"3+3"-ის ფორმატი, რომლის სახელწოდებიდანაც კარგად ჩანს, რომ მასში სამი მგელია და სამი ცხვარი..."
უკრაინის ირგვლივ შემქნილი რთული ვითარება, აშშ-რუსეთისა და ნატო-რუსეთის შეხვედრები, გლობალური უსაფრთხოება და საქართველო რეგიონის გეოპოლიტიკურ კონტექსტში - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ექსპერტ გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ.
- რუსეთი გამუდმებით მოუწოდებს საქართველოს შეუერთდეს "3+3"-ის პლატფორმას, რაც რეალურად "3+2"-ია, რადგან საქართველო მასში გაწევრებას არ აპირებს. "თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ვთხოვეთ საქართველოს "3+3"-ის ფორმატის სარგებელი აუხსნას - საქართველოს ინტერესშია, რომ "3+3"-ის ფორმატს წინა პირობების გარეშე შეუერთდეს", - განაცხადა ამ ორიოდე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
- რუსეთს კარგად ესმის, რომ მისი გავლენის სფეროში საქართველოს პირდაპირი ინტეგრაცია დღეს მისთვის შეუძლებელია, ამიტომ ცდილობს იმავე შედეგს ბუფერული სისტემის მეშვეობით მიაღწიოს. ამისთვის სჭირდება "3+3"-ის ფორმატი, რომლის სახელწოდებიდანაც კარგად ჩანს, რომ მასში სამი მგელია და სამი ცხვარი...
თუ რუსეთისა და თურქეთის ინტერესები რეგიონში ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აშკარა და ცხადია, აბსოლუტურად გაუგებარია ამ სივრცეში ირანის მონაწილეობა. ეს ქვეყანა საერთოდ რა შუაშია? აქ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. მით უფრო, რომ რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან, რაღაც ინტეგრაციული პროცესის დაწყება, თუნდაც ამას მხოლოდ ეკონომიკური განზომილება ჰქონდეს, ყოვლად მიუღებელია. ლავროვის განცხადებიდანაც ჩანს, რომ რუსეთი ცდილობს არა პირდაპირ დაარწმუნოს საქართველო, არამედ ისეთი ქვეყნების საშუალებით, რომელთაც მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობა აქვთ ჩვენთან. საქმე საკმაოდ რთულად არის რეგიონში, რომლის ნაწილიც ხარ, როდესაც ასეთი სისტემები იქმნება, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა არ არის იოლი. ეს, ფაქტობრივად, მაფიოზური წინადადებაა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს, რომ საქართველო აიძულონ ამ სისტემაში მონაწილეობაზე, თუ ჩვენ მანამდე ვერ შევძლებთ დასავლეთიდან ფარისა და დაცვის მიღებას. ამიტომ არის საჭირო ფორსირებულად დასავლეთის საქართველოში ყოფნის ფიქსაცია, რათა თავდასაცავად მეტ-ნაკლებად სერიოზული ქოლგა გვქონდეს. ჩემი აზრით, შესაძლო კატასტროფული სცენარებიდან საქართველოს დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში ყოფნას ფიზიკურად დააფიქსირებს. არ ვამბობ, რომ ნატოში ხვალ უნდა მიგვიღონ, ეს, ალბათ, შეუძლებელია, რადგან იქ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ძალიან რთულია, თუმცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია, თუნდაც სიმბოლური ნაბიჯის გადადგმა მცირე სამხედრო ბაზის ან რაიმე სხვა სახით. საქართველოში თუნდაც აშშ-ის ყოფნის ფიზიკური დაფიქსირება შესაძლოა მძლავრი ბერკეტი გახდეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. თუ დასავლეთმა ასე გააგრძელა, აი, კარი ხომ ღიააო, მაგრამ ვერ შევდივართ, მაშინ რისკები ძალიან მაღალი იქნება.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაც ვერ გამოიყურება ამ ვითარებაში დიდად წელში გამოყვანილად. ისე ჩანს, რომ ჩვენი სახელისუფლებო ელიტა ასეთ პოლიტიკას ატარებს - დიდი ქვეყნები ერთმანეთში რაღაცას იყოფენ, ჩვენ მივყვეთ დინებას და სადაც გაგვრიყავს, იქ ვიქნებითო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს ფასეულობათა მწყობრი სისტემა, ეს სახიფათო ვითარებას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად მუდმივად გამოხატავენ, რომ ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, ჩვენში მმართველობითი სისტემა ისეა ფორმირებული, რომ მათ განცხადებებში შეიძლება ეჭვი შეიტანო, რადგან დღეს ქვეყანაში ეს სისტემა რუსულ მოდელზე უფროა აწყობილი, ვიდრე დასავლურზე. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც იბრძოლებს ამ არჩევნისთვის. აგერ უკრაინაში ასეთი მძიმე ვითარების დროს, როდესაც კარგად გვესმის, რომ ჩვენი ბედიც დამოკიდებულია დიდწილად იმაზე, რაც იქ მოხდება, ჩვენი ხელისუფლების ამ მიმართულებით პასიურობა ძალიან მძიმე დასკვნების საფუძველს იძლევა და ადასტურებს იმ შიშს, რომელზეც ვილაპარაკე. გააგრძელე კითხვა