ყველაზე სწრაფი, ყველაზე გაყიდვადი, ყველაზე საიმედო - ავტოსამყარო ახალი სეზონის მოლოდინში - კვირის პალიტრა

ყველაზე სწრაფი, ყველაზე გაყიდვადი, ყველაზე საიმედო - ავტოსამყარო ახალი სეზონის მოლოდინში

გასული წლის გამორჩეული ავტომანქანები

საავტომობილო სამყარო ახალი სეზონისთვის ემზადება. პანდემიის გამო, წლის რამდენიმე მთავარი ავტოშოუ ონლაინ-რეჟიმში გაიმართება. და სანამ ახალი ავტომანქანების პრეზენტაციებს ვნახავთ, გასული წლის გამორჩეული მოდელები გავიხსენოთ:

ყველაზე სწრაფი

შარშან "ბუგატის" მოდელებს პირველობა SSC Tuatara-მ ჩამოართვა, რომელსაც საათში 331 მილის განვითარება შეუძლია. თუმცა 2021 წლის ყველაზე სწრაფი მოდელი გაცილებით მძლავრია - Devel Sixteen საათში 347 მილს (ანუ - 550 კმ/სთ-ს) კრეფს! ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული საოცრად მსუბუქი და გამძლე კორპუსი, შთამბეჭდავი დიზაინი და რაც მთავარია, სარეკორდო სიმძლავრე "ეშმაკს" პლანეტის ყველაზე სწრაფ ავტომანქანად აქცევს. 12,3 ლიტრი მოცულობის Quad Turbo ძრავას 5007 ცხ/ძალის გამომუშავება შეუძლია. მიდი და დაეწიე!

წლის საუკეთესო დიზაინი

dizaini-1642372527.jpg

2021 წლის საუკეთესო საავტომობილო დიზაინის ნომინაციაში გაიმარჯვა მოდელმა Land Rover Defender. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ბრიტანულმა კომპანიამ ეს წოდება მესამედ მოიპოვა: 2012 წელს გამარჯვება Range Rover Evoque-ს დარჩა, 2018-ში კი საუკეთესო დიზაინისთვის Velar-ი დააჯილდოეს. იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ავტომწარმოებლები ვიზუალურ მხარეს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, ლიდერთა შორის სტაბილურად ყოფნა ღანგე ღოვერ-ისთვის დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც.

ყველაზე გაყიდვადი

gayidva-1642372527.jpg

თოყოტა ჩოროლლა (1 200 000 ერთეულზე მეტი). ზედიზედ სამი წელიწადია, "კოროლა" პირველობას არ თმობს. პანდემიურ პერიოდშიც კი, მიუხედავად გაყიდვების 8%-იანი შემცირებისა, ეს მოდელი 2021 წელსაც ყველაზე მეტი გაიყიდა. იმის მიუხედავად, რომ აშშ-ში სედანებს დიდად არ სწყალობენ, Toyota Corolla ამერიკულ ბაზარზეც პოპულარობით სარგებლობს და მილიონზე მეტი გაყიდული ერთეულიდან მნიშვნელოვანი წილი ჩრდილოეთ ამერიკაზეც მოდის. წლის ყველაზე გაყიდვად ავტომანქანებს შორის მეორე ადგილი "ტოიოტას" კიდევ ერთ მოდელს - RAV4-ს უჭირავს (1 100 000 ერთეული), მესამეზეა Honda CR-V - (900 000). აღსანიშნავია, რომ Toyota არა მარტო კონკრეტული მოდელის გაყიდვებით ლიდერობს, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული საავტომობილო მარკის სტატუსსაც ინარჩუნებს: 2021 წლის განმავლობაში იაპონურმა კომპანიამ 4,5 მილიონ ავტომანქანაზე მეტი გაყიდა!

ყველაზე ძვირად ღირებული

dzviri-1642372527.jpg

Rolls-Royce Boat Tail – 28 მლნ დოლარი. ბოლო რამდენიმე წელიწადია, ბრიტანულმა კომპანიამ განაახლა სპეცშეკვეთების მიღება. ძვირად ღირებული შედეგი სახეზეა - ორკარიანი კაბრიოლეტი Boat Tail-ი, რომლის შთაგონების წყაროდაც J-კლასის იახტები იქცა. "ფანტომისგან" აღებული 6,75-ლიტიან ძრავას თუ არ ჩავთვლით, "ნავისკუდას" დეტალების უმეტესობა ექსკლუზიური აქვს, მათ შორის უნიკალური საათი და საუცხოო სასადილო გარნიტური სუფთა ჰაერზე გასეირნებისთვის. 28 მილიონი დოლარი - ამ ფასის გამო Boat Tail-ს ოფიციალურად ჰქვია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომანქანა.

ყველაზე საიმედო

saimedo-1642372620.jpg

მაქსიმალური მაჩვენებლით (100 ქულა), 2021 წლის ყველაზე საიმედო ავტომანქანის წოდება დაიმსახურა "ლექსუსის" მოდელმა GX 460. ამ კატეგორიაში თითქმის ყოველ წელს იაპონური მარკები ლიდერობენ და ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. "ლექსუსს" მცირედით (5 ქულით) ჩამორჩა ელექტროკროსოვერი Kia Niro EV, მესამე ადგილზე კი Toyota Prius Prime გავიდა 93 ქულით. გამოკითხვაში რამდენიმე ათასმა მომხმარებელმა (უმეტესად - ჩრდილოეთ ამერიკის მცხოვრებლებმა) მიიღო მონაწილეობა. რესპონდენტებს სთხოვეს ელაპარაკათ ავტომანქანებთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომლებმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოვლინდა. საიმედოობის რეიტინგი სწორედ ამის მიხედვით შედგა.

ყველაზე ლამაზი

lamazi-1642372619.jpg

ცხადია, ესეც სადავო საკითხია, თუმცა სპეციალისტებისა და მომხმარებლების გამოკითხვის შედეგად 2021 წლის ყველაზე ლამაზ ავტომანქანად დასახელდა Alfa Romeo Giulia Quadrifoglio. შესაძლოა ფარის ფორმის ცხაური ყველაფერს არ მოუხდეს, მაგრამ "ჯულიას" განუმეორებელ იერს ანიჭებს. ვერც "სხეულის" დანარჩენ ნაწილებს დაიწუნებთ: სპორტულ სედანს იდეალური პროპორციები და დახვეწილი ფორმა აქვს. საფირმო წითელი და შავი ფერების საოცხოო შეხამება და საკმაოდ კარგი ტექნიკური მახასიათებლები (3,0 ლიტრი მოცულობის ტურბინიანი ძრავა, რომელსაც 330 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია) Quadrifoglio-ს ყველასთვის სასურველ მოდელად აქცევს.