"ცუდია, რომ ამ ნატვრას ვეღარ ავისრულებ..." - კვირის პალიტრა

"ცუდია, რომ ამ ნატვრას ვეღარ ავისრულებ..."

მსახიობმა მარინა კახიანმა ქართულ თეატრსა და კინოში არაერთი საინტერესო სახე შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა თეატრების სცენაზეც უთამაშია, აღიარებს, რომ მისი ერთად­ერთი და ნამდვილი სიყვარული რუსთაველის თეატრია: "ეს თეატრი მართლა ჩემია, თითქოს ჩემი ნაწილია. მე მტკივა ამ თეატრის ყველა ტკივილი და ბედნიერი ვარ მისი წარმატებით", - ამბობს ქალბატონი მარინა, რომელიც თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვესაუბრება:

- საიდან დაიწყო ჩემი გატაცება თეატრით?

- არც მახსოვს, ალბათ, მაშინ, როცა სულ პატარა ვიყავი. დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ხელოვანების ოჯახში გავიზარდე: მამა დირიჟორი და კომპოზიტორი გახლდათ, დედა - მომღერალი, რომელმაც ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დათმო სცენა და თავი ოჯახს მიუძღვნა. მე აღარ მახსოვდა, მაგრამ მიყვებოდნენ, რომ 3 წლის ასაკში წამიყვანეს ოპერისა და ბალეტის თეატრში. შინ რომ დავბრუნდით, თურმე სიცხე მომცა, ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე სპექტაკლმა.

როგორც კი წამოვიზარდე, ცეკვამ გამიტაცა და ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემიყვანეს. სწორედ ამ სასწავლებლიდან მოვხვდი გიორგი შენგელაიას შესანიშნავ მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდიები" - იქ რამდენჯერმე ვჩანვარ კადრში. ძალიან გამიმართლა: ვახტანგ ჭაბუკიანი, რომელიც ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, მერე ჩემი პირადი პედაგოგი გახდა. თავიდანვე შევეჩვიე ამ ჯადოსნურ სამყაროში ყოფნას და პროფესიაც სწორედ მაშინ ავირჩიე.

- საქართველოში მსახიობობა ნიშნავს, რომ ცოტა იდეალისტიც უნდა იყო და შენი საქმე უზომოდ გიყვარდეს.

- ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები მსახიობი იდეალისტი უნდა იყოს. ქართველ მსახიობებს მე განსაკუთრებულ პატივს ვცემ: მათთვის ეს პროფესია კიდევ უფრო ძვირფასია, ვიდრე ზღვებისა და ოკეანეების იქით მცხოვრები ჩვენი კოლეგებისთვის,­ სადაც მსახიობის ანაზღაურება გაცილებით მეტია. ამიტომ ქართველი მსახიობების საქმიანობა ორმაგად დასაფასებელია - ისინი ყველაფერს საკუთარ ხალხთან ერთად განიცდიან. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობამ რაც გადაიტანა, მსახიობებმაც გადაიტანეს. მეც გამოვსულვარ სიფრიფანა კაბით გაყინულ დარბაზში, სადაც მაყურებელს პალტოები ეცვა. გვითამაშია ისეთ დარბაზებში, სადაც შუა სპექტაკლის დროს შუქი ჩამქრალა, მაგრამ ბოლოს მაყურებლის ოვაცია და სიყვარული ყველაფერს გავიწყებს!

- რას ნიშნავს თქვენთვის რუსთაველის თეატრის მსახიობობა?

- მე სხვა თეატრებშიც მითამაშია, ყველას თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ რუსთაველის თეატრი ჩემთვის სულ სხვაა. მისი შენობაც კი განსაკუთრებულია, რომ არაფერი ვთქვათ უდიდეს ისტორიაზე.

- რა როლს ასრულებს მსახიობის ცხოვრებაში გარეგნობა ან რეჟისორის სიმპათია?

- გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან კარგი გარეგნობის გამო შეიძლება მსახიობმა როლი ვერ მიიღოს. ძალიან ბევრი ლამაზი მსახიობი მინახავს, რომელიც სცენაზე დაკარგულა, ნაკლები გარეგნობის მქონეს კი სცენაზე საოცარი ეფექტი ჰქონია. რაც შეეხება რეჟისორებს, ისინიც ადამიანები არიან და შეიძლება რომელიღაც მსახიობს უპირატესობას ანიჭებდნენ. გააჩნია, რეჟისორი ვისთან უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ხანდახან რეჟისორი 2-3 სიტყვას გეტყვის და უკვე იცი, როგორ ითამაშო. შემოქმედებითი პროცესის დროს სხვანაირი თანხვედრაა საჭირო.

- ბევრ დიდ მსახიობთან ერთად გითამაშიათ, ვინ იყო მათ შორის გამორჩეული პარტნიორი?

- იმდენ შესანიშნავ მსახიობთან მომიწია მუშაობამ, ვინმეს გამოყოფა გამიჭირდება. 1980-1990-იან წლებში რუსთაველის თეატრში "ოქროს თაობის" არაერთი მსახიობი თამაშობდა. რეპეტიციებზე, გასტროლებზე თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მათთან კონტაქტი ცალკე სპექტაკლი იყო. გული მტკივა, ამ სცენაზე რომ ვეღარ ვხედავ ორ უძვირფასეს ადამიანს - კახი კავსაძესა და მარინა ჯანაშიას, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. ახლახან უდიდესი ელდა იყო ნიკა ქაცარიძის გარდაცვალება - ის ჩემი კოლეგა და უმცროსი მეგობარი იყო. ნიკამ უაღრესად საინტერესო როლები შექმნა თეატრში, ტელევიზიაში, რამდენიმე სპექტაკლში პარტნიორები ვიყავით და გული მტკივა, რომ რუსთაველის თეატრს ასეთი ნიჭიერი მსახიობი დააკლდა.

kaxiani2-1642375672.jpg

მთელი დღე რეპეტიციაზე ვიყავით, ახალ სპექტაკლზე ვმუშაობდით. სულ იმეორებდა, თქვენ არ იცით, რა ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ასეთი შვილები და მეუღლე მყავს და იმ თეატრში ვთამაშობ, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდიო. მეორე დილას რეპეტიციაზე მივედით და საშინელი ამბავი გავიგეთ - ნიკას გულმა უმტყუნაო.

- ბოლოს ისეთი შეკითხვა უნდა დაგისვათ, რომელსაც თითქმის ყველა მსახიობს უსვამენ: თქვენი საოცნებო როლი რომელია?

- რამდენიმე საოცნებო როლი მართლაც მქონდა, რომელთა შესრულებას ბავშვობაში და მერე სტუდენტობაშიც ვნატრობდი. ცუდია, რომ ამ ნატვრას ვეღარ ავისრულებ, რადგან ვფიქრობ, ეს როლები ახალგაზრდებმა უნდა შეასრულონ. ძალიან მინდოდა მეთამაშა ანტიგონე და ტოლსტოის კატიუშა მასლოვა, ჟანა დ'არკიც მომწონდა. რაც ჩემთვის შესაფერისი და მისაღები იქნება, ყველა როლს დიდი სიამოვნებით შევასრულებ - რატომაც არა?!

ხათუნა ჩიგოგიძე