ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეული - კვირის პალიტრა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეული

"2019 წელს კონკურსში პირველი ადგილი ავიღე და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეული გავხდი. ამავე წლის ბოლოს გამიჩნდა იდეა, ჩვენი ანბანისა და აკანთის ყვავილის ფოთლების ესკიზების სინთეზი შემექმნა და ქართული ანბანის ჩემეული ვერსია გავაკეთე... ამჯერად ანბანის ახალ ვერსიაზე ვმუშაობ," - ამბობს 20 წლის ხელოვანი მარიამ ტეფნაძე, რომლის შემოქმედება უამრავ ადამიანს აოცებს.

- ოთხი წლიდან ვხატავდი. თავდაპირველად სხვისი ნახატების ჩემეულ ვერსიებს ვქმნიდი. მიყვარდა კერვა, ქსოვა, სამკაულების შექმნა, დეკორაციები... დედამ დაახლოებით მეხუთე კლასში გობელენის და ფარდაგების ქსოვაზე მიმიყვანა. მქონდა პერიოდები, როდესაც საერთოდ ვერ ვხატავდი. მინდოდა, მაგრამ რაღაც მუხტი მაკლდა. დაახლოებით ოთხი წლის წინ კი ხატვა აქტიურად დავიწყე.

xelw4-1642374718.jpg

- კალიგრაფიით როდის დაინტერესდით?

- 2016 წელს კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა, რომელიც რუსთავში, სკოლა "ლაზარეში" ტარდება. თავდაპირველად მეორე ტურამდე მივედი, შემდეგ - ფინალურ ტურშიც გავედი, 2019 წელს კი პირველი ადგილი ავიღე და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეული გავხდი. ამავე წლის ბოლოს გამიჩნდა იდეა, ჩვენი ანბანისა და აკანთის ყვავილის ფოთლების ესკიზების სინთეზი შემექმნა.

კონკურსების შემდეგ კალიგრაფთა ჯგუფი შევქმენით და 2020 წლის 29 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მხატვრული კალიგრაფიის გამოფენა მოვაწყვეთ.

როცა მუზეუმებში ხელნაწერებს ვხედავდი, ფურცლების ფაქტურა ძალიან მომწონდა. გადავწყვიტე ახალი ფურცლები თვითონ დამეძველებინა. ამისთვის სხვადასხვა ტექნიკა მოვიფიქრე მცენარეებით, ხის მერქნით...

- როგორც ვიცი, განსაკუთრებული სამოსით იმოსებით..

- სულ სხვანაირი შეგრძნებაა, როდესაც შენს შექმნილ სამოსს იცვამ. როდესაც ჩემი შეკერილი კაბით გარეთ გავედი, ხალხისგან უამრავი კომპლიმენტი მივიღე, ამის შემდეგ კაბების მოძებნა მეორეული ტანსაცმლის მაღაზიებში დავიწყე. სხვადასხვანაირ ვინტაჟურ სამოსს ვეძებდი, ვპოულობდი და მთლიან ლუქს ჩემი იდეებით ვაწყობდი.

xelw3-1642374718.jpg

სიძველეების მიმართ ჩემი ინტერესი ფილმებმა გამოიწვია, სადაც მდიდრული სამოსი ეცვათ, მეჯლისები ტარდებოდა. სულ მინდოდა, იმ ეპოქაში მეცხოვრა. ზოგჯერ ამ საუკუნეში თავს ისე არაკომფორტულად ვგრძნობ, მგონია, ჩემი ადგილი ასწლეულების წინ იყო. სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებიც ასევე დაინტერესებულნი იყვნენ სიძველეებით. დავმეგობრდით და სამომავლოდ, “მეჯლისის” მოწყობას ვგეგმავთ. მხოლოდ ერთი დღითაც რომ ავისრულოთ ოცნება და სხვა საუკუნეში გადავინაცვლოთ, ძალიან გავიხარებთ.

ორი წლის წინ ფოტოგრაფ ლუკა შერმადინს დავუმეგობრდი და ფოტოგადაღებაც დავგეგმეთ.

xelw2-1642374718.jpg

- როგორია თქვენი დღევანდელობა?

- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ვქსოვ, ვკერავ, ვხატავ, დეკორაციებს ვამზადებ... ვმუშაობ ანბანის უფრო დახვეწილ ვერსიაზე. რადგან ბევრი შეკვეთა მაქვს, ხშირად ვერ ვიცლი, რომ საკუთარ ნამუშევრებზე ვიმუშაო. მომავალში კი პერსონალური გამოფენის მოწყობას ვაპირებ.

TOP.GE