როგორ შეიძლება "დოქების" უფუნქციოდ ყოფნა? ქართულ ტრადიციებში დოქები ხომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ - რით ვერ გავყიდეთ "რიყის დოქები"? - კვირის პალიტრა

როგორ შეიძლება "დოქების" უფუნქციოდ ყოფნა? ქართულ ტრადიციებში დოქები ხომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ - რით ვერ გავყიდეთ "რიყის დოქები"?

რიყის დოქების აუქციონები მხატვრულ ფილმ "ფორსაჟს" მოგაგონებთ - კაცმა არ იცის, დასასრული როდის ექნება. 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე სახელმწიფომ რიყის დოქების გასაყიდად 5 აუქციონი უკვე ჩაატარა, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაყიდა.

თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფომ აუქციონზე 2020 წლის 5 თებერვალს გაიტანა, მაშინ ობიექტი 95 მლნ ლარად იყიდებოდა, თუმცა ვერ გაიყიდა. წარუმატებელი აღმოჩნდა მეორე აუქციონიც, რის შემდეგაც სააგენტომ "დოქების" გასაყიდი ფასი 71,250 მლნ ლარამდე შეამცირა. სააგენტოს "რიყის დოქები" ბოლოს - 47,5 მლნ ლარად 2021 წლის მაისში ჰქონდა გამოტანილი, თუმცა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა და დაუმთავრებელი "რიყის დოქები” ისევ ვერ გაიყიდა. უკანასკნელი აუქციონი სახელმწიფომ გასული წლის 29 დეკემბერს გამართა. ბოლო აუქციონზე "რიყის დოქების" ღირებულება კიდევ უფრო შემცირებული იყო და 30 მლნ ლარს შეადგენდა, თუმცა ვერც ამ ფასად გაიყიდა.

სხვას, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ "დოქების" მშენებლობა სახელმწიფოს 2013 წელს 75 მლნ ლარი დაუჯდა. როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოზე, ვგულისხმობთ იმას, რომ ეს 75 მილიონლარიანი შენობა გადასახადების გადამხდელებმა შექმნეს. გადასახადს კი ქვეყანაში ყველა იხდის. შესაბამისად, სახელმწიფომ ხალხის ფულით ააშენა "დოქები", რომელიც უკვე 9 წელია, უფუნქციოდაა და არანაირი ეკონომიკური სარგებელი ქვეყნისთვის არ მოაქვს. ჯერჯერობით ეს ყველაფერი წყალში გადაყრილ 75 მლნ. ლარს ჰგავს.

"დოქების" აუქციონები მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკის ნაწილია. სახელმწიფომ 2020-2021 წლებში პრივატიზაციის "აქტიურ" პოლიტიკას მიმართა, რომლის დროსაც, მთელი რიგი აქტივები გასაყიდად გამოიტანა, მათ შორის, "რიყის დოქებიც". მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, პრივატიზაცია სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების გასხვისებას კარძო მესაკუთრეებზე გულისხმობს, ამ ყველაფერს კი ერთი დადებითი ეფექტი აქვს, უფრო კონკრეტულად, ის, რომ მესაკუთრეები ამ აქტივებს გამოიყენებენ და კეთილდღეობის დონეს გაზრდიან, რაც, საბოლოოდ, ეკონომიკის ზრდაზეც აისახება.

ცხადია, მსოფლიოში პრივატიზაციის უამრავი ფორმა არსებობს, მაგრამ ჩვენმა სახელმწიფომ ისეთი აირჩია, რომელიც საერთოდ არაა ეფექტიანი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, ეს კი ქონების ფულზე გაყიდვას გულისხმობს. ალბათ, ყველამ კარგად იცის, რომ რაც უნდა "ეკონომიკის დუღილზე" ისაუბრონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოში სიღარიბე, ტრადიციულად, მაღალ დონეზეა. შესაბამისად, ადამიანებს ქვეყანაში თავიანთი პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც კი უჭირთ. მაგალითად, ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 524 598 ადამიანი იყო. არსებობს სხვა სტატისტიკაც, რომელიც ასევე მძიმე სურათს გვაძლევს, მაგრამ, ალბათ, ეს მონაცემებიც საკმარისია ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის აღსაწერად.

ყველაზე კომიკური, ალბათ, ისაა, რომ სახელმწიფომ ხალხის ფულით ააშენა "რიყის დოქები" და შემდეგ უნდა, რომ ეს ქონება ისევ ხალხს მიჰყიდოს, თანაც - სოლიდურ თანხად. როგორც უკვე ვახსენეთ, მეხუთე აუქციონზეც არაფერი გამოვიდა, რაც გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ფულზე პრივატიზაცია ქვეყანაში არ ამართლებს. სამწუხაროდ, ეკონომიკის სამინისტროში ჰგონიათ, რომ თუ ასეულობით მილიონი ლარის ქონებას გაყიდიან, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს ზღვაში წვეთია, რადგან სახელმწიფოს ხელში ახლა ასეულობით მილიარდი ლარის ქონებაა, რომელიც გამოუყენებელია. ამიტომ, წელიწადში 100 მლნ ლარის ქონების გაყიდვა საერთოდ არაფერს ნიშნავს.

გამოსავალი უფასო პრივატიზაციაშია, სადაც ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ გარკვეული ქონების მესაკუთრე გახდეს. მათ შორის, უფასო პრივატიზაცია უნდა განხორციელდეს "რიყის დოქების" შემთხვევაშიც. სქემა მარტივია: მოქალაქეებს ურიგდებათ სპეციალური საპრივატიზაციო ფული უფასოდ. ისინი იღებენ ამ საპრივატიზაციო ფულს და აუქციონზე ყიდულობენ ამა თუ იმ ქონებას. "რიყის დოქების" შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ მოქალაქეებმა შეიტანონ თავიანთი წილი საპრივატიზაციო ფული აუქციონზე და ამ აქტივის აქციონერები გახდნენ. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, იმ შედეგს მოგვიტანს, რომ "რიყის დოქებს" ეყოლებათ აქციონერები, რომლებიც შეძლებენ მის გამოყენებას, ინვესტიციების მოზიდვას და ასე შემდეგ. უტრირება რომ მოვახდინოთ, ზოგიერთი საერთაშორისო გიგანტი სწორედ ამ მოდელით იმართება, რომელსაც უამრავი აქციონერი ჰყავს.

იქამდე, სანამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება არ მოხდება, ქვეყანა მუდმივად ასეთ წრეზე ივლის. "დოქების" აუქციონი კი კიდევ ჩატარდება, ალბათ, იქამდე, სანამ მისი ღირებულება "კაპიკები" არ გახდება. არადა, როგორ შეიძლება "დოქების" უფუნქციოდ ყოფნა? ქართულ ტრადიციებში დოქები ხომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ და სულ მოქმედებაში იყვნენ?

ნოდარ სირბილაძის ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს