"სპარსელები დიაცნი არიან ავღანებთან შედარებით, მაგრამ ავღანნი დიაცნი არიან ქართველებთან შედარებითო" - ქართველების კვალი ავღანეთის მიწაზე - კვირის პალიტრა

"სპარსელები დიაცნი არიან ავღანებთან შედარებით, მაგრამ ავღანნი დიაცნი არიან ქართველებთან შედარებითო" - ქართველების კვალი ავღანეთის მიწაზე

ისტორიკოსი კახა კვაშილავა ერთადერთი ქართველი არ არის, ვინც ავღანეთით, მისი წარსულით დაინტერესდა. ის 20 წელზე მეტია ამ ქვეყნის ისტორიას სწავლობს.

- ბავშვობიდან მაინტერესებდა იდუმალი აღმოსავლეთი - სულთნები, შაჰები,­ ამირები, ისლამური კულტურა, არაბული დამწერლობა, უდაბნოს დიუნებს რომ მიაგავს. დღეს ინტერნეტით შეიძლება უამრავი ისტორია იპოვო, მაშინ მხოლოდ ბიბლიოთეკიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან ვიღებდით ინფორმაციას. 1998 წელს ავღანეთის უახლესი ისტორიის შესწავლა დავიწყე. იმ დროს ხელისუფლებაში მოჯაჰედები იყვნენ, აჰმად შაჰ მასოდი ძალიან პოპულარული იყო. მასოდი, იგივე შერე ფანჯშერ (ფანჯშერის ლომი), გენიალური პიროვნება იყო. მას შეეძლო ავღანეთი გადაერჩინა. ეს იცოდნენ თალიბებმა და ამიტომაც მოკლეს, რათა ხელისუფლებაში ადვილად მოსულიყვნენ. რომ არა ეს ტერაქტი, გენერალი მასოდი თანამედროვე ავღანეთის ათათურქი იქნებოდა.

- თქვენ გიმუშავიათ ავღანეთში ქარ­თველების ადრეულ კვალზეც...

- დიახ, კვალი მე-17 საუკუნის 20-იანი წლებიდან იკვეთება, როდესაც სპარსეთის შაჰმა აბას პირველმა მამამისის, ხოდაბენდეს დროს დაკარგული ყანდაარის ციხის დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა სპარსელები ძალზე სუსტები იყვნენ ავღანელებთან შედარებით, ამიტომ გადაწყვიტა სპარსული­ ძალისთვის სარდლად გიორგი სააკაძე დაენიშნა, რომელმაც თავი ისახელა­ - 40-დღიანი ალყის შემდეგ ყანდაარი დაეცა და სპარსეთს დაუბრუნდა. თუმცა შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ ისევ დაკარგეს ყანდაარის ციხე და მხოლოდ 1640 წელს მოახერხეს მისი დაბრუნება. მაშინაც სპარსთა არმიის მოწინავე რიგებში სწორედ ქართველები ლიდერობდნენ. 1711 წლამდე ყანდაარს ქართველები,­ ბარათაშვილების, მილიმალიძეების, ციციშვილების გვარის წარმომადგენლები, უფრო გვიან კი ბაგრატი­ონების ორი შთამომავალი - გიორგი XI, იგივე გურგინ-ხანი, და მისი ძმისშვილი ქაიხოსრო I მართავდა, რადგან ქართველებისგან განსხვავებით, სპარსელები ავღანელებს მედგარ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. ამაზე მეფე გიორგის მემატიანე, ისტორიკოსი სეხნია ჩხეიძე წერს. გიორგი მეფე ავღანეთში 1704 წელს ჩავიდა, 5 წლის შემდეგ კი მუხანათურად მოკლეს. ავღანეთის მიწაზე განისვენებს მისი 16 წლის ვაჟი ბაგრატიც, რომელიც სპარსელებმა მძევლად გამოითხოვეს და ჰერათის ციხეში, ამჟამინდელ ყარაი ირექთუნის ციხესიმაგრეში განისვენებს. ეს ნაგებობა იუნესკომ კაცობრიობის მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ის, რომ ავღანელები დიდ პატივს სცემენ ქართველებს, მითი ნამდვილად არ არის. დაახლოებით სამოცი წლის განმავლობაში­ ამ მხარეს ქართველი ბეგლარბეგები მართავდნენ, რომელთა შორის ქართლის ორი მეფე, გიორგი XI და ქაიხოსრო I იყვნენ. თადეუშ კრუშინსკის მოწმობით, მცირერიცხოვანი ქართველების მრავალრიცხოვან ავღანელებთან გმირული შერკინებით გაკვირვებულ აჯანყებულთა მეთაურს მირ ვეისს უთქვამს: "სპარსელები დიაცნი არიან ავღანებთან შედარებით, მაგრამ ავღანნი დიაცნი არიან ქართველებთან შედარებითო".

სწორედ ქართველებმა სძლიეს დღეს უკვე პაკისტანში მცხოვრები ავღანელების მონათესავე ხალხს ბელუჭებს, სპარსები კი ამ ბრძოლის ველიდან გაიქცნენო. იმ დროს მუსლიმანურ ქვეყნებში მოლაშქრეს დამარცხებული მოწინააღმდეგის რაოდენობის მიხედვით ეძლეოდა ანაზღაურება. ოღონდ ათვლა 15 განადგურებული მოწინააღმდეგიდან იწყებოდა.

avganeti2-1642374275.jpg

- ქართველების სამოქმედო არეალი ყანდაარით შემოიფარგლებოდა?

- დიახ, რადგან იმ პერიოდში ის მნიშვნელოვანი ციხე იყო. დღესაც ასეა, თანამედროვე ავღანეთში საკვანძო წერტილი­ ქაბული კი არა, სწორედ ყანდაარის პროვინციაა, ავღანელების საყრდენი ცენტრი. მე-19 საუკუნიდან დედაქალაქი ქაბულში გადაიტანეს, რადგან პაკისტანელებისა და ინდოელების დაპირისპირ­ებისგან მოშორებული ადგილი იყო. ოღონდ საუბარი­ არ არის ახლანდელ ყანდაარზე, სადაც ქართ­ველები მსახურობდნენ, ძველი ყანდაარი ნადირ-შაჰმა 1741 წელს მიწასთან გაასწორა, მერე სხვაგან ააშენა ქალაქი... ისტორიის ამ მონაკვეთში კარგად ჩანს ქართველი მხედრების რაინდული ბუნება. ქართველები დიდნი თუ მცირენი, გლეხკაცი თუ აზნაურიშვილი ერთად იზიარებდნენ მხედრული ცხოვრების სიძნელეებს და ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ.

მირ ვეისის მომხრეთა მუხანათობის გამო ქართველები იძულებული იყვნენ აჯანყებულთა წინააღმდეგ დასჯის სასტიკი მეთოდები გამოეყენებინათ, მაგრამ ბრძოლის ველზე ქართველებისგან არაერთგზის ძლეულმა მირ ვეისმა მუხანათობით მაინც გაიმარჯვა - 1709 წელს მან ყანდაარის ახლოს რამდენიმე სოფლის აჯანყების ინსცენირება მოაწყო, გიორგი მეფე წამოეგო ანკესზე და აჯანყებულთა დასასჯელად ქართველთა 3-ათასკაციანი ჯარი გაგზავნა თავისი ძმისწულის ალექსანდრეს მეთაურობით, თავად კი მირ ვეისის მიერ მის პატივსაცემად გაშლილ პურმარილზე მცირერიცხოვანი ამალით გაემგზავრა, სადაც მეფე ღალატით მოკლეს. მისი მხლებელი ქართველები კი ულმობლად ამოხოცეს...

ამის შემდეგ ქართველთა საომარი ეპოპეა ავღანეთში კიდევ კარგა ხანს გრძელდებოდა, რასაც არაერთი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. სამაგიეროდ, სპარსელებმა ავღანეთში მეომარი ქართველების ღალატისთვის სულ მალე საკუთარი სისხლით აგეს პასუხი, როდესაც მირ ვეისის მემკვიდრეებმა ისფაჰანი აიღეს და უმოწყალოდ ამოჟლიტეს ოდესღაც ძლევამოსილი სპარსეთის იმპერიის სატახტო ქალაქის მოსახლეობა.

თუ მათ ისტორიულ წარსულს გადავხედავთ, "თალიბანი" ნამდვილად არ არის იმ წარსულის ქვეყნის ლოგიკური გაგრძელება. ავღანეთისთვის არცერთი საუკუნე არ ყოფილა ადვილი. მუდმივად უტევდნენ. ავღანეთი მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის მსხვერპლია. ვინც ამ ტერიტორიას აკონტროლებს, მის ხელთაა მთელი შუა აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია. მეოცე საუკუნე ავღანეთისთვის შავი და თეთრი ხაზების რიგითობაა. ასე აეწყო. განათლებას, პროგრესს, რეფორმებს თან სდევდა შუასაუკუნეობრივი სიბნელის, რეგრესის, რეაქციის დაბრუნება. გასული საუკუნის შუახანებში მოჰამად დაუდის მიერ დაწყებული რეფორმები და ცდა, ავღანეთი სსრკ-ის გავლენიდან გამოეყვანა, მარცხით დასრულდა. დაუდიც მოკლეს და მისი რეფორმებიც გაუქმდა.

ხელისუფლებაში პრომოსკოვური ძალები მოვიდნენ, მაგრამ მათი ლოიალურობა კრემლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და 1979 წლის მიწურულს ავღანეთში ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო, რომელსაც "ინტერნაციონალური ვალი" უწოდეს. ავღანეთს ამ გაურკვეველი "ვალის" დაბრუნება არ სჭირდებოდა, მაგრამ ვინ ეკითხებოდა. 1979 წლის ბოლოდან ავღანელებს იარაღი უჭირავთ ხელში. "იმიტომ როდი ვიბრძვი, რომ მიყვარს. ვიბრძვი, რადგან იძულებული ვარ", - უთხრა უცხოელ მკვლევარს ერთმა საველე მეთაურმა. სტუმართმოყვარე ავღანეთი მუდმივმა ომებმა დაუნდობელი გახადა. მისი მოსახლეობის ყოფას ისლამი განსაზღვრავს, იქ ყველაფერი ამ სარწმუნოებას უკავშირდება. ვერც მოჰამად დაუდის ლაიცისტური საზოგადოების შექმნის იდეა გაიგეს და ვერც უპოვრებისთვის მიწების დარიგების მცდელობაც. თუმცა თავიდან თურქეთშიც ძნელად მიმდინარეობდა ათათურქის ინიცირებული ცვლილებები XX საუკუნის 20-30-იან წლებში.

- თუმცა თურქეთში სხვა გარემო იყო.

- დიახ და იქ ქემალიზმმა იმარჯვა, ავღანეთში კი სხვა რეალობა იყო. თუმცა დაუდს რომ დასცლოდა, ქვეყანა შედეგს აუცილებლად მიიღებდა. ისტორიული განვითარების ანალიზს არ უყვარს ალბათობის თეორიით მსჯელობა, მაგრამ ავღანეთი ხომ გამუდმებული ლოდინის ქვეყანაა. XI საუკუნეში ადგილობრივი შაჰები განათლებით, მდიდარი ბიბლიოთეკით ამაყობდნენ. ზუსტად ასი წლის წინ იქ ამანულა-ხანის რეფორმები დაიწყო. მისი ცოლი, დედოფალი სორაია თარზი, პირველი ავღანელი ფემინისტი ქალი იყო, დედამისი კი ალეპოს ე.წ. ჯამიის, ჰალაბ ალ-ქაბირის მუეძინის ქალიშვილი. დედა-შვილი ფემინისტები იყვნენ და ავღანეთში ქალთა უფლებების დასაცავად იბრძოდნენ. სორაიას მამა მაჰმოდ-ბეგი ავღანეთის ერთ-ერთი განმანათლებელი და "ახალგაზრდა ავღანთა" იდეოლოგი იყო. სიმამრმა, სიძემ და ქალიშვილმა ავღანეთს თანამოაზრეებთან ერთად 1919-1929 წლებში დიდი სიკეთე მოუტანეს. ბევრად წინ იყურებოდნენ, ვიდრე მათი თანამედროვე საზოგადოება. თუმცა ბნელმა ძალებმა შეძლეს მოსახლეობის აყოლიება, თითქოს მეფე და დედოფალი ისლამს ებრძოდნენ და საერთაშორისო ტურნეში (ის საქართველოსაც ეწვია) გამგზავრებულ მეფეს აუჯანყდნენ. არადა, მის რამდენიმე ლიდერს რომ დასცლოდა, სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანდა ქვეყანას. მათ ჰქონდათ შანსი აღმოსავლეთში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა გამხდარიყვნენ. თუნდაც 70-იანი წლების მიწურულს ავღანეთში ლიბერალური საზოგადოება ცხოვრობდა. მისი პრეზიდენტი კი დასავლეთისკენ იხრებოდა, რაც საბჭოთა კავშირს არ აწყობდა და ამიტომაც მოაწყო, რაც მოაწყო, მაგრამ იმ კომუნისტებსაც არ ენდო და ომი გააჩაღა ავღანეთთან. ის, რაც დღეს ავღანეთში ხდება, 1979 წლის 25 დეკემბრის გაგრძელებაა. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთი ისევ ცდილობს თავისი გავლენის გაძლიერებას. სხვათა შორის, ლიკვიდირებული პრეზიდენტ ამინის მკვლელობაში სამხედრო ჯგუფი "ალფა" მონაწილეობდა. მისი წევრი იყო იგორ გიორგაძე, რასაც არც მალავს. ასე რომ, ავღანეთი არც ისე შორეულია ჩვენთვის, იქ ქართველებს სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი კვალი აქვთ დატოვებული.

ავღანეთისთვის არცერთი საუკუნე არ ყოფილა ადვილი. მუდმივად უტევდნენ. ეს ქვეყანა მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის მსხვერპლია. ვინც ამ ტერიტორიას აკონტროლებს, მის ხელთაა მთელი შუა აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია. მეოცე საუკუნე ავღანეთისთვის შავი და თეთრი ხაზების რიგითობაა. ასე აეწყო. განათლებას, პროგრესს, რეფორმებს თან სდევდა შუასაუკუნეობრივი სიბნელის, რეგრესის, რეაქციის დაბრუნება. გასული საუკუნის შუახანებში მოჰამად დაუდის მიერ დაწყებული რეფორმები და ცდა, ავღანეთი სსრკ-ის გავლენიდან გამოეყვანა, მარცხით დასრულდა. დაუდიც მოკლეს და მისი რეფორმებიც გაუქმდა.