ნატომ პუტინის ულტიმატუმს გაუძლო, მაგრამ რა იქნება მერე? - კვირის პალიტრა

ნატომ პუტინის ულტიმატუმს გაუძლო, მაგრამ რა იქნება მერე?

დასავლეთისა და რუსეთის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მოსალოდნელია თუ არა სამხედრო კონფრონტაციის ზრდა ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში?

რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი რუსი გენერლების გარემოცვაში აღმოჩნდა, ოღონდ - მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც პასუხი უნდა გასცემოდა პრეზიდენტ პუტინის ბოლო, ყველაზე მომთხოვნ ულტიმატუმს - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღარ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, საბოლოოდ უარი თქვას საქართველოსა და უკრაინის წევრებად მიღებაზე და დაუბრუნდეს 1997 წლამდელ საზღვრებს, სანამ მის რიგებში არ იყვნენ უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ 2004 წელს ნატოში გაწევრებულ ბულგარეთზე, ლატვიაზე, ლიეტვუაზე, რუმინეთზე, ესტონეთზე, სლოვაკიასა და სლოვენიაზე...

გამოდის, რომ პუტინის ულტიმატუმი ითვალისწინებდა ნატოს დაბრუნებას პირველი "ცივი ომის" დამთავრების პერიოდში, როდესაც ისევ არსებობდა ვარშავის ხელშეკრულების ბანაკი.

ისტორიის დაბრუნება შეუძლებელია და, საბედნიეროდ, ნატოსაც ეყო ღირსება და ძალა, პუტინი თავის ულტიმატუმთან ერთად ზრდილობიანად, მაგრამ შორს გაესტუმრებინა. "ალიანსი არ გაითვალისწინებს მოსკოვის არცერთ მოთხოვნას ნატოსა და დამოუკიდებელი ქვეყნების დაახლოების წინააღმდეგ, თუმცა დასავლეთი მზად არის, აღდგეს რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომები, რომლებზეც განიხილავენ რაკეტებისა და ბირთვული შეიარაღების ევროპაში დამატებით განთავსების დაუშვებლობას," - ასეთი პასუხი გაუგზავნა ალიანსის ხელმძღვანელობამ კრემლის ბინადართ.

რა შეიძლება მოჰყვეს პუტინის ულტიმატუმზე ნატოს მტკიცე უარს?

რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ განკარგულებაში რჩება სამხედრო-ტექნიკური ბერკეტები, რომლებითაც შეუძლიათ აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით ნატოს აზრი შეაცვლევინონ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა არ განმარტა, რას შეიძლება ნიშნავდეს "ნატოზე ზემოქმედების სამხედრო-ტექნიკური ბერკეტები", რამდენიმე მათგანის გამოცნობა რთული არ იქნება: კალინინგრადის ოლქში ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების "ისკანდერების" მოდერნიზებული ბირთვულქობინიანი აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების განთავსება, "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით ბალტიისა და შავი ზღვის ფლოტების ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების გადაიარაღება, ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე დამატებითი საზენიტო, ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებისა და რაკეტმზიდი ბომბდამშენების განთავსება და, რაც ნატოსთვის ყველაზე სახიფათოა, უშუალოდ მის საზღვართან,B ბელარუსის ტერიტორიაზე, ბირთვულქობინიანი რუსული სარაკეტო სისტემების დაბრუნება.

ეს - რაც შეეხება რუსეთის სარაკეტო-ბირთვული შეიარაღების "მიჩოჩებას" უშუალოდ ნატოს სიახლოვეს, ისე, რომ მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ყველა ქვეყნის ტერიტორია დაფაროს აშშ-ისა და კანადის გარდა, რომელთათვისაც კრემლს ისედაც "მზად" ჰქონდა საკონტინენტთაშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები.

ნატოს უარზე, "დამორჩილებოდა" პუტინის ულტიმატუმს, "სამხედრო-ტექნიკური" პასუხის გარდა კრემლს "სკივრში" აქვს კიდევ ერთი სახიფათო "საჩუქარი" - მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განახლება კვლავაც გამოგონილი საბაბით.

ვთქვათ, ხვალ უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასში, პრორუსმა სეპარატისტებმა გააძლიერეს ცეცხლი უკრაინელების პოზიციების დასაბომბავად, უკრაინული არმია იძულებული გახდება, არტილერიის გამოყენებით მათ ღირსეული პასუხი გასცეს, რაც კრემლისთვის საკმარისი საბაბი იქნება, რომ მსოფლიოს ამცნოს, უკრაინელები მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ და რუსულენოვანი მოქალაქეების დასაცავად რუსული არმია უკრაინაზე შეტევას იწყებსო.

მსგავსი რამ საქართველომ, სამწუხაროდ, უკვე გადაიტანა, ასე რომ, კრემლის მეთოდები არცთუ ძნელი გამოსაცნობია, თუმცა ისინი მაინც მუშაობს, რადგან კრემლი, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილობრივი ოკუპაციის მიუხედავად, ფაქტობრივად, დაუსჯელი დარჩა, რუსეთის "დასჯა" კი მხოლოდ დასავლეთს ძალუძს გაერთიანებული ძალებით.

არ არის საჭირო, დასავლეთის საპასუხო ნაბიჯები მაინცდამაინც სამხედრო ძალის გამოყენებას გულისხმობდეს. ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები არანაკლებ მტკივნეული იქნება რუსეთის ხელისუფლებისთვის, თუკი ისინი უშუალოდ მათ ოჯახებსა და მატერიალურ ფასეულობებს შეეხება საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშების დაყადაღების ჩათვლით.ძველი ქართული ანდაზა ამბობს, ზოგი ჭირი მარგებელიაო და პუტინის ულტიმატუმმაც შეიძლება დაძრას ყინული, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრების დაპირებას გადაეფარა. იქნებ ახლა მაინც, როდესაც რუსეთმა ასეთი ულტიმატუმი წამოაყენა, ნატოში ამოძრავდნენ და დანაპირების ასრულება დაიწყონ.