირის პალიტრა

"შეუძლებელია ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება, ყველა მიშა-ბიძინაზე გველაპარაკება“

"ნაცქოცური“ თამაშის დიდი ხნით გაგრძელება შეუძლებელია“

"ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ - სააკაშვილი და პოლიტიკური ბრძოლის "ნაციონალური" ფორმატი უპერსპექტივოა. ამას ვამბობ იმ ისტორიული გამოცდილების საფუძველზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ურთიერთობაზე დაკვირვებით დამიგროვდა", - ამბობს პარტია "გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე ვადამდელი არჩევნების შესახებ. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ვადამდელი არჩევნები უახლოეს მომავალში არ ჩატარდება, სამ წელიწადში საქართველო აღარ იქნება. ასევე საგულისხმოა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიაში სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლა და საპროტესტო აქციები დააანონსა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვახტანგ მეგრელიშვილი­ უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- სასაცილოა ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. 21-ე საუკუნეში პიროვნული კულტის ასეთი წარმოჩინება თუ შეიძლებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ხომ გახსოვთ, სააკაშვილზე რაღაცას რომ შემეკითხებოდით და მე ვბრაზობდი? მაშინ კიდევ არ მქონდა წარმოდგენილი, თუ რა მასშტაბის პრობლემის წინაშე ყოფილა ეს ადამიანი. მისი ასეთი ქცევა არ არის ბუნებრივი, ამ არაბუნებრიობას მოჰყვება ეჭვი, რომ ჩვენ რაღაც არ ვიცით და სააკაშვილი და ივანიშვილი რეალურ პოლიტიკურ ბრძოლაში კი არ არიან ჩართული, არამედ რაღაც სპექტაკლში თამაშობენ და სურთ ჩვენც მიგვაღებინონ მონაწილეობა. მე ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება მექმნება.

- თუ ასეა, მაშინ გინდათ თუ არა, მაინც გიწევთ ამ სპექტაკლში მონაწილეობა, იმიტომ, რომ ქვეყანაში დღის წესრიგს ეს ორი მთავარი პოლიტიკური ძალა ქმნის.

- დღემდე შეიძლება ასეც იყო, მაგრამ არ ვაპირებ ამასთან შეგუებას."ნაციონალური მოძრაობა" თამაშის წესებს ვერ აწესებს, უბრალოდ, არის კლიშე-შეფასებები, რაც ამ გუნდს წლების განმავლობაში მოჰყვება - ვითომ დიდი პარტიაა და ა.შ. სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომელიც არ ვითარდება. ეს ბედნიერებაა მმართველი გუნდისთვის. ამიტომაც გვეჩვენება, რომ გამოსავალი არ არის.ვფიქრობ, ახალი წელი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყო - მიხეილ სააკაშვილი ადრე ციხეში არ მჯდარა, "ნაციონალური მოძრაობა" ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა, შესაბამისად, მგონია, რომ ამ "ნაცქოცური" თამაშის დიდი ხნით გაგრძელება შეუძლებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგად სხვა თემები ვაქციოთ. წესით, ეს სხვა ოპოზიციური პარტიების ინტერესიც უნდა იყოს. ჩვენ ველაპარაკებით "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს იმ იდეებზე, რომლებმაც, ჩვენი აზრით, მომავალ არჩევნებზე ბევრად უკეთესი შედეგი უნდა მოგვიტანოს. ჩვენ გვინდა მომავალ არჩევნებზე 3%-იანი კი არა, ბევრად დიდი შედეგი დავდოთ. დიახ, რაოდენობას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ ჩვენი მხარდაჭერა არ გაიზარდა, სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ შევცვლით.

- რას მიიჩნევს დღეს "გირჩი" ჩვენი­ საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან თემად, საიდან უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება?

- სიღატაკიდან და პანდემიის შეზღუდვებიდან. ახლა მთავარია, არ დაგვეზაროს და მართლა ვილაპარაკოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს ეს ტოტალური შეზღუდვები და ვიფიქროთ სიღარიბის დაძლევაზე, მაგრამ ქვეყანაში ისეთი უცნაური ვითარებაა, შეუძლებელია ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება, ყველა მიშა-ბიძინაზე გველაპარაკება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დისკუსიის შინაარსი შევცვალოთ. ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა დავინახოთ იმაში, რომ 30 წელია სიღატაკეში ვცხოვრობთ. ისეთი ქვეყანა გვაქვს, წესით, ღარიბები არ უნდა ვიყოთ. რატომ ვართ ღარიბები? იმიტომ, რომ განვითარებას ვერ ვახერხებთ. რატომ ვერ ვვითარდებით, მიზეზები არავის აინტერესებს.

- ესე იგი, ამბობთ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საუბარი დავიწყოთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე?

- სწორედაც, მოვეშვათ მიშა-ბიძინას ძახილს, ტელეკამერების წინ პრანჭვას და დავიწყოთ საუბარი სერიოზულ საკითხებზე. თუ ამას ნამდვილად შევძლებთ, მაშინ პრობლემებს ექსცესებისა და დაპირისპირების გარეშე მოვაგვარებთ.

ხათუნა ბახტურიძე