შესვლა 10 საათში, გამოსვლა 10 დღეში - კვირის პალიტრა

შესვლა 10 საათში, გამოსვლა 10 დღეში

ყაზახეთში სამი ათასამდე რუსი, სომეხი, ბელარუსი, ყირგიზი და ტაჯიკი სამხედროს სასწრაფოდ შეყვანიდან ერთი კვირის შემდეგ მათი უკან გამოყვანა დაიწყო, მაგრამ თუკი საჰაერო გადასროლის ოპერაციას ათი საათი დასჭირდა, უკან გამოყვანა ათი დღე მაინც გაგრძელდება, თუმცა დღეებს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ყაზახეთშიც, სადაც მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილში ანტირუსული განწყობა მძლავრობს, ეშინოდათ, რომ რუსეთი თავის მედესანტეებს უკან აღარ გაიყვანდა. თვის ბოლოს კი გამოჩნდება, მთლიანად დატოვებენ თუ არა რუსული სპეცდანიშნულების რაზმები ყაზახეთის მიწას.

ო-დე-კა-ბეს სწრაფი რეაგირების ოპერაცია, რა თქმა უნდა, ძირითადად, რუსული სამხედრო რესურსებით განხორციელდა. ყაზახეთის ქალაქებში ბელარუსი, სომეხი თუ ტაჯიკი სამხედროები რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებს გადაჰყავდათ.

ამ სამხედრო-პოლიტიკური ოპერაციით რუსეთის პრეზიდენტმა თავის ყაზახ კოლეგას, ტოყაევს, არა მარტო შეუნარჩუნა, არამედ განუმტკიცა კიდეც საპრეზიდენტო ძალაუფლება.

არავისთვის დასამალი არ იყო, რომ ყაზახეთს ისევ გადამდგარი პრეზიდენტი ნაზარბაევი და მისი კლანი მართავდა, ტოყაევი კი პრეზიდენტი-თოჯინის როლს ასრულებდა, მაგრამ ყაზახეთში მომხდარი საახალწლო არეულობის დროს ამ "თოჯინამ" მართლLაც ფხა გამოიჩინა - ნაზარბაევი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გადააყენა და დასახმარებლად რუსეთის პრეზიდენტს მიმართა. ამით ტოყაევმა, მართალია, შეინარჩუნა და განიმტკიცა ხელისუფლება, მაგრამ განსაკუთრებულად დავალებული აღმოჩნდა პუტინისგან. ეს დიდ გავლენას მოახდენს ყაზახეთის შემდგომ პოლიტიკურ გეზზე, რადგან ნაზარბაევისგან განსხვავებით, რომელიც, შევარდნაძის მსგავსად, დასავლეთსა და რუსეთს შორის ბალანსირების პოლიტიკას ინარჩუნებდა, ტოყაევს ეს აღარ გამოუვა.

გარდა პოლიტიკური მიზნებისა, ყაზახეთის პრეზიდენტის ხელისულების შესანარჩუნებლად ო-დე-კა-ბეს ძალების შეყვანით რუსეთმა ბრიგადის დონის შენაერთის საჰაერო გზით ოპერატიულად გადასროლის მეთოდებიც დახვეწა, რაც მოსკოვს უსათუოდ გამოადგება, თუკი პოსტსაბჭოთა სივრცეში მსგავს ახალ ოპერაციას დაგეგმავს თუნდაც საქართველოს ან უკრაინის წინააღმდეგ.

ისე კი სომხეთი, ყარაბაღის ბოლო ომიდან მოყოლებული, მეორე წელია, იხვეწება, ო-დე-კა-ბემ მრავალეროვნული დანაყოფები სომხურ მიწაზეც გადაისროლოს აზერბაიჯანიდან მომდინარე სამხედრო საფრთხის (როგორც ოფიციალური ერევანი მიიჩნევს) გასანეიტრალებლად, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის ნების გარეშე ეს წარმოუდგენელია, ხოლო პუტინი, რომელმაც ილჰამ ალიევს ფარულად დაუდასტურა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საბრძოლო მოქმედებების დაწყება, სანამ თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემთან თავის რთულ სამხედრო-პოლიტიკურ თამაშს განაგრძობს, ამას არ დასთანხმდება. ამ თამაშში სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მთავარი ფორპოსტის, სომხეთის (როგორც სომხების დიდი ნაწილი თვლის) ინტერესები პუტინისთვის მეორეხარისხოვანია, რადგან ნატოს წევრ თურქეთთან დროებითი დაახლოებაც კი, რაც ზრდის ნაპრალს ანკარასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის, კრემლის უმთავრესი სტრატეგიული ინტერესია.

სამაგიეროდ, ნატო-რუსეთის შემდგომი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, შესაძლოა, ბელარუსში, ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან რაც შეიძლება ახლოს, ო-დე-კა-ბეს ერთობლივი ოპერაციის საფარქვეშ არა მარტო რუსი მედესანტეები, არამედ რუსი ტანკისტები, არტილერისტები, მეზენიტეები, მერაკეტეები და მფრინავებიც აღმოჩნდნენ თავიანთი საბრძოლო ტექნიკით.

მეორე "ცივი ომი" დაპირისპირების ახალ ფაზაში გადადის. მართალია, ო-დე-კა-ბე პირველი "ცივი ომის" დროინდელი ვარშავის პაქტის მსგავს როლს ვერ შეასრულებს, მაგრამ ევროპაში მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებას შეძლებს.