"6 წელია, ქუჩაში ვარ. 9 ბინა გამოვიცვალე. ამ გადასვლა-გადმოსვლაში ბევრი ნამუშევარი დაიკარგა. ჩარჩოების ყიდვაზე ვოცნებობ" - კვირის პალიტრა

"6 წელია, ქუჩაში ვარ. 9 ბინა გამოვიცვალე. ამ გადასვლა-გადმოსვლაში ბევრი ნამუშევარი დაიკარგა. ჩარჩოების ყიდვაზე ვოცნებობ"

თბილისის უძველეს უბანში, ავლაბარში, ცხოვრობს ქალი, რომლის შემოქმედებაზეც ამბობენ, რომ მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. ის ფერწერულ ტილოებს ფრინველის ბუმბულით ქმნის. მხატვარს, ფერმწერსა და კერამიკოსს, ქალბატონ ლია ბარნაბიშვილს, წელს 86 წელი შეუსრულდა. წლებია, რაც უსახლ­კაროდ დარჩა. მოტყუებული, გაძარცული, შეურაცხყოფილი და მიტოვებული ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და ისევ სიყვარულითა და სითბოთი გადმოაქვს ღვთისგან ბოძებული ნიჭი ბუმბულით მუყაოზე. ანტონ ჩეხოვის ქუჩა, ნომერი 10... ჭიშკარი სანდომიანმა ქალმა გამიღო და დიდი სითბოთი შემიპატიჟა. ბინაში შესულს უკნიდან ხმა მესმის: "გმადლობთ, რომ გაგახსენდით და მესტუმრეთ. სტუმრები ძალიან მიყვარს, მაგრამ ხშირად ვერ ვეპატიჟები, რადგან ჩემთან ძალიან ცივა".…

- ქალბატონო ლია, სიტყვები არ მყოფნის, ისეთ სილამაზეს ვუყურებ. ამ პირობებში როგორ მუშაობთ?

- ამ სილამაზეს სიყვარული მაკეთებინებს. ხანდახან მშია, პურის ფულიც არა მაქვს... რატომ უნდა მშიოდეს და მციოდეს, განა ისეთი არაფერი გამიკეთებია, ასე რომ არ ვიყო? მაგრამ არ ვტყდები, მხოლოდ ჩემს ნამუშევრებზე ვფიქრობ. მე ბუმბული დავიმორჩილე. რომ დავიწყებ ხოლმე მუშაობას, აღარც შიმშილი მაწუხებს და აღარც სიცივე.

naxati2-1642375328.jpg

- რამდენი წელია, რაც ამ პირობებში ხართ?

- 6 წელია, რაც ქუჩაში ვარ. 9 ბინა გამოვიცვალე. ამ გადასვლა-გადმოსვლაში ბევრი ნამუშევარი დაიკარგა. ამწუთას 30 ახალი ნამუშევარი მაქვს. ჩარჩოების ყიდვაზე ვოცნებობ.

ერთი წელიც არაა, რაც აქ ვცხოვრობ და უკვე ყველა მიცნობს. ყველა მეფერება... ზედა სართულს ხშირად უცხოელები ქირაობენ, მეპატრონეს ხშირად ჩამოჰყავს ჩემთან და გაოცებას ვერ ფარავენ. თუ გამიმართლა და რომელიმე ნამუშევარი იყიდეს, ბედნიერი ვარ, საჭმლისთვის ცოტა ხანს მყოფნის.

ერთხელ (მაშინ მარჯანიშვილზე ვცხოვრობდი) ახლობელმა მომიყვანა უცხოელი ცოლ-ქმარი. კაცი მაკკეინის თანამებრძოლი, გენერალი აღმოჩნდა. ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ მითხრა, აქედან იმდენად დიდი სიყვარული მიმაქვს, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მარტო იმიტომ ღირდა საქართველოში ჩამოსვლა, თქვენ გამეცანითო.

naxati5-1642375328.jpg

მეუბნებიან, საზღვარგარეთ მილიონერი იქნებოდიო. მე არ ვეთანხმები, ჩემთვის ჩემი ხალხის სიყვარული უმთავრესია. აქ რასაც ხედავთ, ყველასია.

- თითოეულ ნამუშევარზე რამდენი დრო გჭირდებათ?

- ხან ერთი კვირა მჭირდება, ხან კი შეიძლება ერთი ამოსუნთქვითაც გამომივიდეს. ბუმბულს მუყაოზე სათითაოდ ვაწყობ. ძალიან შრომატევადი საქმეა, მაგრამ შედეგს რომ ვხედავ, სიხარულისაგან ვტირი.

ბავშვობიდან სულ ფანქარი მეკავა ხელში და სულ რაღაცას ვჯღაბნიდი. მე-8 კლასში სკოლას მივანებე თავი და ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში დავიწყე სწავლა. იმ ხუთ წელიწადში ისე შევიყვარე მხატვრობა, თავი ვეღარ დავანებე. განსაკუთრებით ფერი შევიყვარე. მე-5 კურსზე დიპლომის დაცვის დღეს ბატონი უჩა ჯაფარიძე გვეწვია და როცა ჩემი ნამუშევარი ნახა, თქვა, ამას აკადემია რად უნდა, უკვე დამთავრებული მხატვარიაო. ამის შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე კერამიკის განხრით, მაგრამ მერე აკვარელი შემიყვარდა. იცით კლასიკური აკვარელი როგორია? ტონი თხელია, ნელ-ნელა ამატებ ზემოდან და ისე აძლევ ფორმას. ეს დიდი შრომაა.

ერთხელ ჩემმა შვილმა და მისმა მეგობრებმა ჯანდარის ტბიდან იხვები ჩამოიყვანეს. მე ბუმბული გავაცალე და ლარნაკში ჩავაწყვე. ძალიან ლამაზი იყო. იმ ღამეს რაღაც მოხდა, თითქოს მომნუსხა ბუმბულმა. მაშინ პირველად გავაკეთე ხეები, დაბლა ყავისფერი ტონი დავადე, ზევით ცისფერი ღრუბლებიც მივუხატე. მერე ჩარჩოში ჩავსვი და ამის მერე აღარც გავჩერებულვარ. ბუმბულმა დამიპყრო! დაახლოებით 20 წელია 1000-მდე ნამუშევარი მაქვს გაკეთებული. უმეტესობა საზღვარგარეთ წაიღეს. ყოფილა შემთხვევა, როცა გამოფენიდან გამქრალა ნამუშევარი, რაც ძალიან მადარდიანებდა.

naxati3-1642375328.jpg

- მიუხედავად ამ პირობებისა, მაინც ახერხებთ გამოფენების გამართვას?

- დიახ, არაერთი გამოფენა მქონდა. ხშირად სკოლის ბავშვები მოჰყავთ. მეუბნებიან, ბავშვებს ასწავლე ბუმბულით მუშაობაო. როგორ არ ვასწავლი, მაგრამ ასეთი ფერთა გამა თუ სულში არ გაქვს, რთული იქნება ამის ახსნა. ერთხელ სახელმწიფო მუზეუმში მქონდა გამოფენა და აფხაზეთიდან ჩამოსულმა ქალმა აი, ამ ლექსით მომმართა: "ბუმბულებს ენა ჩავუდგი, ბუმბულის ყელის დარადა,/ავკინძე, ავამეტყველე, ქართველთა გასახარადა,/ღმერთო, გვიკურთხე ელენე, აცოცხლე აწ და მარადა!“

- თქვენი ყველაზე დიდი სურვილი...

- მინდა პატარა სახელოსნო მქონდეს, სადაც დავდგამ მაგიდას, საწოლსა და სკამს, გარშემო კი მხოლოდ ბუმბული იქნება. ვფიქრობ, რაღაც განსაკუთრებულს შევქმნი.…

რუსუდან შაიშმელაშვილი